სულხან სალაძე: შემაშფოთებელია მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს

  • 19 მაისი 21:08

საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის.


„შენარჩუნდა დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენცია: დაძაბული გარემო ზუგდიდის ოლქში და ამომრჩევლის ნების კონტროლი, ყველა სხვა ოლქის მასშტაბით, რომელიც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა. ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინციდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში, ასევე, აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს. განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა, Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას“, – განაცხადა სულხან სალაძემ.


მისივე თქმით, საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, კვლავ არსებობს ტექნიკური პრობლემები, რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, ორ უბანში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი.


სალაძის განცხადებით, საია-ს დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.


საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა, რომ უნდა იყვნენ „შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე“.