რატომ იბუდებენ ბინაში იდუმალი არსებები და რა გზით "შემოვირიგოთ" ფუძის ანგელოზი

  • თბილისელები
  • 12 მაისი 20:35

სახლი ის ადგილია, სადაც დღის დაძაბული რიტმის და მომქანცველი მუშაობის შემდეგ ადამიანმა უნდა დაისვენოს, თავი კომფორტულად იგრძნოს.

თუმცა, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მათთვის მსგავსი იდილია და სიმშვიდე უცხოა. ალბათ, არც კი დაფიქრებულხართ იმაზე, ვის ეკუთვნოდა წინათ ბინა, რომელიც შეიძინეთ და ცხოვრობთ ოჯახთან ერთად, ან რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ; რა ვნება და რა ძალა ტრიალებდა თქვენს მისვლამდე იქ. ფაქტებით დადასტურებულია, რომ თუ სახლში თვითმკვლელობა მოხდა ან ბოროტი ზრახვის ადამიანები ცხოვრობდნენ, უარყოფითი ენერგია ტრიალებს. ასეთი ბინის შეძენისას და იქ დასახლების შემდეგ კი ხშირად ბოროტი ძალების მსახური თავად ხდებით და შესაძლოა, წლების წინ მომხდარი ტრაგედია წლების შემდეგ კვლავ დატრიალდეს. მისი თანამონაწილე ან თვითმხილველნი გახდეთ. ასეთ თემებზე ბატონ ვალერის ვთხოვეთ კომენტარი, რომელიც მსგავს მოვლენებს იკვლევს და ამ პრობლემების წინაშე თავად იდგა წლების წინ.


ვალერი: ჩემი წინაპრები კახეთიდან იყვნენ წარმოშობით. მეც თელავის რაიონის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ვარ გაზრდილი. ჩემს მშობლებს მემკვიდრეობით ერგოთ დიდი ორსართულიანი სახლი, ეზო და ვენახ-ბოსტნები. სამი ძმა გავიზარდეთ იქ და ახლაც ბედნიერად მახსენდება ის წლები. მერე წამოვიზარდეთ. სამივემ თბილისისკენ გამოვწიეთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში გვესწავლა, დავამთავრეთ უმაღლესი სასწავლებლები და სამწუხაროდ, უკან არც ერთი არ დავბრუნდით. სამივემ თბილისელი ცოლი მოვიყვანეთ. ჩემს ძმებს სიდედრ-სიმამრებმა დაუტოვეს ბინები, მე კი ცოლთან ერთად ქირით გავედი, რადგან ჩემს ცოლის ძმას ორი შვილი ჰყავდა, დედ-მამა და ოროთახიან ბინაში თვითონაც ვიწროდ იყვნენ. ჩემმა მშობლებმა იფიქრეს, ესენი აქ ჩამომსვლელები აღარ არიანო, გაყიდეს იქაურობა და თბილისში იყიდეს ბინა. რადგან მე ქირით ვცხოვრობდი და თან უმცროსი შვილი ვიყავი, მე დამიმტკიცეს. მოკლედ, ბინა გავარემონტეთ, ავეჯიც შევიძინეთ და გახარებულები შევსახლდით. იტალიურ ეზოში, მესამე სართულზე ვცხოვრობდით და მადლობა ღმერთს, კარგი სამეზობლოც დაგვხვდა. მაგრამ რად გინდა? სულ რაღაც ერთი თვის შესულები ვიყავით, ერთ-ერთ მეზობელს სუფრასთან წამოსცდა, რომ მცოდნოდა, ასეთი კარგი ხალხი იყავით, პირველი მე დაგიშლიდით აქ გადმოსვლასო.


– ასე რატომ გითხრათ?


– სიმართლე გითხრათ, დედაჩემმა რომ მითხრა ბინის სანახავად მივდივარ და წამომყევიო, მაშინ შემეპარა ეჭვი, ასე იაფად ვინ ყიდის ახლა ბინას-მეთქი. იქ მისულებს კი შავებში ჩაცმული ქალბატონი დაგვხვდა. კი გვითხრა, ახლა ძვირია ასეთი ბინები, მაგრამ მე ერთი სული მაქვს, გავყიდო და აქაურობას გავეცალოო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. მერეღა შევიტყვეთ, რომ თურმე ამ ქალის შვილი ნარკომანი ყოფილა, ბოლოს თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე. ამ ქალს კი წლების განმავლობაში შიშები ჰქონია, რაღაც ხმები ესმოდა თურმე, ხან რა ცვიოდა იატაკზე, ხან – რა და ერთი სიტყვით, ვერ გაარკვიეს, რა ხდებოდა. მანამდე კი ამ სახლში ერთი მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, თურმე, რომლებსაც შვილი არ ჰყავდათ და გაბოროტებულები ავი საქმიანობით, ჯადოებით ყოფილან დაკავებულნი.


– მსგავსი იდუმალი ფაქტები თქვენი გადასვლის შემდეგაც ხდებოდა?


– ჭურჭელი იატაკზე ნამდვილად არ ცვიოდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა. შვილი რომ გამიჩნდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო ქვეყანაზე. მაიკოს დაბადებამ თითქმის მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ხუთი წლის რომ გახდა, ღამით, ძილში დაიწყო ბოდვა. მერე დგებოდა, დადიოდა თვალდახუჭული აქეთ-იქით. მე და ჩემი მეუღლე ფეხაკრეფით დავყვებოდით უკან. ამბობენ, ამ დროს ადამიანის გამოღვიძება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, ჭკუიდან გადავიდესო. დედაჩემმა თქვა, ამ ასაკში მთვარეულობა ჩვეულებრივი მომენტია და ეს გაივლის, ნუ ნერვიულობთო. ერთ ღამესაც მაიკო მძინარე ადგა, იარა ოთახებში და ბოლოს ფანჯარას მიადგა, გამოაღო და... ჩემმა ცოლმაც დაიკივლა. ბავშვი გამოფხიზლდა, ისტერიკული ტირილი დაიწყო. რომ ვკითხეთ, რა მოგივიდაო, გვიპასუხა, სიზმრად ვიღაც შავებში ჩაცმული ცოლ-ქმარი მოვიდა, მითხრეს, ფანჯარასთან მოდი, რაღაც უნდა გაჩვენოთო. რომ მივედი, გარეთ გამახედეს და ვიღაც ახალგაზრდა ბიძია დამანახეს, ხელში დანა ეჭირა და დიდი თვალებით მიყურებდა, თითქოს მე მელოდებოდა, როდის ჩავხტებოდი და მომკლავდა. ის ცოლ-ქმარი კი მეუბნებოდა, მიდი, გადახტი ფანჯრიდან მასთან, იმასაც არ უნდოდა, მაგრამ დაგვიჯერაო. აი, მაშინ გამახსენდა ბინის წარსული ამბები. მივხვდი, ეს ბინა დაწყევლილია და გამუდმებით მსხვერპლს ითხოვს, მაგრამ, ახლა იმდენი თანხაც არ მაქვს, გავყიდო და სხვა უბანში ვიყიდო. კედლები მიწისძვრის დროს დაუზიანდა, კიბეც მორყეულია... მოკლედ, მას იაფად თუ გაყიდი და ისიც ისე, მისი წარსული თუ არ გამოქექეს.


– პირად საუბარში მითხარით, იდუმალი ხმები მეც მესმისო. რას გულისხმობდით?


– პარაფსიქოლოგები ამბობენ, იმ ბინაში, სადაც ადამიანმა თავი მოიკლა, მისი იდუმალი ხმა ხშირად ესმით იქ მცხოვრებლებსო. მსგავსი ფაქტები ძალიან ბევრია და ამაზე უამრავი კვლევაც ჩატარდა. ჩემი გოგონას სიზმრის შემდეგ შიშმა ამიტანა, ღამეები არ მეძინა. მადლობა ღმერთს, ახლა მსგავსი რამ აღარ მომხდარა. რაც შემეხება მე, ხშირად მესმის, თითქოს ვიღაც კარს აღებს, ფანჯარას ხურავს. არაერთხელ ფეხის ხმაც შემომესმა. სულ მგონია, ვიღაც მეძახის: ვალერი, ვალერი!.. გავიხედავ, არავინ არის. ჩემი მეუღლე და მშობლები გიჟებს ჰგვანან. მეუბნებიან, მოლანდებები ხომ არ დაგეწყო, ჭკუიდან არ გადახვიდე, თავი ხელში აიყვანეო. არადა, მე ხომ არ მინდა ეს? მესმის მსგავსი იდუმალი ხმები და რა ვქნა? ჩემი თავი ჯანდაბას! ერთადერთი შვილი მყავს და მას რომ საფრთხე დაემუქროს, ხომ თავი მოვიკალი?


– გეთანხმებით, ძნელია, ასეთი შიშით ცხოვრება და მაინც, რას აპირებთ?


– ჩემი ცოლის ნათესავი იყო პარაფსიქოლოგთან და მისთვის უკითხავს რჩევა. სწორედ მას უთქვამს, თითქოს ჩვენი ოჯახის ანგელოზი იმ სახლშია დარჩენილი, სადაც ადრე ვცხოვრობდით. ისიც უთქვამს, თუ სახლს ფუძის ანგელოზი არ იცავს, იქ მცხოვრებნი ვერ გაიხარებენ, სულ პრობლემები ექნებათო. თუ მოვახერხე, ჩავედი ძველ სახლში და ფუძის ანგელოზი აქ ჩამოვაბრძანე, ხომ კარგი, თუ არადა, არ ვიცი, რა იქნება.


– ეს როგორ უნდა მოახერხოთ, მსგავსი რამ შესაძლებელია?


– ეს ჩემთვისაც უცნაური იყო. მაგრამ, დამიჯერეთ, თურმე, შესაძლებელი ყოფილა. ძველად, ჩვენი წინაპრები, თურმე, ისე არ შეიცვლიდნენ საცხოვრებელს, თუ ჯერ ფუძის ანგელოზს არ გადაიყვანდნენ ახალ სახლში. ამისთვის კი სპეციალური რიტუალის ჩატარებაა საჭირო. როგორც გავარკვიე, ანგელოზი, თურმე, ისეთ ნივთში სახლდება, რომელიც წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოდის. არადა, სოფელში ასეთი უამრავი ნივთი გვქონდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მაგრამ, ერთი განსაკუთრებით გვიყვარდა და ვუფრთხილდებოდით. ეს იყო ჭაღი, რომელსაც უცნაური ნავისებური ფორმა ჰქონდა და გარშემო მინის ბურთებით იყო მორთული. ახლა რომ ვუფიქრდები, მის მიმართ მართლაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვქონდა. ვერ გეტყვით, რატომ დატოვეს ის ჩემმა მშობლებმა ძველ ბინაში.


– არასდროს გიკითხავს, რატომ არ წამოიღეს თან?


– ეს ამბები რომ გავარკვიე, მერე ვკითხე და მითხრეს, ვინც ის სახლი იყიდა, გვთხოვა ჭაღიც მიგვეყიდა და სოლიდური თანხა გადაგვიხადესო. ახლა კი იძულებული ვარ, ჩავიდე და იქ ჩასახლებულ ჩვენი ფუძის ანგელოზს პატიება და გამოყოლა ვთხოვო. ეს კი ასე უნდა გავაკეთო: ჭაღთან მივიტანო ანთებული სანთელი და წყლით სავსე ჭურჭელი, ასევე, ტკბილეული, რომ მისი ყურადღება მივიპყრო. სანამ სანთელი ჩაიწვება, მანამდე ჩუმად უნდა ვიდგე და თან გულში ვამბობდე: „ფუძის ანგელოზო, მე შენ მჭირდები, გამომყევი, აღარასდროს მიმატოვო“. თუ სანთლის ჩაწვისას, წყალში რგოლები გაჩნდა, ესე იგი, ფუძის ანგელოზი თანახმაა. ის ტკბილეული და წყლით სავსე ჭურჭელი უნდა ჩამოვიტანო თბილისში და აქ დავდგა. შემდეგ სანთელი ისევ ავანთო და მადლობა გადავუხადო. იქნებ ასე გვეშველოს და ჩვენც დავწყნარდეთ, მშვიდად დავიძინოთ. ამ ხერხით, თურმე, არაერთი ოჯახი გადაურჩა უბედურებას და ეს თავდაცვის ერთადერთი გზაა. სხვათა შორის, ისიც მითხრეს, რომ თურმე, ყველა ოჯახში უნდა იდგას ტკბილეულით სავსე ლანგარი სუფრაზე ფუძის ანგელოზისთვის, ამით თქვენს კეთილგანწყობას გამოხატავთ მის მიმართ და ისიც ამითვე გიპასუხებთ.

წყარო: თბილისელები