ირაკლი ჩიქოვანი: სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის

  • 17 მაისი 15:41

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული გეგმები აქვს.


„მინდა მოგმართოთ ზუგდიდის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით. ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს და იმარჯვებს დამაჯერებლად. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და „რუსთავი 2“-საც, თუმცა ამას არ აქვეყნებენ. აქ ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის.


ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისთვის განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან მიმართებაში.


სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომლებიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას.


ისინი თითიდან გამოწოვილი მიზეზით შეეცადნენ, დესტრუქცია შეეტანათ ამ კომისიის მუშაობაში და, შესაბამისად, შეექმნათ პრობლემები საარჩევნო პროცესისთვის. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის რამდენიმე ათასი, 5 ათასი დამკვირვებელი და 3 ათასი მათგანი, დაახლოებით, სხვადასხვა საფარქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებში.


ნათელი არის ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა, იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“. - აღნიშნა ჩიქოვანმა.


ჩიქოვანმა ზუგდიდელებსაც მიმართა და მოუწოდა სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, ასევე, მოუწოდა, ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს.


„სამწუხარო ფაქტია ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებულები არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ მათ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არჩევნების მიუხედავად, არჩევნების ბატალიების მიუხედაევად, იმოქმედონ ყველა იმ პროცედურების გათვალისწინებით, რომელიც არსებობს და არის გაწერილი საქართველოს კანონში.


ფაქტია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მშვიდი არჩევნები არ სურს, ამას თითოეული თქვენგანი კარგად ამჩნევს, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს აქტივისტებს, აბსოლუტურად ყველა ზუგდიდელს, რომ მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს.


ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები და ზუგდიდში ზუგდიდელებმა უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და ზუგდიდელებმა უნდა ავირჩიოთ ჩვენი მერი.


მათგან განსხვავებით, თქვენ კარგად ხედავთ, რომ ჩვენ გვქონდა კამპანია შინაარსიანი, კამპანია, რომელიც ზუგდიდელებზე იყო ორიენტირებული და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი არც აგრესიაზე, არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ვინმეს შეშლოდა ხელი. მივმართავ ყველას, კიდევ ერთხელ, რომ მშვიდად გავიაროთ შემდეგი ორი დღე და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ ჩვენს არჩევნებში“. - განაცხადა შენგელიას შტაბის უფროსმა.