არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების“ კანდიდატს გეგა შენგელიას პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვს

  • 17 მაისი 12:31

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ზუგდიდში შუალედური არჩევნების პროცესს აფასებს და მასალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდება, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს მათ კანდიდატს გამარჯვების შანსი აქვს.


„ნაციონალებს აქვთ მონაცემები, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გეგა შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით და გადაკეთებით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში.


„ნაციონალურ მოძრაობას“ მობილიზებული ჰყავს ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ჩვენი ინფორმაციით, ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა... ლიდერები, ფაქტობრივად, პირდაპირ მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ, წინასწარ ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიშიც“. - ამბობს თალაკვაძე.


არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნაციონალების მიზანი რეალურად არის საარჩევნო პროცესის ჩაშლა: „მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ თანამოქალაქეს პირისპირ, ამ დროს ქალაქში, სადაც სიმშვიდეა, სადაც კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ თავისუფალ გარემოში, რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად არის არეულობა, ნამდვილად არის აგრესია და ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და მათი კამპანია“.


„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების და წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთონ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით  და შეამცირებს იმ დაძაბულობას, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს“. - აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.


მისივე თქმით, საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს.


„არავის არ მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი და რა თქმა უნდა, თითოეულ შემთხვევაზე, სადაც შესაძლოა დაირღვეს კანონი, იქნება სამართლებრივი რეაგირება“. - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.