ავტობუსში დაბადებულ გოგოს კომპანიამ 18-წლიანი ულიმიტო აბონემენტი აჩუქა

  • imedinews.ge
  • 18 მაისი 19:51

საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Flixbus-ის რეისზე დაბადებულ გოგოს 18-წლიანი ულიმიტო აბონემენტი გადაეცა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

შემთხვევა ბარსელონა-ბრიუსელის მარშრუტის რეისზე მიმავალ ავტობუსში, საფრანგეთის ტერიტორიაზე მოხდა. 


„პარიზიდან 40 კილომეტრში ვიყავით, როდესაც მგზავრი მოვიდა და გვკითხა, როდის ჩავალთ ბრიუსელში. აღმოჩნდა, რომ მისი მეუღლე მშობიარობდა. ავტობუსი უახლოეს გაჩერებამდე მივიყვანე, ჩემი კოლეგა კი საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა. ავტობუსში მყოფ მგზავრებს გამოვუცხადე, რომ ერთ-ერთი მგზავრი მშობიარობს და ექიმების მოსვლის შემდეგ დანარჩენი მგზავრები გაჩერებაზე ჩავიყვანე“, - ამბობს ავტობუსის მძღოლი გიიომი.


ექიმები ავტობუსში ავიდნენ, ნახევარ საათში კი ავტობუსიდან ახლად დაბადებული გოგო და მისი დედა გამოიყვანეს და უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.


კომპანიის ინფორმაციით, ავტობუსი გაჩერებაზე 3:30 საათზე გაჩერდა, გოგო სახელად ზენეპი კი 3:42 საათზე დაიბადა.


გერმანიაში ბაზირებული Flixbus-ი 28 ქვეყანაში ოპერირებს და არსებობის მანძილზე 300 ათასი მიმართულებით 100 მილიონზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, თუმცა ასეთი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge