მალხაზ კობაურის ადვოკატებმა განაჩენი გაასაჩივრეს - "სასამართოლო ხელახლა უნდა გაიმართოს"

  • რეზონანსი
  • 2 მაისი 14:02

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული მალხაზ კობაურის სარჩელი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ამის შესახებ მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენში უამრავი პროცესუალური დარღვევები ფიქსირდება და მოსამართლე შეჯიბრებითობის პრინციპს არ იცავდა.


„სარჩელი სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. საქმეში უამრავი პროცესუალური დარღვევები იკვეთება. მოსამართლემ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი უხეშად ერეოდა საქმის განხილვის პროცესში და როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის პასუხებს არ ელოდებოდა. მოსამართლემ ასევე უგულებელყო ჩვენს მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულება, რომ იმ დროს ხადას ხეობაში წვიმა არ ყოფილა, მან ეს მტკიცებულება პროცესზე არ დაუშვა. მან ასევე დაარღვია მალხაზ კობაურის გარანტირებული უფლება, რომ პროცესში აქტიურად ყოფილიყო ჩართული, ასევე არ მომხდარა მტკიცებულებების გამოკვლევა და ვერდიქტი ამის გარეშე გამოიტანეს. ამ ყველაფერს აუცილებლად უნდა მოყვეს შესაბამისი რეაგირება სააპელაციო პალატის მხრიდან“, - აცხადებს კობაიძე.


ადვოკატის მტკიცებით, თუ სააპელაციო სასამართლო მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ხელახლა მოხდება და სამართლებრივი განხილვა ახლიდან გაიმართება.


რაც შეეხება მალხაზ კობაურის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალექსანდრე კობაიძის თქმით ბრალდებულზე შესაბამისი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა მიმდინარეობს და თავს კარგად გრძნობს.

წყარო: რეზონანსი