ირაკლი ჩიქოვანი: ნაციონალები ცდილობენ, საარჩევნო პროცესის სრული დისკრედიტაცია მოახდინონ

  • 16 მაისი 16:49

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.

მისი თქმით, გეგა შენგელია დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„თითოეულმა თქვენგანმა და საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გადასულია პირდაპირ დესტრუქციაზე, იმ პირობებში, როდესაც მათ იციან, რომ პირწმინდად აქვთ წაგებული არჩევნები, ისინი ცდილობენ, სრული დისკრედიტაცია მოახდინონ საარჩევნო პროცესის. მაგრამ კიდევ ერთხელ მივმართავ საზოგადოებას და აბსოლუტურად ყველა უწყებას, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა ამ პროვოკაციას, დარჩა მხოლოდ რამდენიმე დღე ჩვენს გამარჯვებამდე, რომ გავაფორმოთ დამაჯერებელი გამარჯვება გეგა შენგელიას და „ქართული ოცნების“. - ამბობს ჩიქოვანი.

მისივე განცხადებით: „ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, გვაქვს უშუალო პირდაპირი კავშირი, როგორც აქედან, ისე ცენტრალური შტაბიდან და მათ ვაწვდით აბსოლუტურად ყველა ინფორმაციას, რომ თავიდან ავიცილოთ ასეთი ექსცესები. ყველა ნათლად ხედავს, რომ ყველა მოქმედება არის დესტრუქციული და „ნაციონალური მოძრაობა“ არ მალავს, რომ ისინი გათვლას კი არ აკეთებენ ზუგდიდელებზე, არამედ იმ ადამიანებზე, რომლის ჩამოყვანასაც ისინი გეგმავენ. თვითონაც არ მალავენ, რომ რამდენიმე ათასი ადამიანის ჩამოყვანა სურთ ზუგდიდში“.

ჩიქოვანი ზუგდიდელებს მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ: „მივმართავ ზუგდიდელებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, შეინარჩუნონ აბსოლუტური სიმშვიდე და ყველა სამართალდარღვევასთან დაკავშირებით მიმართონ სამართალდამცველებს. სამართალდამცველები მაზად არიან იმისთვის, რომ მოახდინონ მყისიერი რეაგირება ყველა დარღვევაზე და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ჩაიდენს და ვისი მომხრე იქნება ის. ჩვენი ინტერესია ზუგდიდში არჩევნები მშვიდად ჩატარდეს და ზუგდიდი არ იყოს საცდელი პოლიგონი და პოლიტიკური ბატალიების ეპიცენტრი, როგორსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს წარმოაჩინოს“.

ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება: „ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია“.

„ჩვენ ორგანიზებულად ვემზადებით საარჩევნო დღისთვის, გვაქვს ყველა წინასწარი მონაცემი, რომ გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. 19 მაისს ჩვენი აქტივისტები, ჩვენი მომხრეები იქნებიან მობილიზებული იმისთვის, რომ ყველა ჩვენი ამომრჩეველი... მათგან გვაქვს უკვე თანხმობა, რომ მობრძანდებიან არჩევნებზე და მხარს დაგვიჭერენ, ისინი მოვლენ არჩევნებზე, მათ ექნებათ სპეციალური სიები, ეს სიები უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ ზუსტად შევძლოთ აღრიცხვა ყველა ჩვენი ამომრჩევლის, რომელიც მოვა ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ასევე, ჩვენ გვექნება ვიდეოჩაწერის საშუალებები, რათა თავიდან ავიცილოთ ყველა პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა, უბნებზე მოხდეს. ასევე, მივმართავ კომისიებში ჩვენს წევრებს, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა შიგნით, კომისიის ფარგლებში, მათაც გამოიჩინონ მაქსიმალური სიმშვიდე გამოიყენონ ყველა პროცედურა და პროცედურის მიხედვით ჩაატარონ საარჩევნო დღე. ჩვენ მზად ვართ არჩევნებისთვის და დარწმუნებული ვართ, რომ 19 მაისს ვიზეიმებთ გამარჯვებას“. - განაცხადა ჩიქოვანმა.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ ზუგდიდის საკრებულოს მიმართა წერილით, რომლის თანახმად, „რუსთავი 2“-ში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით, გამოძიების დასრულებამდე, საკრებულოს დეპუტატ გია დანელიას უნდა შეწყვეტოდა უფლებამოსილება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მისვლას, სადაც საკრებულო მდებარეობს, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.