შოთა გულბანი - დასაქმების შემცირების პროცესი შეუქცევადია, რაც ძალიან კარგია

  • 17 მაისი 12:36

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა გულბანმა კომენტარი გააკეთა „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებისა და უმუშევრობის 2018 წლის დაზუსტებულ მაჩვენებლებზე.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ უმუშევრობის დონე 12,7 პროცენტამდე შემცირდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან დასაქმება კვლავ ნომერ პირველ პრობლემად რჩება საქართველოში. „მიუხედავად ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში შემცირების ტენდენცია შეუქცევადია. 2012-18 წლებში უმუშევრობის დონე ყოველ წელს ეტაპობრივად მცირდება და ეს არის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა 2018 წლის უმუშევრობის დონე ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია,“ - განაცხადა შოთა გულბანმა. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საგულისხმოა, რომ 2018 წლის მონაცემებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას და დაქირავებით დასაქმებულთა წილმა მთლიან დასაქმებაში 50.8 პროცენტი შეადგინა. 2018 წელს პირველად დაფიქსირდა, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას.  შოთა გულბანმა აღნიშნა, რომ დასაქმება იზრდება ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში და ფიქსირდება თვითდასაქმებულთა გადასვლა დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში.

შოთა გულბანმა დადებითად შეაფასა თვითდასაქმებულთა რაოდენობის კლების მაჩვენებელი და განაცხადა, რომ თვითდასაქმებულთა დიდი ხვედრითი წილი დასაქმებულთა მთლიან მაჩვენებელში ყოველთვის იყო პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ დასაქმებულთა ეს კატეგორია ძირითადად სოფლის მეურნეობაშია ჩართული, რომელიც არ გამოირჩევა მაღალპროდუქტიულობით, მასზე მშპ-ს დაახლოებით 8% მოდის. „ბოლო მონაცემებით ვხედავთ, რომ 10,4%-ით შემცირდა ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ეს კი სწორ პოლიტიკაზე მეტყველებს, რომელიც ტარდება სოფლის მეურნეობის დარგში,“ - განაცხადა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ეკონომისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

*

ოთარ ანგურიძე - მნიშვნელოვანია, რომ უმუშევრობა ბოლო 15 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზეა

„მნიშნელოვანია, რომ უმუშევრობა ეტაპობრივად მცირდება ჩვენს ქვეყანაში და 2018 წელს 12,7% შეადგინა და 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაუმჯობესდა 1,2%-ით. რაოდენობრივ მაჩვენებლებში შემცირდა 30,7 ათასით და შეადგინა 245,7 ათასი. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევრობის დონე მინიმალურ ნიშნულზეა, - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე ოთარ ანგურიძემ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 17 მაისს გამოაქვეყნა დასაქმებისა და უმუშევრობის დაზუსტებული მაჩვენებელი 2018 წლისთვის.

ოთარ ანგურიძის შეფასებით, დადებითად შეიძლება ჩაითალოს ის ტენდეცია, რომ თვითდასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა 48,2 ათასით და და გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 35,9 ათასით და შეადგინა 860,2 ათასი. „2018 წელს პირველად დაფიქსირდა მაჩვენებელი, რომელითაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა აჭარბებს თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ეკონომიკის განვითარების შედეგი,“ - განაცხადა მან.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა სოფლის მეურნეობის სექტორში და პარალელურად გაზრდილია მშენებლობის, ვაჭრობის, ტრასპორტირების და სხვა სექტორებში. „უმუშევრობის სტატისტიკის აღნიშნული ტენდენცია მეტყველებს, რომ საქართველოს ეკონომიკაში სექტორული გაუმჯობესება ფიქსირდება,“ - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

*

იოსებ არჩვაძე - ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე 79-დან 83-მდე გაიზარდა

ეკონომიკის დოქტორის, პროფესორ იოსებ არჩვაძის განცხადებით, საქართველოს შრომის ბაზარი, რომელიც ბოლო დრომდე საბაზრო ეკონომიკის ოთხი ძირითადი ჰიპოსტასიდან (საქონლის, მომსახურების, კაპიტალის და შრომის ბაზრები) ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდა, თანდათანობით იუმჯობესებს მდგომარეობას და ხარისხობრივ პარამეტრებს. მისი თქმით, ბოლო ათი წელია, უმუშევრობის დონე წლიდან წლამდე მცირდება და 2018 წელს, 2003 წლის შემდეგ დროინდელ პერიოდში ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა  - მან მხოლოდ 12.7 პროცენტი შეადგინა (წინა, 2017 წელთან შედარებით - 1.2 პუნქტით ნაკლები).

ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ბოლო ერთი წლის მანძილზე შემცირდა 12.4 ათასით და 1694.2 ათასი კაცი შეადგინა. იოსებ არჩვაძის განცხადებით, დასაქმების რაოდენობის შემცირება გამოწვეულია არა იმდენად ქვეყნის მოსახლეობის შემცირების (-6.1 ათასი კაცი), რამდენადაც დასაქმებულ მოსახლეობაში თვითდასაქმებულთა რაოდენობის საგრძნობი კლებით (-48.2 ათასით). „ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობრივი პარამეტრების გაუარესების ფონზე 2018 წელს ადგილი ჰქონდა დასაქმების და შრომის ბაზრის ხარისხობრივი პარამეტრების არსებით გაუმჯობესებას. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ერთი წლის მანძილზე თითქმის 36 ათასით (4.4%-ით) გაიზარდა (მათ შორის დიდწილად, თვითდასაქმებულების მნიშვნელოვანი ნაწილის შედარებით დაბალმწარმოებლური აგრარული სექტორიდან დაქირავებულთა კატეგორიაში გადასვლის გამო გაცილებით მაღალმწარმოებლურ ინდუსტრიულ და მომსახურების სექტორებში), რის შედეგად პირველად დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დასაქმებულთა მთლიან რაოდენობაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას,“ - განაცხადა იოსებ არჩვაძემ. მისი თქმით, 2017 წელს საქართველოში ყოველ 100 თვითდასაქმებულზე  მხოლოდ 93 დაქირავებით დასაქმებული მოდიოდა, 2018 წელს კი - უკვე 103 -ია. გაიზარდა იმ ოჯახების, შინამეურნეობების რაოდენობაც, რომლებშიც შრომისუნარიანი წევრები დაკავებულები იყვნენ სტაბილური ანაზღაურებითი შრომითი საქმიანობით.  ბოლო ერთი წლის მანძილზე დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ყოველ 100 შინამეურნეობაზე გაიზარდა 79-დან 83-მდე.  

იოსებ არჩვაძის განცხადებით, „დასაქმების, სამუშაო ძალის ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ეკონომიკაში დაქირავებული სამუშაო ძალის გაზრდილი რაოდენობის ხარჯზე შეიქმნა დაახლოებით  2.3-ჯერ მეტი დამატებული ღირებულება იმასთან შედარებით, რისი ჰიპოთეტური ზარალიც მან განიცადა თვითდასაქმებულთა რიცხოვნობის შემცირების გამო. დასაქმების აღნიშნული სტრუქტურის პოზიტიური ცვლილების (დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და თვითდასაქმებულთა რაოდენობის შემცირება)  წმინდა ეკონომიკურმა ეფექტმა წელზე გაანგარიშებით 140 მილიონ ლარს გადააჭარბა.“

უმუშევრობის შემცირება დაფიქსირდა შრომითი რესურსებით ფაქტობრივად ყველაზე მრავალრიცხოვან რეგიონებში (თბილისი, იმერეთი, აჭარა), რაც პოზიტიურ ზეგავლენას  მოახდენს აღნიშნული რეგიონების როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ისე მათი მოსახლეობის მიგრაციული სალდოს გაუმჯობესებაზე.