ლგბტ შინაარსის 4 აკრძალული წიგნი

  • primetime.ge
  • 17 მაისი 12:22

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები ემსახურება მთელ მსოფლიოში ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გმობს ძალადობას.


სულ ცოტა ხნის წინ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2018 წლის ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული 11 წიგნიდან, ნახევარზე მეტი ლგბტ შინაარსის შემცველია.


გთავაზობთ მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ოთხ ბრწყინვალე ნიმუშს, რომლებსაც გასულ საუკუნეში ჰომოსექსუალობისა თუ ზოგადად ლგბტ თემების ღიად აღწერის გამო, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ, რაც ხშირად მათი აკრძალვით, ბიბლიოთეკებისა თუ წიგნის მაღაზიების თაროებიდან გაქრობით სრულდებოდა. ამ წიგნებს - როგორც აუცილებლად წასაკითხ მსოფლიო კლასიკას - დღეს მთელ მსოფლიოში კითხულობენ, თუმცა, დროდადრო მათი აკრძალვის ცალკეული შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მაინც იჩენს ხოლმე თავს.


ოსკარ უაილდი - „დორიან გრეის პორტრეტი“



ოსკარ უაილდის, მსოფლიო კლასიკის შედევრად მიჩნეული რომანი „დორიან გრეის პორტრეტი“ პირველად 1890 წელს ლიტერატურულ პერიოდიკაში „Lippincott’s Monthly Magazine”-ის ივლისის ნომერში გამოქვეყნდა. იმ მიზეზით, რომ ტექსტი მეტისმეტად უხამსი იყო, ჟურნალის რედაქტორმა, ისე, რომ ავტორი არ გაუფრთხილებია, დაბეჭდვამდე ნაწარმოებიდან ხუთასი სიტყვა ამოიღო - პასაჟები, რომელთა უმრავლესობა ჰომოსექსუალობასა და ჰომოსექსუალურ სურვილებზე მიანიშნებდა. აღნიშნული ცენზურის მიუხედავად, დაბეჭდვის შემდეგ რომანმა მაინც შეულახა მორალური გრძნობები ბრიტანელ კრიტიკოსებს, რომელთაგან ზოგიერთმა ისიც კი აღნიშნა, რომ უაილდი გასამართლებას იმსახურებდა იმ კანონის უგულვებელყოფისთვის, რომელიც სახალხო ზნეობის სადარაჯოზე იდგა. საპასუხად, ბრიტანულ პრესასთან მიმოწერაში, უაილდი საკმაოდ აგრესიულად იცავდა საკუთარ რომანსა და ზოგადად, შემოქმედებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოგვიანებით ის თავადვე შეელია, ტექსტის რამდენიმე, განსაკუთრებით მწვავე პასაჟს, როდესაც ნაწარმოების წიგნად გამოცემისთვის ტექსტის მომზადებისას, ჟურნალის რედაქტორის მიერ ამოღებული ფრაგმენტები ტექსტში დააბრუნა. აღდგენილი სახით რომანი წიგნად 1891 წელს გამოიცა, რომელსაც წინ უძღოდა წინასიტყვაობა - არტისტებისა და ხელოვნების უფლებების დაცვა ხელოვნებისვე საკეთილდღეოდ - რომლის შინაარსმა, სტილმა და წარდგენამ წინასიტყვაობას ლიტერატურულ-არტისტული მანიფესტის სახელი მოუხვეჭა.  


წიგნად გამოცემისთანავე „დორიან გრეის პორტრეტი“ აიკრძალა აბსოლუტურად ყველა ინგლისურენოვან ქვეყანაში. აკრძალვის მიზეზი კი ნაწარმოების სექსუალური თემები გახდა. თუმცა, აღნიშნული ქვეყნების ამგვარი „ძალისხმევა“ წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან ხალხი მაინც კითხულობდა ამ წიგნს და შემდეგ ბევრს საუბრობდა წაკითხულის შესახებ. თუმცა, ცენზორებმა ერთი რამ მაინც მოახერხეს, „დორიან გრეის პორტრეტი“ გარკვეული დროით, დიდი წარმატებით გააქრეს წიგნის მაღაზიების თაროებიდან. თუმცა, მხოლოდ გარკვეული დროით - დღეისათვის ეს წიგნი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ წაკითხული მსოფლიო შედევრია. 


ელის უოკერი - „იისფერი“ 



ელის უოკერის „იისფერს“, რომელიც მთრგმნელმა გია ბერაძემ გადმოაქართულა, ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თუ ძალადობის ამსახველი სცენების, ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებული თემების გამო. 


1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ „იისფერი“ ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს. 


ამერიკული ლიტერატურის ამ ბრწყინვალე ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში.


ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო. 


 

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge