მამუკა მდინარაძე: არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში

  • 19 მაისი 21:35

„საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე მადლობას უხდის საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ გარკვეულ პროვოკაციებს:

„საზოგადოებამ რეალურად ნახა, რომ დღეს არჩევნები იყო მშვიდ ვითარებაში, იმის მიუხედავად, რომ მედია საშუალებების გარკვეული ნაწილი ცდილობდა სხვაგვარად წარმოეჩინა დღევანდელი დღე, თუმცა არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად.

არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო ეს კანონის ფარგლებში. კარგად იმუშავეს როგორც სამართალდამცავებმა, ისე ჩვენმა წარმომადგენლებმა. კანონის ფარგლებში მათ შეძლეს ყველა პროვოკაციის თავიდან აცილება.

დიდი მადლობა, ასევე, უნდა გადავუხადოთ დამკვირვებლებსაც, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ ყველაფერში და ასევე მადლობა საზოგადოებას, რომლის წარმომადგენლებიც არ წამოეგნენ ამ პროვოკაციებს.

ჩვენ პროგნოზის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ იქიდან გამომდინარე, რომ მართალია ჩვენი მონაცემებით ჩვენი ყველა კანდიდატი დამაჯერებლად ლიდერობს და ამ შემთხვევაში ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საათში გვექნება გაცილებით უფრო მყარი მონაცემები, გაცილებით უფრო რეალური მონაცემები, რასაც მყისვე ვაცნობებთ საზოგადოებას თქვენი მეშვეობით“, - განაცხადა მდინარაძემ.