ბაჩო ქაჯაია: ,,როცა 50 კილოთი მეტი ვიყავი, ჩემი თავი მაშინაც მომწონდა” – როგორ დაიკლო მსახიობმა

  • sarkenews.ge
  • 3 მაისი 14:57

მსახიობი ბაჩო ქაჯაია ეკრანზე რადიკალურად შეცვლილი გარეგნობით და სრულიად ახალი ამპლუით დაბრუნდა – საზოგადოებრივ მაუწყებელზე “ღამის შოუს” წამყვანი გახდა.

მაყურებელი მსახიობის ტელეწამყვანობაზე მეტად მისმა დაკლებულმა კილოგრამებმა გააკვირვა. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბაჩომ 50 კილო დაიბერტყა. პარადოქსია, მაგრამ დღეს ქართულ ტელესივრცეში მაყურებელი ერთდროულად ორ სხვადასხვანაირ ბაჩო ქაჯაიას უყურებს: “პირველ არხზე” – შოუმენ ბაჩოს ახალი გარეგნობით, “იმედზე” სერიალში “შუა ქალაქში” 10 წლის წინანდელ “დედას ბუშტს”.


ასეთი რადიკალური ვიზუალური ცვლილების გამო გავრცელდა კიდეც ხმები, რომ მან ოპერაცია გაიკეთა და კუჭი დაიპატარავა. ეს სიმართლეა თუ არა და როგორია მსახიობის დღევანდელი ცხოვრება, ამის შესახებ ბაჩო ქაჯაია “სარკესთან” ყვება.


– ბაჩო, როდესაც იუმორისტული შოუს წამყვანობა გადაწყდა, გქონდათ შინაგანი ბრძოლები, შიში, როგორ გაართმევდით თავს?


– არანაირი შიში არ მქონია, გადაცემის გასვლამდე პატარ-პატარა თიზერებს ვაკეთებდით, რამაც საშუალება მომცა, უკეთესად შემეგრძნო ჩემი პერსონაჟი, რომელსაც ეს შოუ მიჰყავს.


– შოუს წაყვანისას თქვენი პირადი იუმორი გეხმარებათ თუ სამსახიობო უნარები და გადაცემის სცენარი?


– რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემგან მოდის, მაგრამ გამოხატვის საშუალება, ხუმრობების თქმა და დრამატურგია არის ცოტა განსხვავებული, ვიდრე ჩემი ხასიათი. ბაჩო ქაჩაია სახლში სტუმარს არ მიიღებს ისე, როგორც სტუდიაში იღებს. ადამიანებსაც ბაჩო ქაჯაია თავის სათქმელს სხვანაირი ფორმით ეუბნება.


– როგორ იღებთ საკუთარ სახლში სტუმარს და როგორი ფორმით ეუბნებით ადამიანს სიმართლეს რეალობაში?


– გააჩნია, რა მაქვს სათქმელი. ზოგადად იუმორი ჩემთვის კარგი საშუალებაა, სათქმელი ვთქვა და საკუთარი განწყობაც გამოვხატო. იუმორით უფრო სწორად შეძლებ, ადამიანებს გააგებინო, რაც გინდა, თუმცა ამ ყველაფერს აქვს დრო და ადგილი. საერთოდ ცხოვრებაში უფრო დიპლომატი ვარ, ვიდრე პირდაპირი. თუკი არ მკითხავენ აზრს, არ ვთვლი საჭიროდ, ვთქვა. რა თქმა უნდა, ეს ოჯახის წევრებს არ ეხებათ.


– საქართველოში იუმორი ძალიან პოლიტიზირებულია. თუ გადავხედავთ სხვა არხებზე იუმორისტულ შოუებს, ისინი პოლიტიკით არის გაჯერებული. თქვენს მონოლოგებში პოლიტიკა ნაკლებად იგრძნობა, ეს ერთგვარი სტრატეგიაა?


– ზოგადად ღამის შოუს ფორმატი თვითონ გულისხმობს პოლიტიკას არამარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში, თუმცა ჩვენ სხვა მიმართულებით წავედით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია აპოლიტიკურობა. შევეცდებით, ეს ხაზი შევინარჩუნოთ, თუმცა ალბათ ზოგჯერ მოგვიწევს მასთან შეხება. მაგალითად, როცა პოლიტიკოსი გვეყოლება სტუმრად, ბუნებრივია, იქ პოლიტიკაც იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებელი კარგი პლატფორმაა, რომ თუკი პოლიტიკური თემები იქნება, დაბალანსება შეძლო.


– ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეკრანზე არამარტო განსხვავებული ამპლუით, არამედ განსხვავებული გარეგნობითაც დაბრუნდით. მოგწონთ ახალი ბაჩო ქაჯაია?


– რაც შეეხება ვიზუალს, აზრთა სხვადასხვაობაა. ბევრს არ მოვწონვარ და მიზეზად ამბობენ, ძალიან გახდაო. მე, პირადად, ჩემი თავი ახლაც მომწონს და მაშინაც მომწონდა, როცა ზედმეტი წონა მქონდა. პრინციპში, როცა აღარ მომეწონა, მერე კი გავხდი ასეთი. საკუთარ თავს ყველა ეტაპზე ვიღებ ისეთს, როგორიც ვიყავი და განსაკუთრებული ბრძოლები არ მქონია.


– საინტერესოა, რომ ერთდროულად “პირველ არხზე” გადის გადაცემა აბსოლუტურად სხვა ბაჩო ქაჯაიას გამოსახულებით და “იმედზე” – სერიალი “შუა ქალაქში” პირვანდელი, “დედას ბუშტი” ბაჩოთი. დღეს როგორ გახსენდებათ სერიალის პერიოდი, რა კვალი დატოვა თქვენს ცხოვრებაში?


– სერიალმა, პირველ რიგში, პოპულარობა და ხალხის სიყვარული მომიტანა. ჩემი პერსონაჟი “დედას ბუშტი” იყო ძალიან საყვარელი და გულით მიიღო მაყურებელმა. პრინციპში, სერიალში ყველა დადებითი პერსონაჟია და ამიტომაც არის, რომ ის დღემდე პოპულარულია. როგორც მსახიობი, ძალიან გავიზარდე და ისეთი გამოცდილება მივიღე, დღემდე მეხმარება. იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ადამიანები შევიძინე. პრინციპში, მხოლოდ ოთარ ტატიშვილი და თათული ედიშერაშვილი გავიცანი ამ სერიალზე მუშაობისას, დანარჩენებს მანამდე ვიცნობდი.


– რა ემოციები გეუფლებათ ახლა, როცა ეკრანზე 10 წლის წინ გადაღებულ სერიალს უყურებთ?


– ერთადერთი, რასაც ვხვდები, ისაა, რომ არ მახსოვს ბევრი სერია და ახალი სერიალივით ვუყურებ. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ მათ ზედიზედ ვიღებდით და ახალ-ახალი ტექსტების დამუშავებისას ჩემი გონებიდან წინა სერიები ავტომატურად იშლებოდა. ახლა მართლა გულიანად ვიცინი ხოლმე, განსაკუთრებით – სხვა პერსონაჟებზე.


– რამდენი კილოგრამია სხვაობა ამ ორ ბაჩო ქაჯაიას შორის?


– მაქსიმუმი, ჩემი წონის პიკიდან დღევანდელობამდე, 50 კილო დავიკელი. ამ სერიალის განმავლობაშიც მქონდა დიეტების პერიოდი და ხანდახან ცოტა ნაკლებს ვიწონიდი.


– დიეტის რომელმა მეთოდმა გაამართლა ასე ეფექტურად?


– სწორი კვება და ვარჯიში. თავიდან ჩემი მიზანი არ ყოფილა, რომ მაინცდამაინც 50 კილო დამეკლო. ცურვაზე დავიწყე სიარული. შემდეგ შემომთავაზეს, იქნებ ფიტნესიც მოსინჯოო. ასე, პარალელურად დავიწყე ვარჯიში. მანამდე ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, დღეში 5 კილომეტრს ირბენო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ყველაფერს თავისი აზარტი ჰქონია, ყველაფერი თავისით აეწყო. დიეტოლოგი არ მყოლია, უბრალოდ შევზღუდე არაჯანსაღი საკვები და გადავედი ოთხჯერად კვებაზე ოთხსაათიანი ინტერვალებით.


– რაზე მოგიწიათ კატეგორიული უარის თქმა?


– ცომეულსა და ტკბილეულზე. ერთი წელი ალკოჰოლური სასმელიც არ მიმიღია, ახლა ზომიერად ვსვამ.


– როგორ ფიქრობთ, მაინც რა იყო თქვენი ზედმეტი კილოგრამების მთავარი მიზეზი?


– ალბათ ქართული ქეიფი, ხშირად მიწევდა სუფრასთან მოლხენა. ფხიზელ ადამიანს უჭირს ჭამაში ბალანსის დაცვა და მთვრალს – მით უმეტეს.


– მას შემდეგ, რაც წონაში დაიკელით და ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადახვედით, ალბათ სამეგობრო წრეც შეიცვალეთ. აბა, სხვანაირად როგორ ახერხებთ მეგობრული ქეიფებიდან თავის დაღწევას?


– სამეგობრო წრე არ შემიცვლია, მათთან ერთად ყოველთვის დავდიოდი, მაგრამ არ ვსვამდი. ჩემმა სამეგობრომ კულტურული სმა ისწავლა.


– რა შეგრძნებაა, როდესაც ადამიანი მთლიანობაში იცვლება, გარდერობი აბსოლუტურად თავიდან შესაქმნელი ხდება? ალბათ კომპლექსებიც გაქრა კილოგრამებთან ერთად.


– იმის გამო, რომ ამდენი კილო 2 წლის განმავლობაში დავიკელი, რადიკალური ცვლილებები ვერ აღვიქვი. ასე ეტაპობრივად მოხდა ჩემი გარდერობის შეცვლაც. ბავშვი როცა იზრდება, როგორც ის ვერ ხვდება ამას, ისე ვერ ვხვდებოდი, მე როგორ ვიკლებდი. ჩემს გარდერობში მხოლოდ ტანსაცმლის ზომები შეიცვალა, სტილი და გემოვნება იგივე დარჩა. ვერ ვიტყვი, რომ ადრე არ მიყვარდა ჩაცმა და ახლა ვგიჟდები, ასეთი დამოკიდებულებები არ შემცვლია.


– ვრცელდება ხმები, რომ ასე ეფექტურად დაკლება დიეტის წყალობით კი არა, კუჭის დაპატარავების ოპერაციით მოახერხეთ.


– მეც მსმენია ასეთი ჭორები, მაგრამ ნამდვილად არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია.


– ასეთი სერიოზული დიეტის დროს დიდი როლი ეკისრებათ ოჯახის წევრებსაც. ამ შემთხვევაში ცოლი როგორ დაგიდგათ გვერდში და როგორ გეხმარებოდათ?


– ერთი წლის განმავლობაში სამსახურში საჭმელი კონტეინერებით დამქონდა და ამ ყველაფერს ჩემი ცოლი მიმზადებდა.


– თქვენ უკვე თორმეტწლიანი ოჯახი გაქვთ. როგორი იყო განვლილი პერიოდი და ახლა რა ეტაპი დგას თქვენს ურთიერთობაში?


– ეს 12 წელიწადი ძალიან კარგად და ბედნიერად გავიარეთ, გვყავს სამი მშვენიერი ქალიშვილი – ქეთევანი, თეკლა და ნინუცა.


– როგორი მამა ხართ თქვენი გოგონებისთვის?


– ვცდილობ, შვილებს ჰქონდეთ თავისუფლება, იყვნენ ლაღები და პიროვნული თვისებების გამოვლენა შეძლონ. მინდა, თავიანთი გადაწყვეტილებები გააცნობიერონ, რომ თითოეულ მათი ნაბიჯი იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლობით სავსე.


– გქონდათ საკუთარი ბარი, საკუთარი რესტორანი. თქვენმა ბიზნესმა გაამართლა?


– ვერ ვიტყვი, რომ ციფრებზე მაინცდამაინც ვგიჟდები. ცხოვრებაში ახალი გამოწვევები ყოველთვის მაინტერესებს. მიყვარს, როდესაც ჩემთვის სრულიად უცხო სფეროში საკუთარ ძალებს მოვსინჯავ ხოლმე. ვფიქრობ, რომ ეს არცთუ ურიგოდ გამომდის. ამ ეტაპზე რესტორანი დახურული მაქვს, მინდა, ახალ ლოკაციაზე გადავიტანო და შესაფერის ადგილს ვეძებ. ახალ აღმაშენებელზე (ახალი ტფილისი, რედ.შენ.) მქონდა რესტორანი, მაგრამ ამ ტერიტორიის განვითარების სპეციფიკა ეწინააღმდეგება ჩემი რესტორნის სპეციფიკას და ამიტომ ვეძებ სხვა ადგილს.


ბიზნესაც შემოქმედებითად ვუდგები, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ალბათ ზედმეტად შემოქმედებითი აღმოვჩნდი ამ სარესტორნო სფეროში.


– გადაცემის თემას დავუბრუნდეთ. როგორ ფიქრობთ, თქვენს კონკურენტებს სხვადასხვა არხებზე გაუხარდათ თქვენი გამოჩენა და საერთოდ ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად?


– ამ ყველაფერს არ ვუყურებ კონკურენციის თვალით, ყველა ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ბაზარზე ყოველთვის უნდა არსებობდეს მრავალფეროვნება. რაც უფრო მეტი ასეთი გადაცემა იქნება, მით უფრო მეტად განვვითარდებით. ეს არის ღამის შოუს ფორმატი, რომელიც სხვადასხვა არხზე სხვადასხვა ტიპაჟებს მიჰყავთ, ამიტომაც არ ვფიქრობ კონკურენციაზე, ხოლო თუკი კონკურენციად ჩათვლით უკეთესი და მაღალი ხარისხის შოუს კეთების სურვილს, მაშინ იყოს კონკურენცია.

წყარო: sarkenews.ge