ლევან ნატროშვილი: სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკი არსებობს - იმედია, ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა

  • 18 მაისი 15:30

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განუცხადეს, შეხვედრაზე წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი საფრთხეები განიხილეს. მათი ინფორმაციით, საუბარი შეეხო ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს და იმ რისკებს, რაც აღნიშნულ ოლქში შესაძლოა წარმოიქმნას.


როგორც ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა განუცხადა, მოსალოდნელია, რომ #67 საარჩევნო ოლქში ყველაზე მეტი ადამიანი მოიყრის თავს, როგორც დამკვირვებლების, ასევე აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენელთა მხრივ. მისი თქმით, ეს კონფრონტაციის მაღალ რისკს ქმნის.


„ამ შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენი საჩივარია დარეგისტრირებული ამ ეტაპზე და რას ეხებოდა ეს საჩივრები. მათი ინფორმაციით, აღნიშნული საჩივრები არ ეხებოდა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ რიცხვების შესახებ, რომლებიც გვაქვს დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების კუთხით. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იქნება ამ არჩევნებზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აზრით, დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა 80% ზუგდიდში იქნება კონცენტრირებული. იმ რისკებზე ვისაუბრეთ, რაც ახლავს ამდენი ადამიანის კონცენტრაციას პატარა საარჩევნო ოლქში. სერიოზული რისკი და გამოწვევაა. როცა ამ რაოდენობას ვუყურებთ, ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა იყოს პრობლემა როგორც საარჩევნო უბანზე საკმარისი ფართის არარსებობის, ისე განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის კონფრონტაციის კუთხით.


ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ამ რისკების გააზრება მათ მიერაც ხდება. ვიცით, რომ პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავთ მობილიზებული, რომლებიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იდგებიან და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ჩაერთვებიან. სიტუაციის გამწვავების საკმაოდ მაღალი რისკები არსებობს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა, რათა ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეს," - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.