მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უვნებლად ჩამოიყვანეს

  • 18 მაისი 20:34

სამთო მაშველებმა 80 მეტრის სიმაღლეზე სადენებს წამოდებული პარაპლანისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. ამის შესახებ ,,პირველს" საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ყაზბეგი-გუდაურის მონაკვეთზე, ხევის მიმდებარედ, პარაპლანით მფრინავი 2 ტურისტის საფრენი აპარატი სადენებს შორის მოხვდა და იქიდან თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდნენ.


შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა ყაზბეგის სამთო-სამაშველო ჯგუფი, რომელმაც ადგილობრივებთან ერთად, სამაშველო თოკებისა და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.


სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად მზად იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.


ტურისტები თავს კარგად გრძნობენ. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", - აცხადებენ უწყებაში.