გიორგი გოგაძე: ამ უპრეცედენტო საერთაშორისო ძალისხმევამ საშუალება მოგვცა, დანაშაულებრივი ქსელის წევრთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განგვეხორციელებინა

  • 16 მაისი 19:39

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიოგი გოგაძემ ევროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპლექსურ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ კიბერდანაშაულებრივი ქსელის წინაღმეგ ჩატარებული ოპერაციაზე განცხადება გააკეთა.

გიოგი გოგაძის თქმით,  კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელის წინაღმეგ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია არის  საქართველოს, აშშ-ს, უკრაინის, მოლდოვის, გერმანიის, ბულგარეთის, ევროპოლის და  ევროჯასთის ურყევი თანამშრომლობის შედეგი.

„ამ უპრეცედენტო საერთაშორისო ძალისხმევამ საშუალება მოგვცა, დანაშაულებრივი ქსელის წევრთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა განგვეხორციელებინა. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველომ GozNym-ის კიბერდანაშაულებრივი ქსელის დაშლის ძალიან სერიოზულ ოპერაციაში უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და დაამტკიცა, რომ სანდო პარტნიორია“,- აღნიშნა გიორგი გოგაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით,  გამოძიება არ იყო მარტივი, თუმცა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად  საქართველომ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება შეძლო.

„აშშ-ის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში მიმდინარე გამოძიებამ შეძლო, მოეპოვებინა სავარაუდო დამნაშავეთა შორის მიმოწერის, დაზარალებულ კომპანიათა სია და მათ წარმომადგენელთა გამოკითხვის ოქმების, ამერიკული ბანკებიდან ინფორმაციის,  ციფრული და ფინანსურ ზარალთან დაკავშირებული მტკიცებულებები, ასევე ექსპერტიზისა და ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავის გამოკითხვის ოქმები. ყოველივე ამან კი მოგვცა საშუალება, გამოგვევლინა დანაშაულებრივი სქემა, დაგვედგინა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერისა და მისი ტექნიკური ასისტენტის ვინაობა, რომელთაც, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, სხვადასხვა ამერიკული კომპანიისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხების მოპარვა მოახერხეს“,- განაცხადა გიორგი გოგაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  ორ დამნაშავეს ბრალი  რამდენიმე ისეთი დანაშაულისთვის წარუდგინა, როგორიცაა  კომპიუტერული პროგრამის უნებართვო შექმნა, შენახვა და გავრცელება, კომპიუტერულ მონაცემთა უნებართვო მოპოვება, შენახვა, გამოყენება და გავრცელება, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა.

„შეგვიძლია, აღნიშნული ოპერაცია კოორდინირებული მუშაობის სრულყოფილ მაგალითად მივიჩნიოთ. ეს იყო შემთხვევა, როცა საკანონმდებლო განსხვავებები ჩვენ და ჩვენს კოლეგებს შორის წარმატების მისაღწევად თანამშრომლობას ხელს არ უშლიდა. როგორც ყოველთვის, საქართველო რჩება სანდო პარტნიორად დანაშაულთან ბრძოლაში და დაეხმარება უცხოელ კოლეგებს, რათა დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს“,- განაცხადა გიორგი გოგაძემ ევროპოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.