როგორ გავშიფროთ მორალური მოძალადე მამაკაცი?

  • funtime.ge
  • 17 მაისი 00:32

გეცნობათ სიტუაცია, როცა ქმარი/მეგობარი მამაკაცი არ სვამს, კაზინოში არ თამაშობს, არასოდეს ყვირის, ფიზიკურად არ გეხებათ, მაგრამ მის გვერდით მაინც დაძაბულად გრძნობთ თავს, თითქოს გამოცდაზე ხართ?

რა არის მორალური ძალადობა და როგორ მივხვდეთ, რომ ასეთი ძალადობის ქვეშ ვიმყოფებით?

მორალურ მოძალადეებს, როგორც წესი, 4 მთავარი ხერხი აქვთ:


1. მყისიერი გაციება
დავიწყოთ უწყინარით. ვთქვათ, უქმეებზე არ გსურთ კვლავ მის მშობლებთან სტუმრობა. ამის გაგონებაზე თქვენი პარტნიორი გპასუხობთ: „კარგი!“, მაგრამ ისეთი ტონით, თითქოს კანონი დაარღვიეთ და ჯარიმა გამოგიწერათ. ნათელია, რომ სტუმრობის გადადება არ შეიძლება.


2. კითხვების ფილტრაცია
მორალურ მოძალადესთან ურთიერთობისას ყველა კითხვაზე პასუხის მიღება შეუძლებელია.

მაგალითად, წარმოიდგინეთ ასეთი დიალოგი:
ქალი: ძვირფასო, რა მოგიმზადო ვახშმად?
კაცი: თუ შეიძლება, ჩემი საყვარელი ნამცხვარი ლიმონით.

ქალი: საღამოობით რატომ ლაპარაკობ ტელეფონზე აბაზანაში ჩართული შხაპის დროს? 
კაცი: აიგნორებს კითხვას.

ქალი: რას ფიქრობ კინოში წასვლაზე? 
კაცი: წავიდეთ, ძვირფასო.

ქალი: ვინ არის ეს გოგო, Facebook-ზე რომ გეფლირტავება?
კაცი: აიგნორებს კითხვას.


შეიძლება, ვა-ბანკზე წახვიდეთ და პირდაპირ ჰკითხოთ, რატომ არ გპასუხობთ უხერხულ შეკითხვებზე, თუმცა დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი შემთხვევისთვის მორალურ მოძალადეს სხვა ილეთები აქვს.


3. გაყინული მზერა
ქალი: ძვირფასო, შეიძლება, შენს მეგობრებთან წასვლა სხვა დროისთვის გადავდოთ? სამუშაოსთან დაკავშირებით კონფერენციას უნდა დავესწრო.
კაცი პასუხად ქალს უხმოდ შეხედავს თვალებში.


ქალი: რამე არასწორად ვიკითხე? 
კაცი ქალს კვლავ უსიტყვოდ ახედავს, თუმცა ისეთი მზერით, თითქოს შუბლს უხვრეტს.


ამ დროს ქალს უკვე გაურკვეველი შიში იპყრობს და ნებდება.
ქალი: კარგი, რადგან შენ წინააღმდეგი ხარ, აღარ წავალ იმ კონფერენციაზე.
ამაზე კაცი მთქნარებით, თითქოს სხვათა შორის პასუხობს: მე ვიყავი წინააღმდეგი? ნუ იცი შენი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალება.


და მართალიც გამოდის. 
მას ხომ არ უთქვამს, რომ წინააღმდეგია. ის მხოლოდ გიყურებდათ. 
თუ ამ დროს დიალოგს გააგრძელებთ და ეტყვით: ისე მიყურებდი, რომ გადაწყვეტილება გადამაფიქრებინე, მორალური მოძალადე ამაზე გიპასუხებთ: მე გიყურებდი? შენთან ზურგით ვიდექი და ყავას ვსვამდი. რაღაც მოგეჩვენა.

 

4. გაზლაითინგი
ეს ტერმინი 1948 წელს გამოსული დეტექტივის „Gas Light“-ის შემდეგ დამკვიდრდა. დეტექტივი გვიამბობს ახალგაზრდა ცოლის ამბავს, რომელსაც ქმარმა ახლობლების თვალში სულელის რეპუტაცია შეუქმნა და, რაც მთავარია, თავადაც დაარწმუნა ამაში.

გაზლაითინგი მორალური ძალადობის ერთ-ერთი ხერხია, როცა ადამიანი მიზანმიმართულად გადაჰყავთ ჭკუიდან. 

გაზლაითერი გულს გატკენთ თავისი საქციელით, მაგრამ, როცა მის დადანაშაულებას დააპირებთ, ისე მოგიტრიალებთ სიტუაციას, რომ ლამის შეგრცხვებათ კიდეც საკუთარი ეჭვების. 

მაგალითად: 
გეტყვით, რომ შეხვედრაზეა და 3-4 საათით ტელეფონს გათიშავს, შემდეგ კი გარწმუნებთ, რომ ელემენტი დაუჯდა; 

ან საერთო ფულს საკუთარი ინტერესისთვის დაუკითხავად დახარჯავს, შემდეგ კი დაგაჯერებთ, რომ ამის შესახებ თქვენც იცოდით და, უბრალოდ, დაგავიწყდათ; 
ან ეჭვობთ, რომ თქვენს დაქალთან წევს, ის კი აუღელვებლად უარყოფს: რა გჭირს, ძვირფასო, ეს საკუთარ თავს როგორ აკადრე? 

...და თქვენც ყველაფერს საკუთარ თავს აბრალებთ და აგრძელებთ ურთიერთობას.

როგორ მოიქცევით, ეს თქვენი საქმეა, უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით თქვენ ყოველთვის მეორეხარისხოვანი ობიექტი ხართ.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge