მეგრელის 6 თვისება, რომელიც „ჩვეულებრივმა მოკვდავებმა“ აუცილებლად უნდა ისწავლოთ

  • 17 მაისი 10:52

ბლოგერი გურამ, შეროზია სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს წერს. 

"მეგრელის 6 თვისება, რომელიც „ჩვეულებრივმა მოკვდავებმა“ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ


„კაი ბოვშია, მარა რათ გინდა, მეგრელია“, - იტყვიან იმერეთში და ღრმად ირწმუნებენ „როცხა იქნება, ქე გამოაჩენს ბრჭყალებს“. არანაკლები ამრეზით დაამატებენ გურიაში „მაქფერ ბაღანასთან დალაპარიკება აბდლობაა, აპა რაია“. რაჭველი ხელების გასავსავებით იტყვის, „მაგიზა ნუ მათქმევინეფ გლახა სიტყვას, ქვე შენი ჭირიმე“. კახელიც დაამატებს : „ მაგენი თუ ყველგან არ გამემეცხდადენ და შეაღონენ გული, ისე არ შეილება“.
რატომღაც ამ მეგრელებს ისეთი სახელი აქვთ გავარდნილი, თითქოს მთელ საქართველოში თავი არ გამოეყოფოდეთ, მაგრამ ყოფენ და მერე როგორ კარგად! შეროზიადან -მელუამდე და გვარამია-გაბუნია-სანაია-გრიგოლიამდე გადაჭიმულები, რაც კარგები ვართ მეგრელები ვართო, „მარგალოური“ სულისკვეთებით ამბობენ და თუ კარგად გაიცნობთ, ბევრ დადებით და საინტერესო თვისებას აღმოაჩენთ . მიხვდებით, რომ სულ ტყუილად გვაქვს აცრუებული გული და მათგან ბევრი სახეირო რამის სწავლაც შეიძლება:
1. გულითადი შეხვედრა
გრიგოლია ხომ გახსოვთ, გადაცემის ბოლოს რომ ამბობდა გამარჯობას? ქუჩაში შემხვედრი მეგრელი კიდევ უფრო სასწაულია. ვერ ათქმევინებ! გულში ჩაგეკრობა თან ისეთი ძალით, ძვლებს სულ ტკაცა-ტკუცს დააწყებინებს და პირდაპირ საქმეზე გადადის „სხვა რა ამბები? იმ დღეს იქ, იმას ის რო იმას ეუბნებოდა, მაგ საქმის რა ისმის?“ , მერე ჩართავს მარგალოების შეგროვებულ ინფორმაციას და მიდის განხილვა, მაგრამ ეს გულითადი ჩახუტება უცებ კი შეგარცხვენს და თავს დამნაშავედ გაგრძნობეინებს, ერთხელ მაინც მომეკითხა, ეს რა უყურადღებო ვარო.
2. პოზოტიური აურა ანუ „ფარულავობა“
ეს სინდრომი მე მოვიფიქრე. აღმოვაჩინე ჯერ კიდევ მაშინ, როცა 3 წლის უჭმელი ბავშვი ვიყავი და მშობლებს მხოლოდ მაშინ ჰქონდათ დროის მოხელთების და პირში ლუკმის ჩადების საშუალება, როცა გაშტერებული ვუყურებდი ტელეეკრანიდან მომღიმარ ქალს, ია ფარულავას. მაშინ ვერც მისი თვალები მომაჯადოვებდა და ვერც ღიმილი. მთავარი იას პოზიტიური აურა იყო და ალბათ, საუბრის მშვიდი ტემბრიც (მაშინ მშვიდი ჰქონდა).


3. გამხნევება
მეგრელის გამხნევებას ისეთი ძალა აქვს, გგონია, ჰა, აგერ, უცებ, მთებს გადავდგამო, მაგრამ რაც უფრო დიდი დრო გადის მისი შეგონებებიდან, მით უფრო პატარავდება თქვენი შესაძლებლობები და იმ პირველ ემოიებთან შედარებით მთლად თავთავის ზომის ხდება.


4. ერთმანეთის გატანა
ეს ჩვევა ან ხასიათი კი არა, ამ კუთხის დაუწერელი კანონია ( ან შეიძლება, უწერიათ კიდეც სადმე, რას გაიგებ  ) ის ამბავი ხომ იცით, შეროზიამ რომ დაპოსტა, მოღალატე მეგრელად შევირაცხე, რომელმაც მეგრელი არ გაიტანა და ფოთში აღარ მიშვებენო. თურმე, ერთ მეგრელზე რაღაც იმნაირად გამოსვლია და...
5. კამათის ხელოვნება
გაბუნია.
6. მიმწოლები
ზემოთ წარმატებული მეგრელები ტყუილად არ მიხსენებია. მეგრელი ცნობადი სახეები მთელ ენციკლოპედიას გაავსებს და როგორ გგონიათ, რა არის მიზეზი? გაუმართლათ? ასე, ერთიანად მთელ მოდგმას? შემთხვევით მათი საიდუმლო თავდაუზოგავი შრომა და საქმის სიყვარული ხომ არაა? 
გადაცემაში „ავტოგრაფი“ ლელა წურწუმიამ წარმატების გზა გაიხსენა და 
თქვა, რომ არ შეიძლება, სახლში დაჯდე და საკუთარი ჩავარდნები ვინმეს გადააბრალო. „ის რაც ჩემ ხელშია და ჩემი გასაკეთებელია, უნდა გავაკეთო მე“, - ამბობს ის",- წერს გურამ შეროზია.