უნდა მოხდეს თუ არა პროსტიტუციის ლეგალიზება - რას ფიქრობენ სფეროში მომუშავე ადამიანები?

  • რეზონანსი
  • 12 მაისი 22:46

უნდა მოხდეს თუ არა საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზება და რამდენად მზად არის საზოგადოება, ხელისუფლება და თავად პროსტიტუციაში ჩართული ადამიანები იმისთვის, რომ ეს სფერო კანონის დონეზე დარეგულირდეს.

ამ თემაზე დისკუსია მას შეემდეგ გაიხსნა, რაც  8 მაისს  სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული და კიდევ ორი პირი  პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ფართის გადაცემის ბრალდებით დააკავეს. ხუცურაული ამავე ბრალდებით, 2007 წელსაც დააკავეს. ის დანაშაულისათვის სასჯელს სამი წლის განმავლობაში იხდიდა. იმავე ბრალდებით როენა ხუცურაული 2013 წელსაც დააკავეს, თუმცა მაშინ 40 ათას ლარიანი ჯარიმა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.  როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზ.ქ.-ს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.  მათ  სასჯელაღსრულების დაწესებულება თანხის გადახდისთანავე დატოვეს.  


პროსტიტუციის ლეგალიზებას როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეები ჰყავს. საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი. მომხრეების არგუმენტები შემდეგია:


ლეგალიზება იქნება  საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისათვის.  სამართალდამცავების მიერ თითქმის სრულ კონტროლზე იქნება აყვანილი ეს სფერო, შესაბამისად მასში დასაქმებული პირების, ასე ვთქვათ, ასავალ-დასავალი მათთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი იქნება. სექსმონობის მსხვერპლი ბევრი ადამიანი ხდება, მათ შორის საქართველოში. ეს ნაბიჯი კი შეამცირებს ამ საფრთხეს. ასევე,  სექს-ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება დაცული იქნება და აღარ ექნება ადგილი მათზე ძალადობას. სექსმუშაკთა ჯანმრთელობის მდგომარეობას გაკონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რაც შეამცირებს ვენერიულ დაავადებათა გავრცელების რისკს; ვერავინ შესძლებს ამ ბიზნესში არასრულწლოვანთა ჩართვას; ხოლო, ის ფული, რაც ამ ინდუსტრიაში ტრიალებს, შევა ბიუჯეტში, ნაცვლად იმისა, რომ დაილექოს სადღაც, არც თუ ისე პატიოსანი ადამიანების ჯიბეებში.  


საქართველოში პროსტიტუციით დაკავებული პირები ორ ძირითად ჯგუფად - ქუჩაში და შენობაში მომუშავე  სექს-მუშაკებად იყოფიან. ქუჩაში მდგომი ადამიანები ყველაზე მეტად დაუცველები არიან, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც მათზე ძალადობენ -  მომხადარი ფაქტის სასამართლო დავამდე მიყვანისგან სექს-მუშაკები თავს იკავებენ. პროსტიტუციის ზედამხედველობას არც ერთი სახლემწიფო სტრუქტურა არ ახორციელებს, ლეგალიზების შემთხვევაში კი იზრდება მათი უსაფრთხოება, „ნაკლებია საფრთხეა  ჯანმრთელობის მხრივაც. 


პროსტიტუციის ლეგალიზებას აქტიურად „გირჩი“ ემხრობა. „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე როენა ხუცურაულის დაკავებას  შერჩევით სამართალს უწოდებს და პროსტიტუციის ლეგალიზების აუცილებლობაზე საუბრობს. ჯაფარიძემ ხელისუფლება  ერთგვარ პროვოკაციაში გამოიწვია და  საკუთარ ოფისში  საროსკიპო სახელწოდებით „პიონერი“ გახსნა. 


ჯაფარიძის თქმით, არ არსებობს არანაირი თვისობრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის, სადაც ადამიანები ხშირ შემთხვევაში, ფასიან სექსუალურ მომსახურებას იღებენ, ამიტომ, მისი თქმით, დღეს ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, რომელსაც სექსინდუსტრიაში საკუთარი სურვილით ჩართული ადამიანების შემოსავალი ეწირება.


„ერთადერთი გზა იმისათვის, რომ დასრულდეს ძალადობა სექსმუშაკთა მიმართ და სახელმწიფომ დაიცვას ისინი ძალადობისგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისგან სამართალდამცავების მხრიდან და გარდა ამისა, მოხდეს სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, ეს არის პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია. ამ სფეროში ჩართულ ადამიანებს საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ყველა საკუთარი სურვილის მიხედვით იყენებდა. ესენი არიან ყველაზე დაუცველი პროფესიის ადამიანები, რომლებსაც ყველა ხელისუფლება საქართველოში საკუთარი სურვილისამებრ იყენებს“, -აცხადებს ჯაფარიძე.  


თუმცა ზურაბ ჯაფარიძისგან განსხვავებით თავად ამ სფეროში დასაქმებული ქალების ნაწილის მოსაზრება პროსტიტუციის ლეგალიზებასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია. „რეზონანსთან“ საუბრისას ისინი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რის გამოც ამ სფეროს კანონის დონეზე დარეგულირების მოწინააღმდეგეები არიან.  პირველ რიგში  მათ არ სურთ ლეგალიზება, რადგან  არ აქვთ შესაძლებლობა, რომ გადაიხადონ გადასახადები და ასევე,  ლეგალიზების შემთხვევაში, ჩნდება რეალური საშიშროება, რომ მოხდება მათი იდენტიფიცირება. ამასთანავე, მათ მოუწევთ ოფიციალური რეგისტრაციის გავლა. გამოდის, რომ ლეგალიზების პირობებშიც გააგრძელებენ არალეგალურ მუშაობას და დაეკისრებათ გაცილებით დიდი სანქციები, ვიდრე დღეს არსებული 20-ლარიანი ჯარიმა. 


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი თამარ დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, უმჯობესია, თუ კი ქვეყანაში მოხდება პროსტიტუციის დეპენალიზაცია. მისი თქმით, ამ გზით, სექსმუშაკები, რომლებიც განსაკუთრებულად მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, მოახერხებენ საკუთარი უფლებების დაცვასა და ძალადობისგან თავის დახსნას. 


„იმის გამო, რომ პროსტიტუცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დასჯადი ქმედებაა და ჯარიმას ითვალისწინებს, სექსმუშაკები მათზე ძალადობის შემთხვევაში, ვერ და არ მიმართავენ სამართალდამცავებს. დეპენალიზაციის შემთხვევაში კი სექსმუშაკებს მოეხსნებათ შიში, რომ მათზე ძალადობის შემთხვევაში, აქეთ დასდებენ სამართალდამცავები ბრალს ადმინისტრაციული სამართალდარღვევაში. 


ხშირად ადგილი აქვს სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ისინი სექსმუშაკებს აიძულებენ გაუწიონ უფასო მომსახურება იმის სანაცვლოდ, რომ შემდგომში, აღარ გამოუწერონ ჯარიმა. დეპენალიზაციის შემთხვევაში კი ეს იძულებაც აღმოიფხვრება,“ - აცხადებს დეკანოიძე. 


რაც შეეხება ლეგალიზებას, თამარ დეკანოსიძე აცხადებს, რომ ეს ისევ იმ სექსმუშაკებზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას, რომლებიც უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ. 


პროსტიტუციის ხელშეწყობას არეგულირებს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, გარკვეულ შემთხვევებში კი ვადით სამიდან ექვს წლამდე. 

წყარო: რეზონანსი