როგორ დააქორწინა პელემ შეყვარებული წყვილი

  • tbiliselebi.ge
  • 15 მაისი 16:34

რუსეთის მთავარი კარდიოლოგი ლეო ბოკერია ასეთ ისტორიას იხსენებს:

„ჩემი უახლოესი მეგობრის, საქვეყნოდ ცნობილი ექიმის, სემიონ ისაკოვის დაოჯახებას წინ ერთი კურიოზი უძღოდა, რომელსაც ახლა მოგიყვებით: 1965 წელია. მე და სიომას ახალი დამთავრებული გვაქვს სამედიცინო ინსტიტუტი და ასპირანტურისთვის ვემზადებით. სიომას ულამაზესი ელენე კალანდაძე უყვარდა, რომელიც ორი კურსით უკან სწავლობდა და ელენეც თანახმა იყო, მას ცოლად გაჰყოლოდა. თუმცა, ელენეს მამა, სამხედრო პოლკოვნიკი გივი კალანდაძე კატეგორიული წინააღმდეგი იყო და როდესაც სიომას ელენეს ხელის სათხოვნელად მამამისთან მივყევი, დამსახურებულმა პოლკოვნიკმა, ლამის პანღურებით გამოგვყარა და მითხრა:


„გამორიცხულია, რომ ჩემი ელენე არაქართველს გავაყოლო და მეორედ რომ მოხვიდეთ, შუბლს გაგიხვრეტთო...“ ერთი სიტყვით, ეს შერეკილი გურული არ ხუმრობდა და შვილს პასპორტიც კი დაუმალა იმის შიშით – ჩუმად არ მოაწერონ ხელიო... სიომა კი დღითიდღე დნებოდა და უჭმელობისა და დარდისგან ისე გახდა, რომ ჩონჩხს დაემსგავსა. რა არ ვიღონეთ, მაგრამ პოლკოვნიკის გული ვერაფრით მოვიგეთ.


იმ პერიოდში ჩვენი უფროსი მეგობარი გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტი მელორ სტურუა სამუშაოდ ლონდონში მიემგზავრებოდა. მე და სიომა გამოსამშვიდობებელ სუფრაზე დაგვპატიჟა. რომ მივედით და სიომა ნაწუწნი კანფეტივით გალეული იხილა, მიზეზი იკითხა. როდესაც პასუხი მიიღო, ჩაფიქრდა. ბოლოს იკითხა: ნუთუ იმ კაცს რაიმე გატაცება არ აქვს, რომ იმ კუთხით მივუდგეთო?


– ფეხბურთის გიჟი გულშემატკივარია, მაგრამ ეს ჩვენ რას გვარგებსო, – მიუგო სიომამ.
მელორი ჩაფიქრდა. შემდეგ ეშმაკურად აუკიაფდა თვალები და გვითხრა:


– ზეგ, „ლუჟნიკებზე“ ბრაზილიას ვეთამაშებით. სამხრეთ ამერიკელი ჯადოქრები სასტუმრო „ინტურისტში“ ცხოვრობენ და ისინი დაგვეხმარებიანო.


ბევრი რომ არ გავაგრძელო, მელორმა ბრეჟნევის მრჩეველს, ალექსანდრე ბოვინს პელე და გარინჩა ელენეს მამასთან მიაყვანინა და სიომასთვის ელენეს ხელი ათხოვნინა. პოლკოვნიკი შოკში იყო. ფეხბურთის მეფესა და გარინჩას უარი ვერ უთხრა და პასპორტი დაუბრუნა. წყვილმა მეორე დღესვე მოაწერა ხელი. პოლკოვნიკი კი ცენტრალური ტრიბუნიდან ადევნებდა თვალ-ყურს საბჭოეთ-ბრაზილიის დაუვიწყარ საფეხბურთო მატჩს.“

სრული ვერსიის ნახვა tbiliselebi.ge