მარინა სალუქვაძე: “ზაზას პრობლემები რომ გადავლახეთ, მერე მე გავხდი მისახედი”

  • სარკე
  • 16 მაისი 11:14

მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილსა და ჟურნალისტ მარინა სალუქვაძეს დიდ სიყვარულთან ერთად ბიზნესი და შემოქმედებითი მუშაობა აკავშირებთ. 

ერთად მართავენ ბარს, მარინა ზაზას მუსიკალური ნაწარმოებების ტექსტების ავტორიცაა და ზაზას მუსიკაზე დადგმული სპექტაკლების პროდიუსერიც.


ცოტა ხნის წინ წყვილის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა. მარინამ ჯერ საყვარელი მამა, ცნობილი მეცნიერი მინდია სალუქვაძე დაკარგა. შემდეგ კი ჯანმრთელობის პრობლემები ზაზას შეექმნა და სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. ამის მთავარი მიზეზი ზაზას ემოციურობა გახდა – ექიმებისგან მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, მუსიკოსს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს.


მარინამ “სარკესთან” გულახდილად აღნიშნა, რომ განცდილმა ძალიან დაღალა, თუმცა ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს. ცოლ-ქმარს დიდი გეგმები აქვთ.


– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ ზაზა საავადმყოფოში მოხვდა და სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. რა მოხდა რეალურად?


ზაზა: სასწრაფოდ დამჭირდა სტენტირება, რადგან აღმოჩნდა, რომ ჩემი სისხლძარღვები არცთუ კარგ მდგომარეობაში იყო. ამის მიზეზი ბევრი რამ არის – ნერვიულობა, სტრესი, არასწორი ცხოვრების წესი. ძალიან განვიცდი იმ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ვერაფრით შევეჩვიე იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, ყველაფერმა კი ცუდი შედეგი გამოიღო.


– განსაკუთრებით რომელი პრობლემები გაღელვებთ?


ზაზა: პირველ რიგში, ყველაზე მეტად ერთობის დეფიციტს განვიცდი, რაც არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკვე მრავალი წელია ერთი და იმავე ადგილს ვტკეპნით. უკვე 8 წელზე მეტია ამერიკიდან ჩამოვედი, მაგრამ მაინც ვერ მივეჩვიე ჩვენი საზოგადოების ცხოვრების პრინციპებს. ადამიანების ურთიერთობის მაღალი ხარისხი იყო იქ და უფრო მეტი სითბო იყო, ვიდრე საქართველოშია. არადა ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ქართველები ძალიან თბილები ვართ, მე ეს სითბო აქ ვერ დავინახე.


– მარინა როგორ შეხვდა იმ ფაქტს, რომ თურმე სერიოზული მკურნალობა გჭირდებოდათ?


ზაზა: მარინამ, სტენტირების გარდა, ყველაფერი გამიკეთა. ისიც ალბათ ექიმებმა არ მისცეს ამის საშუალება, თორემ ამასაც საკუთარ თავზე აიღებდა. მარინა ასეთ სიტუაციაში ძალიან მობილიზებული აღმოჩნდა. 24 საათიან რეჟიმზე იყო გადასული, საკუთარი თავი არც ახსოვდა. ცოტა ხნის წინ მამა გარდაეცვალა და ჯერ ეს ტრაგედიაც არ ჰქონდა ბოლომდე განელებული, რომ აქეთ მე შევუქმენი სანერვიულო. არ ვიცი, სად იპოვა ეს ენერგია, მაგრამ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყო ჩემს ჯანმრთელობასა და კომფორტზე.


მარინა: ყველაფერი უკან ჩამოვიტოვეთ, პრობლემები გადავლახეთ და ახლა მე ვარ მისახედი. იმ რთულ მომენტში, როდესაც ზაზას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, მთელი ჩვენი სამეგობრო გვერდში დაგვიდგა.


ზაზა: როგორც მითხრეს, კლინიკის ექიმები გაკვირვებულები იყვნენ, რადგან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ხალხი მოვიდა იმისთვის, რომ გაერკვიათ ჩემი მდგომარეობა და დახმარების სურვილი გამოეთქვათ. დიდი მადლობა ღმერთს და ამ ხალხს იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არიან.


– ქალბატონო მარინა, რამდენიმე თვის წინ მამა გარდაგეცვალათ. როგორი იყო თქვენი ურთიერთობა, რას გაიხსენებდით მამაზე?


მარინა: დიდი სიკეთე და პასუხისმგებლობა დამიტოვა მამამ. ის არ იყო ჩვეულებრივი მამა, გამორჩეული და განსაკუთრებული იყო. 3 წლის იყო, როდესაც 1937 წელს დედა, მამა და ბიძა დაუხვრიტეს. ის და მისი უფროსი ძმა მამიდამ გაზარდა. ამ ობოლმა ბიჭმა მიაღწია, გამხდარიყო მსოფლიო დონის მეცნიერი მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში, ფიზიკა-მათემატიკის სფეროში.


არსებობს ასეთი ცნებები – სალუქვაძის ამოხსნა, სალუქვაძის პრინციპი და სალუქვაძის მეთოდი. მისი წიგნები დღემდე იბეჭდება საზღვარგარეთ. პირველი, რაც მამამ მასწავლა, სამშობლოს სიყვარულია. ჩვენ საინტერესო პროექტიც კი გავაკეთეთ, რომლის პრემიერა ბათუმში შედგა. მოვახერხეთ და მის სიცოცხლეშივე გავაკეთეთ მედია-ოპერა “თაბაშირის იუდა”. ეს ეხება 1937 წლის რეპრესიებს და აგებულია ბაბუაჩემის ბიოგრაფიულ მომენტებზე, რომელიც ციმბირში დახვრიტეს. ის ციმბირიდან ოჯახში აგზავნიდა პაპიროსის ქაღალდზე დაწერილ წერილებს. მალე ამ სპექტაკლს თბილისშიც ვაჩვენებთ, შემდეგ კი ბევრ ქვეყანაში გვაქვს დაგეგმილი გასტროლები.


ზაზა: 3 წლის წინ მარინას მამა ცუდად გახდა და სასწრაფო გამოვიძახე. პირადობის მოწმობა დაგვჭირდა და მითხრა, ჩემს საფულეში არისო. როცა გავხსენი, ერთ-ერთ განყოფილებაში იდო ფურცელი, რომელზეც ეწერა – “ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ქვეყანა”. ამ ერთი დეტალით ბევრი რამ არის ნათქვამი ამ ადამიანზე.

წყარო: სარკე