საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა

  • pia.ge
  • 16 მაისი 10:09

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა.

ამის შესახებ "პირველს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

მათივე ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის  54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.

2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: თბილსის ეროვნულ პარკს, პრომეთეს მღვიმეს, ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს და  მტირალას ეროვნულ პარკს.

საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება  სოფელ კინჩხაში - ოკაცეს ჩანჩქერი.

ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი.

 

 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge