რატომაა ხელისგულის სამი ძირითადი ხაზის ერთ წერტილში დამთხვევა ყველაზე სასურველი

  • თბილისელები
  • 14 მაისი 16:17

რა შეუძლია, გვითხრას ხაზებმა ხელისგულზე? – თურმე იმაზე მეტიც კი, ვიდრე მოველით.

სიცოცხლის, გულის, გონების ხაზების შესახებ ასე თუ ისე, ყველამ იცის, მაგრამ თურმე კონკრეტული ასობგერაც კი შეიძლება, ამოვიკითხოთ საკუთარ ხელისგულზე, რაც, არც მეტი არც ნაკლები, პატრონის უნიკალურობაზე მიუთითებს. თუ რა ასოებზეა ლაპარაკი, როგორ უნდა ამოვიკითხოთ ისინი ხელისგულზე და რა ინფორმაციას გვაწვდის ცალკეული მათგანი, ამაზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან თ, რომელსაც საფუძვლიანად აქვს შესწავლილი ქირომანტია და შეუძლია, მარტივად გაგვარკვიოს მოცემულ საკითხში.
–როგორც ამბობენ, ხელისგული „ბედის რუკაა“ და ზედ დატანილი ასოები, ალბათ, გეზის მაჩვენებელი?..


– ქირომანტია ბედის წაკითხვის უძველესი და სანდო ფორმაა – ხელისგულის სამი ძირითადი ხაზი ყველაზე სრულ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანის შესახებ. აღნიშნული ხაზები ყველას აქვს, მაგრამ ხაზთა გადაკვეთით გამოსახული ასობგერა იშვიათია. ყურადღებით დააკვირდით ხელისგულს და პირველად სიცოცხლის ხაზი მოძებნეთ, რომელიც ხელისგულის კიდიდან ცერსა და საჩვენებელ თითებშორის იწყება და ცერისა და მტევნის ფუძემდე გრძელდება. ის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ჯანმრთელობისა და ცხოვრების გზის შესახებ გვიამბობს. ხელისგულის კიდიდან, ასევე ცერსა და საჩვენებელს შორის გადის თავის ანუ გონების ხაზი და ხელისგულის ცენტრს კვეთს. ეს ხაზი, რომელიც შეიძლება, იყოს სწორხაზოვანიც და მომრგვალებულიც, გადაწყვეტილების მიღების უნარზე აგებს პასუხს. მესამე გულის ხაზია, რომელიც შუა და საჩვენებელი თითების შუიდან ნეკისკენ მიემართება და ჩვენს ყველაზე სათუთ გრძნობებს ეხება საყვარელი ადამიანისა თუ ოჯახის წევრების მიმართ. დაბოლოს, მოძებენეთ არც ისე გრძელი ბედის ხაზი – საჩვენებელი თითის ჩაყოლებაზე შევეულად, მტევნისკენ რომ ეშვება. ეს ხაზი ძალიან იშვიათია, ამიტომ M ასო ძალიან ცოტას თუ აღმოაჩნდება. ზოგის ხელისგულზე ეს ხაზი ძალიან პატარა და შეუმჩნეველია. ზოგის კი ისეთი გრძელია, რომ შუათითის ფუძის ცენტრიდან მტევნის ძირამდე გრძელდება. ეს კარიერის ხაზია და შესაბამისად, პატრონის კარიერასა და წარმატებებზე „გვიყვება“.


– რას ნიშნავს M ჩვენს ხელისგულზე?


– როცა ჩამოთვლილ ხაზთა გადაკვეთა ხელისგულზე M ასოს გამოსახავს, ეს მხოლოდ იღბლიანთა ხვედრია. ერთ ხელზე იქნება ის თუ ორივეზე, პატრონის თავმოყვარეობაზე, მიზანდასახულობასა და ორგანიზებულობაზე მიანიშნებს, რაც ერთობლიობაში კეთილდღეობის საწინდარია. ასეთები არჩეული პროფესიით დიდ წარმატებას აღწევენ; ძირითადად მოღვაწეობენ პოლიტიკაში ან ბიზნესის უმაღლეს მწვერვალებს იპყრობენ; ძლიერი ინტუიციით დაჯილდოებულთ ვერავინ გააცურებს; რასაც ხელს მოჰკიდებენ, ყველა საქმე გამოსდით, ამიტომაც სანთლით საძებნელი სპეციალისტები არიან. ჯიუტად ილტვიან დასახული მიზნებისკენ და გზას ბრძოლით იკვლევენ. ამიტომაცაა, რომ წარმატებას, სახელსა და სიმდიდრეს 40 წლამდე იხვეჭენ. მაგრამ, თუ ასე არ მოხდა, გამოდის, თავიანთი პოტენციალი ბოლომდე ვერ გამოიყენეს, ან მიმართულება არასწორად აირჩიეს. ქალი M ასოთი ძალიან ჭკვიანია, შესანიშნავად ერკვევა ფინანსებში და მდიდრდება კიდეც; ქმარსაც ეხმარება თანხის განკარგვასა და სარფიანი პარტნიორის შერჩევაში. ბევრ ცნობილ მდიდარ ადამიანს, მათ შორის, ბილ გეითსსა და უორენ ბაფეტსაც აქვთ ასო M ხელისგულზე. ასეთი პროფესიონალები არაფრისგან უზარმაზარ იმპერიებს ქმნიან და სიმდიდრით მრავალ თაობას უზრუნველყოფენ. M მარჯვენა ხელისგულზე სიმდიდრისა და წარმატების ნიშანია, მარცხენაზე კი – პატრონის სულიერ უპირატესობებზე მიუთითებს. საერთო ჯამში, სიმდიდრის, ლიდერობის, წარმატებისა და ბრწყინვალე შესაძლებლობების სიმბოლოა.

წყარო: თბილისელები