"შეყვარებულის წყევლამ მიწია"

  • სარკე
  • 8 მაისი 15:14

სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

ბოროტად ნათქვამით, წყევლით, სულ მცირე, შეიძლება შევაფერხოთ ადამიანის ცხოვრება, უარყოფითისკენ მივმართოთ, ხოლო დალოცვით და ტკბილი სიტყვით კი შევეწიოთ, უკეთესობისკენ წავიყვანოთ. ამ მოვლენას ეკლესიაც აღიარებს და მეცნიერებაც.


,,სარკის” რესპონდენტი, ქალბატონი ლენა, უკვე მოწიფულ ასაკშია და ამბობს, რომ მისი უბედობის მთავარი მიზეზი წყევლაა, რომელიც წარსულიდან მოჰყვება.


ლენა:


– შეყვარებულმა დამწყევლა. ამბობენ, კაცის წყევლას განსაკუთრებული ძალა აქვსო. მსგავსი რაღაცების არ მჯეროდა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ დავეჭვდი – იქნებ იმ წყევლამ მიწია-მეთქი. მითხრა, ბედნიერებას არ ეღირსოო, და მართლაც, რამდენჯერაც მივედი პირადი ბედნიერების ზღვართან, სიტუაცია ისე შებრუნდა, რომ ბედნიერებას ავცდი.


– რამ გაამწარა ის ბიჭი ისე, რომ დაგწყევლათ?


– მეცხრე კლასში ვსწავლობდი, დიმა რომ გავიცანი. სხვა სკოლიდან გადმოვიდა ჩემს კლასში. მოგეხსენებათ, ახალ მოსწავლეს ბავშვები როგორ უყურებენ, უცხო სხეულად აღიქვამენ, აკვირდებიან, მისი ყველა ნაკლი თვალში ხვდებათ, უნდობლად ექცევიან.


დიმას მართლაც ჰქონდა ფიზიკური ნაკლი, ცალი თვალი გაურბოდა, განსაკუთრებით – ნერვიულობის დროს. გულდახურული ბიჭი იყო, დაკომპლექსებული. არადა ნაკითხი გახლდათ, კარგადაც სწავლობდა. ბიჭებს მისი გამჭრიახი გონება და ცოდნა აღიზიანებდათ, არავინ ემეგობრებოდა.


ერთხელ ბიჭებს ჩხუბი მოუვიდათ სხვა სკოლელებთან. ეს ამბავი გამჟღავნდა და სკოლის დირექციამდე მივიდა. ერთი ამბავი მოჰყვა. “ჩამშვებად” რატომღაც დიმა ჩათვალეს. მერე აღმოჩნდა, რომ გოგოსგან იყო გამჟღავნებული, თუმცა ბიჭებს დიმასთვის ბოდიში არც მოუხდიათ, არც შეხედულება შეუცვლიათ მასზე.


ამან ჩემში დიმას მიმართ სიბრალული გამოიწვია. ჩაგვრას ვერასდროს ვიტანდი, ყოველთვის ვაპროტესტებდი. დიმაც დავიცავი.


– ბიჭებმა როგორ მიიღეს, დიმას გამო რომ დაუპირისპირდით?


– ცხადია, არ ესიამოვნათ, თუმცა ანგარიში გამიწიეს. შეეძლოთ აბუჩად ავეგდე, როგორც, ჩვეულებრივ, სხვა შემთხვევაში მოიქცეოდნენ… პატივს მცემდნენ და განზე გადგნენ. დიმას დამეგობრება არ უცდიათ, მაგრამ ურთიერთობა დააბალანსეს. მე კი დიმას დავუახლოვდი. როცა მას შევუყვარდი, თანაგრძნობით ვუპასუხე.


შეყვარებულებად ვითვლებოდით, მაგრამ მეტწილად მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. მაშინდელი შეყვარებულები ახლანდელებთან შედარებით სხვაგვარები იყვნენ. ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ დიმას არასდროს ჩავხუტებივარ, არც თვითონ უცდია მომხვეოდა და ეკოცნა, ხელშეუხებლად მთვლიდა.


– თქვენ შორის განხეთქილება რამ გამოიწვია?


– სკოლის დამთავრებისთანავე დიმამ მთხოვა, გვექორწინა. სწავლის გაგრძელება მსურდა და ქორწინება გადავუვადე. სამი წლის აბიტურიენტობის, თავდაუზოგავი სწავლის შედეგად უნივერსიტეტში ჩავირიცხე იმ ფაკულტეტზე, რომელზეც მინდოდა. შეყვარებულს ისე ხშირად ვეღარ ვხვდებოდი, როგორც ადრე.


დიმა სკოლის დამთავრებიდან პირველივე წელს გახდა სტუდენტი. მისთვის სწავლა გაცილებით იოლი იყო, ვიდრე ჩემთვის. თავისუფალი დროც მეტი რჩებოდა და სურდა, ერთად გაგვეტარებინა. ხშირად ვერ ვახერხებდი და სწყინდა.


– ამასობაში გრძნობა და ურთიერთობა გაგიცივდათ?


– სხვა სამყაროში მოვხვდი. სიყვარულისთვის ვეღარ ვიცლიდი. წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი და მუშაობა დავიწყე. აღმოჩნდა, რომ ვასოც იმ სამსახურში მუშაობდა. სტუდენტობისას გავიცანი, ყურადღებას მაქცევდა, თურმე მოვწონდი. მასთან ერთ სამსახურში რომ მოვხვდი, გაიხარა, გააქტიურდა. მეგობრული კოლექტივი შეგვხვდა, ერთად დავდიოდით. ვასო კომპანიის სული და გული იყო. ცდილობდა, საღამოს სახლამდე გავეცილებინე, მაგრამ თავს ვარიდებდი.


ერთხელაც ვეღარ ავირიდე და სიყვარული ამიხსნა. ამან ჩემზე უზომოდ იმოქმედა. დავიბენი. ვგრძნობდი, ჩემი სიმპათია ვასოსკენ იხრებოდა. არადა დიმასთვის პირობა მქონდა მიცემული, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცოლად გამოგყვები-მეთქი.


ავირიე. დიმამ დაბნეულობა შემნიშნა და პირობის შესრულება მომთხოვა. ძველებურად ვუყვარდი. ამ ხნის განმავლობაში ანგარიშს მიწევდა, არაფერს მაძალებდა, იმ დღეს კი კატეგორიულად მომთხოვა, შევუღლებულიყავით.


ვუთხარი, ქორწილის გარეშე ჩემები არ გამათხოვებენ-მეთქი. ვიცოდი, არც დიმას და არც მის ოჯახს ქორწილის საშუალება არ ჰქონდათ. დროის გაწელვა მინდოდა, იქნებ ამასობაში ჩემს თავში გავრკვეულიყავი. დიმა მიხვდა, რომ ხელოვნურად ვქმნიდი პრობლემას და მომთხოვა, დროულად გადამეწყვიტა – ან ახლა, ან არასდროსო. სამ დღეში უნდა მეთქვა პასუხი.


საშინელ დღეში ჩავვარდი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ვასო მომწონდა, თუმცა თავი დიმას შეყვარებულად მიმაჩნდა. დიმას წინაშე ვალდებულებას ვგრძნობდი, გული კი სხვისკენ მიწევდა.


– ვასომ იცოდა თქვენი სიტუაცია, სხვის საცოლედ რომ ითვლებოდით?


– ავუხსენი. მითხრა, მინდა, ჩემთან იყო, თუმცა შენი ასარჩევიაო. გადამწყვეტი დღე რომ მოახლოვდა, ძალიან ვღელავდი. დიმასთვის საღამოს უნდა მეთქვა პასუხი. სამსახურში ყველა მამჩნევდა, რომ რაღაც მჭირდა. ვასომ ცალკე გამიყვანა, სურდა, გავემხნევებინე, გულში ჩამიკრა და მოულოდნელად მაკოცა. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს შეხება ქალისთვის, თანაც პირველი შეხება… იმ კოცნამ თავისი საქმე გააკეთა.


საღამოს უკვე აღარ ვმერყეობდი. თავდაჯერებით მივედი დიმასთან და ვუთხარი, არ გამოგყვები-მეთქი. დიმამ დამწყევლა, იმედი რომ გავუცრუე. იქ დამთავრდა ჩვენ შორის ყველაფერი.


– ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, დიმას რომ უარი უთხარით?


– ცხოვრება ისეთ თავისებურებებს გვთავაზობს, ზოგჯერ ვერ ვსაზღვრავთ, რა არის სწორი და რა – არასწორი, როგორ აჯობებდა, მომხდარიყო.


მივხვდი, რომ დიმა ისე არ მიყვარდა, მასთან ერთად მთელი ცხოვრება გამეტარებინა, ოჯახური ტვირთი მეზიდა. ვერც მას მოვატყუებდი და ვერც საკუთარ თავს. ვეცადე, ყველაფერი გულახდილად ამეხსნა. მან კი ჩემი გულწრფელობა ვერ დააფასა და დამწყევლა.


ცხოვრებამ აჩვენა, რომ დიმა კარგი მეოჯახე და საუკეთესო მამა დადგა. ცოლი მოგვიანებით შეირთო, ცხოვრება აიწყო, თავის საქმიანობაშიც წარმატებას მიაღწია, ფინანსურადაც მყარად დგას.


– როგორც ჩანს, ვასოსთან არ გაგიმართლათ…


– იმ დღის შემდეგ ვასოს ბარიერი შევუქმენი. შინაგანი წინააღმდეგობა, რომელიც მქონდა, დიმასთან დაშორების შემდეგ უფრო გამიმწვავდა. იმის ნაცვლად, რომ ვასოსთვის გამეხსნა გზა, პირიქით მოვიქეცი, გზა ჩავუკეტე, არსად დავყვებოდი, რაღაცებს ვიმიზეზებდი… შედეგი ის იყო, რომ ვასო დავკარგე, უფრო სწორად, სხვა გოგომ წამართვა, რომელმაც იაქტიურა და ხელში ჩაიგდო.


არავინ იფიქროს, ქალი თუ კაცს ბარიერებს შეუქმნის, კაცი ამ ბარიერების გადალახვას ეცდება, სულ რომ ჭკუა ეკეტებოდეს მასზე. თუ სხვასთან იოლი გზა დახვდება, დიდი შანსია, მისკენ გაიწიოს.


– დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ თქვენს მოქმედებას, რატომ უქმნიდით წინააღმდეგობას თქვენთვის მისაღებ და სასურველ ბიჭს, როცა უკვე თავისუფლება მოგეცათ? ამას დიმას წყევლას უკავშირებთ თუ თქვენივე შინაგანი მდგომარეობის გამოძახილს?


– ჩავთვალე, რომ დიმასთან არასწორად მოვიქეცი და ამის გამო საკუთარი თავი დავსაჯე. ვასოსაც ამიტომ ვაწვალებდი. სხვა რომ შეირთო, ამას დიდი გულისტკივილით შევხვდი. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მე კი არ გამოვიწვიე ეს ყველაფერი, არამედ ვასომ მიმატოვა თავისი ნებით, მიღალატა და გამაწბილა.


– ასეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ალბათ კარგახანს არ გექნებოდათ ახალი სიყვარულისა და ურთიერთობისთვის მზაობა.


– საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდი გავიარე, სანამ ახალ სიყვარულს შევხვდებოდი. მანამდე იყო მოწონებები, მათ შორის ღირსეული ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც სერიოზულ ურთიერთობას მთავაზობდნენ. თითქოს წინააღმდეგიც არ ვიყავი, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მიდიოდა. მოულოდნელად წყდებოდა იქ, სადაც არ უნდა გაწყვეტილიყო. ვფიქრობდი, პრობლემა ჩემში იყო. ახლა ვფიქრობ, რომ შეიძლება ეს წყევლამ გამოიწვია, რომელიც ძალაუნებურად ჩემს ქვეცნობიერში დაილექა.


– ახალი სიყვარული ახსენეთ და ამასთან დაკავშირებით რაში არ გაგიმართლათ?


– 43 წლის ვიყავი, შოთას რომ შევხვდი. შესანიშნავი პიროვნება იყო. მისი მხრიდან გრძნობა წამოვიდა და ცოლობა მთხოვა. ვერ ვიტყვი, რომ მაშინვე მომეწონა. ანგარიში გავუწიე ჩემს ასაკს, პირობებს, შოთას ადამიანურ ბუნებას და გავყევი. თანაცხოვრებაში შემიყვარდა. შვილი არ შეგვეძინა, ჩვენი ოჯახი რომ გაგვემყარებინა. ვმკურნალობდი, ვცდილობდი…


ისევე მოულოდნელად გავშორდით, როგორც გავყევი. მიზეზი არ ვიცი. უცებ გადავწყვიტეთ, რომ გავყრილიყავით… შუახნის, სერიოზული ადამიანები ბავშვებივით მოვიქეცით. რამდენიმე წელი ისე ვიცხოვრეთ, არ გვიჩხუბია. დღემდე არ ვიცი, რატომ დავანგრიეთ ოჯახი – თავის დროზე ხომ შვილის გამო არ შევურთივარ, ჩემი ასაკი იცოდა. ბოლომდე უცოლოდ დარჩა. რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დამენანა, როგორც პიროვნება. მის მიმართ სიყვარული არ შემრჩენია, მაგრამ მაშინ ხომ მიყვარდა.


არამარტო პირადში, კარიერაშიც არ გამიმართლა. მარტოხელა ქალი გადაგებული ვიყავი სამსახურზე, მაგრამ წინსვლა არ მქონია. უფრო მაღალი პოზიციის და უკეთესი ხელფასის ვარიანტი თუ გამოჩნდებოდა, მოულოდნელად სხვებს აწინაურებდნენ. მუდმივად ერთ ადგილს ვტკეპნიდი. რამდენიმე სამსახურის გამოცვლა მომიწია და ყველგან ერთსა და იმავე სიტუაციაში ვვარდებოდი. ლუკმაპურის საშოვნელად სამსახურს თავს ვაკლავდი, მის იქით კი ვეღარ წავედი.


– დიმამ იცის, მის წყევლას რომ უკავშირებთ თქვენს უბედობას?


– სკოლის დამთავრებიდან 45 წლისთავზე შევიკრიბეთ კლასელები და იქ მომეცა საშუალება, მეთქვა. სხვა დროსაც ვიკრიბებოდით ხოლმე, მაგრამ დიმა არ მოდიოდა, თავს არიდებდა.


– თქვენი ნათქვამი როგორ მიიღო?


– დაფიქრდა, დამძიმდა, არაფერი მიპასუხა. მანამდე, მთელი საღამო ისე თბილად მექცეოდა, თითქოს წარსულში გადავარდა, თითქოს გრძნობა გაუახლდაო. წყევლა რომ ვუხსენე, არ ესიამოვნა და მერე აღარც მომეკარა. ალბათ დავაფრთხე. სინანული ვერ შევატყვე. ეტყობა, ბოლომდე მაინც ვერ მპატიობს.


– წყევლა მაწყევარსაო, ხომ ამბობენ… ეს დიმას ცხოვრებაზე არ აისახა?


– არც მისი ცხოვრება იქნებოდა ია-ვარდით მოფენილი. სახეზე ამჩნევია ცხოვრების სიმძიმე, თუმცა მაინც მიაღწია იმას, რისკენაც ისწრაფვოდა.


გულწრფელად გეტყვით, არ მინდა, ეს წყევლა მასვე მიეწიოს. მსხვერპლად ჩემი ცხოვრებაც საკმარისია. უბრალოდ ვთხოვე, ტაძარში მოინანიე-მეთქი. არ მინდა, ცხოვრების დარჩენილი წლები დაწყევლილმა ვიარო.


– თავად თუ უთხარით მოძღვარს, რაც თქვენს თავს მოხდა? იქნებ პარაკლისი გადაეხადა, წყევლის ახსნის ლოცვა წაეკითხა?


– ჩემი შეცდომა ის არის, რომ ამ კუთხით გვიან გავაანალიზე ყველაფერი და მას შემდეგ გავენდე მოძღვარს, როცა უკვე ცხოვრებამ ჩამიარა. თავის დროზე რომ მიმეღო ზომები, იქნებ ავცდენოდი ამ ხვედრს. ძალიან ვნანობ, რომ ეკლესიური ცხოვრება გვიან დავიწყე.

წყარო: სარკე