მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია და ჩანაწერზე დანიშნულია ექსპერტიზა

  • 15 მაისი 18:49

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში გუშინ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია.
 

სავარაუდოდ, ის აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.



„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 14 მაისს გამოძიება დაიწყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, ფარული ჩანაწერის გასვლის შემდეგ, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტზე. ამ დროისთვის გამოკითხულია ზუგდიდის საკრებულოს წევრი გია დანელია, რომელიც, სავარაუდოდ, ფიგურირებს აღნიშნულ ფარულ ჩანაწერში, ხოლო ჩანაწერი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე. ამასთანავე, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას“, - აცხადებენ პროკურატურაში 
გუშინ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ლევან ბეჟაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიების დაწყებისა და გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას დღეს მიმართეს.



სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.