“ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა” – რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები

  • სარკე
  • 2 მაისი 14:01

არქიმანდრიტმა მამა სოგრატემ (ჭულუხაძე) მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა, მისთვის დასვენება მუხლმოდრეკილი ლოცვა იყო, სულის ზეიმი – ადამიანის განკურნება.

თავად მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ზამთარშიც, ზაფხულშიც, ქარსა და წვიმაშიც მომაკვდავი ადამიანის დასახმარებლად უყოყმანოდ მიდიოდა. მისი ლოცვის ძალით არაერთი მომაკვდავი განკურნებულა. მასთან მიდიოდნენ ისეთებიც, რომელთა გადარჩენა ექიმებს აღარ შეეძლოთ, ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და ისეთებიც, რომლებსაც კვეთებულის ლოცვებით ბოროტისგან ათავისუფლებდა.


დღესაც მიდიან ადამიანები მის საფლავთან, რომელიც თბილისში, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე აგებული ეკლესიის ეზოშია, სანთელს ანთებენ და დახმარებას სთხოვენ. მის შემწეობას დღემდე გრძნობენ.


ნათელა ვაშაკიძემ მამა სოგრატეს გვერდით 42 წელი გაატარა, მოძღვარს ეხმარებოდა, უვლიდა. რა თქმა უნდა, ის მრავალი საოცარი ფაქტის მომსწრეა მადლმოსილი მღვდელმსახურის ცხოვრებიდან. მათ შესახებ “სარკეს” უამბობს.


– ქალბატონო ნათელა, როგორ მოხვდით მამა სოგრატესთან?


– მას ბავშვობიდანვე ზედა კიდურის პარეზი ჰქონდა და ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა. საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა დავით მეხუთემ (ერისკაცობაში ხარიტონ დევდარიანი) მამა სოგრატეს მკურნალობა შესთავაზა, რადგან ეპისკოპოსად სურდა მისი კურთხევა. ქალბატონმა ქეთევან ქილიფთარმა მამა სოგრატე ნევროპათოლოგ რუსუდან პეტრიაშვილთან მიიყვანა. ექიმმა რომ გასინჯა, ქალბატონ ქეთევანს უთხრა, ამას აღარაფერი ეშველება, მაგრამ ავადმყოფი რომ დამშვიდდეს, მკურნალობა მაინც ჩავუტაროთო.


ქეთევან ქილიფთარმა მითხრა, მოძღვრისთვის მემკურნალა (ფიზკულტურის ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, პროფესიით მეთოდისტი გახლავართ). მაშინ 32-33 წლის ვიყავი, მამა სოგრატე 42-43 წლის იყო. იმ პერიოდში ეკლესიაში კი დავდიოდი, მაგრამ მოძღვრების მიმართ რწმენა არ მქონდა. არ მინდოდა, მოძღვართან მემუშავა და ქალბატონ ქეთევანს უარი ვუთხრი, თუმცა მისი დაჟინებული თხოვნით ბოლოს მაინც დავთანხმდი. მამა სოგრატესთან რომ წავედი, ჩემი მეგობარიც წავიყვანე, რატომღაც არ მსურდა მარტო მისვლა.


მოძღვარს პირველად რომ შევხედე, შემეცოდა და მკურნალობა მთელი გულით დავუწყე, რაც საჭირო იყო, ყველა პროცედურა ჩავუტარე. მკურნალობამ ძალიან მცირე შედეგი გამოიღო, რადგან მისთვის ეს პროცედურები დაგვიანებული იყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, დედას ყველაფერს ვუყვებოდი.


– მეგობარი რატომ წაიყოლეთ მოძღვართან?


– რადგან მოძღვრის მიმართ რწმენა არ მქონდა, მეგონა, რაღაცას მაკადრებდა, როცა ოთახში მარტო დავრჩებოდით. მეგობარი მეორე ოთახში მელოდებოდა, გავაფრთხილე, ხმამაღალი საუბარი თუ გაიგონო, კარი გააღე და შემოდი-მეთქი.


მამა სოგრატე ბუნებით ისეთი იყო, რომ ტანზე სამოსს არავის თანდასწრებით იხდიდა. ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ, ჩემსა და ექიმის გარდა, მისი შიშველი სხეული არავის უნახავს.


მკურნალობის პირველი კურსი რომ დავამთავრე, მეორე კურსის დაწყება აღარ მინდოდა, მაგრამ დედაჩემმა მთხოვა, მიაკითხეო. დედა კარგი დიასახლისი გახლდათ და ხშირად მატანდა მასთან სადილს. ასე შევეჩვიეთ და დავუახლოვდით ერთმანეთს. ჩვენ შორის წმინდა მამაშვილური სიყვარული არსებობდა. შემიყვარდა, როგორც მამა და როგორც მოძღვარი.


– არ გირჩევდათ, ოჯახი შეგექმნათ?


– არ უთქვამს, გათხოვდიო, მაგრამ სულ მეუბნებოდა, თუკი ისეთი ადამიანი შეგხვდება, რომელიც მოგეწონება, უკან არ დაიხიოო. ყველაფერი ბედის ამბავია… 12 წელი ვიყავი შეყვარებული. ვფიქრობდი, რომ ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებდა, მაგრამ გაჩნდა პიროვნება, რომელმაც ერთმანეთს დაგვაშორა.


რამდენიმე თვის დაშორებული ვიყავი საყვარელ ადამიანთან, მამა სოგრატე რომ გავიცანი. ძალიან მწარედ განვიცდიდი ამ განშორებას, ძალიან მტკიოდა გული, მაგრამ ყველაფერი გადავლახე. მამა სოგრატემ გადამატანინა ეს ტკივილი.


მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მაქვს იმ პიროვნების მიმართ სიყვარული, შერიგებაზე აღარ მიფიქრია, მისთვის აღარ მიბრძოლია. დედამისმა შემომითვალა, ნათელა, ყველაფერი დათმე და შეურიგდიო. ღალატის პატიება ვერ შევძელი, თუ ერთხელ გამცვალა სხვაზე, მეორედაც გამცვლიდა.


– თქვენი სიყვარულის სევდიანი ისტორია მოძღვარს რომ მოუყევით, რა გირჩიათ?


– თუ გულით გინდა, შეურიგდიო. ის რაღაცას გირჩევდა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიგეღო. საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ მიზნად დავისახე, მოძღვრისთვის დამეთმო მთელი ყურადღება, მას ძალიან ბევრი დაავადება აწუხებდა – გული, თირკმლები, დიაბეტი. ვუვლიდი და ვცდილობდი, დიდხანს ეცოცხლა.


– თქვენ ხართ თვითმხილველი იმ სასწაულებისა, რომლებსაც მამა სოგრატე უფლის შეწევნით ახდენდა. მოგვიყევით ამის შესახებ.


– რომელი ერთი გავიხსენო… ის გამტარივით იყო, ადამიანს რომ დაინახავდა, ხვდებოდა, რა აწუხებდა. ერთმა მორჩილმა ბათუმიდან ჩამოიყვანა ბიჭი, რომელიც კიოდა, მოძღვრისკენ იწევდა, თითქოს უნდა დაერტყა. მორჩილები ძლივს იჭერდნენ. მამა სოგრატემ მესამე ლოცვა რომ წაუკითხა, ჯვარი ბეჭზე დაადო და ბიჭი იატაკზე დავარდა. ასე იყო რამდენიმე წამი. მერე მოძღვარმა უთხრა, ადექი და მაკოცეო, ბავშვიც ადგა და აკოცა. ეს ბიჭი გამოჯანმრთელდა.


ყოფილა შემთხვევა, მოძღვარი საავადმყოფოში მომაკვდავთან წაუყვანიათ, უკან დაბრუნებულს კი უთქვამს, ნათელა, ის ადამიანი სიკვდილს გამოვტაცე ხელიდანო.


ერთხელ სახლის საკურთხებლად წაიყვანეს. როდესაც თასში ნაკურთხი წყალი ჩაასხა, ზედ ჯვარი დადო და ლოცვა დაიწყო, ჯვარმა ხტუნაობა დაიწყო, რადგან იმ ოჯახში ეშმაკი იყო. მოძღვარი სახლში რომ დაბრუნდა, გაღუნული ჯვარი მაჩვენა. ის ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა.


ერთი გოგონა მოუყვანეს, რომელიც ეშმაკისგან ისე იყო შეპყრობილი, რომ უნდოდა, მოძღვრისთვის კისერში დანა დაერტყა. მორჩილებმა ძლივს მოასწრეს მისი შეჩერება.


– თუ იცით, მამა სოგრატეს ასეთი ზებუნებრივი ძალა ხომ არ უკავშირდება რაიმე გამოცხადებას ან რაიმე ისტორიას?


– მოძღვარი მომიყვა, რომ ბავშვობაში გამოცხადება ჰქონდა. მასთან ვიღაცას ბავშვი მიუყვანია, მაგიდაზე დაუწვენია და უთქვამს, შეულოცეო. მან უპასუხა, მე ლოცვა არ ვიციო. იმ ადამიანმა მიუგო, რა კაცი ხარ, ლოცვა თუ არ იციო. ამ გამოცხადების შედეგ მამა სოგრატეს ღვთისგან ძალა მიეცა.


დედამისი ძალიან მორწმუნე ქალი იყო. ძმა და დისშვილიც მოძღვრები არიან. მამა სოგრატე 24 საათი ლოცულობდა. ტაძარში ლოცვას რომ დაამთავრებდა და სახლში მოვიდოდა, ვახშმის შემდეგ თავის ოთახში განმარტოვდებოდა და დაჩოქილი ლოცულობდა. ამბობდა, რაც მეტს ილოცებ, მეტი მადლი მოვაო.


– მოძღვარმა და მისმა მრევლმა ე.წ. არამიანცის საავადმყოფოს ეზოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარი ააგეს. რატომ გაუჩნდა სურვილი მაინცდამაინც ამ ეზოში ეკლესიის აშენების?


– ერთხელ კლინიკა “გულში” დააწვინეს. სანამ იქიდან გამოწერდნენ, ყოველდღე დასეირნობდა არამიანცის ეზოში და რაღაცებს ათვალიერებდა. მეც უკან დავყვებოდი და ვეკითხებიდი, რას ეძებდა. ერთხელაც მითხრა, გამოცხადება მქონდა, ამ ეზოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია უნდა ავაშენოო.


ერთი კვირა ვკამათობდით, რადგან მშენებლობას თავისი ხარჯები სჭირდებოდა, რაც არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მრევლი ჰყავდა, ასეთი დიდი თანხის გაღება არავის შეეძლო. მითხრა, მე კი არ უნდა ავაშენო, ღმერთი თავად ააშენებსო.


მეუფე ანანიამ როდესაც მოძღვარი კლინიკაში მოინახულა, ორივენი გარეთ გამოვიდნენ და იმ ადგილას ილოცეს, სადაც ამჟამად თავად არის დაკრძალული მამა სოგრატე. მაშინ თქვეს, რომ ამ ადგილიდან დიდი მადლი მოდიოდა. ტაძრის მშენებლობა მრევლის შემოწირულობით დავიწყეთ. ჟურნალი მქონდა და იქ ვიწერდი, ვინ რამდენ თანხას მაძლევდა.


– მამა სოგრატეს სიცოცხლის უკანასკნელი დღეები როგორი იყო?


– ოპერაცია გაიკეთა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ მერე გულმა და თირკმელმა შეტევა მისცა. საავადმყოფოში 5 თვე იწვა. ბოლოს თირკმელი გაუჩერდა და 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო დღეებში ლაპარაკი აღარ შეეძლო, მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი



მორჩილი ბენიანი (ჯანიძე) იხსენებს:


– 15 წელი ვიყავი მამა სოგრატეს მორჩილი. ჩემი საეკლესიო ცხოვრება მაშინ დაიწყო, როდესაც მას შევხვდი. მანამდე ქუჩის ცხოვრებით ვცხოვრობდი. ბოლოს მივხვდი, რომ ასეთ ცხოვრებას აზრი აღარ ჰქონდა და ყველაფერს შევეშვი. მერე მამა სოგრატეს შევხვდი და ჩემი სულიერი ცხოვრებაც დაიწყო.


2001 წელს შევხვდი მოძღვარს და 2002 დავიწყეთ ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც 2 წელი გაგრძელდა. ტაძარი რომ აკურთხეს, მოძღვარმა მეც შემმოსა.


მას შემდეგ სულ ერთად დავდიოდით ავადმყოფებთან. პირველად ძალიან მიკვირდა მისი სასწაულები, მერე კი ისე შევეჩვიე, აღარაფერი მაოცებდა. ბავშვური ბუნება ჰქონდა. რაღაცაზე თუ გაგიბრაზდებოდა, ცოტახ ნის მერე ჩაგეხუტებოდა. მისი სახით ერთი დიდი სიყვარული დადიოდა.


ერთხელ 15 წლის გოგონა მოუყვანეს, რომელიც შეპყრობილი იყო. ისეთი აგრესიული იყო, ვერ შევკარი. მამა სოგრატე კვეთებულის ლოცვას რომ უკითხავდა და ჯვარს დაანახებდა, ბავშვი გიჟდებოდა. გოგონა მე რომ არ დამეჭირა, მოძღვარს დაახრჩობდა.


მამა სოგრატემ ლოცვა რომ დაამთავრა, ჯვარი თავზე დაადო. როგორც ფილმებში ხდება, რეალურადაც ასე მოხდა: გოგონას პირიდან არაადამიანური ხმა და ბოლი ამოუვიდა. მერე მოწყვეტით დავარდა იატაკზე და 5 წუთი ასე გაუნძრევლად იყო. მოძღვარმა ნაკურთხი წყალი აპკურა და ბავშვიც დაწყნარებული, მშვიდი წამოდგა. ეს გოგონა კიდევ ორჯერ მოიყვანეს და სრულიად განიკურნა.


ინგოროყვას კლინიკაში სამეგრელოდან ბავშვი ჩამოიყვანეს, რომელსაც თრომბი ჰქონდა. არავინ იცოდა, როდის მოწყდებოდა და სად გაიჭედებოდა. ექიმებმა თავად ურჩიეს მშობლებს, მამა სოგრატესთან ილოცეთო. პირჯვრის გადაწერაც არ იცოდნენ. ვუთხარი, როგორც შეძლებთ, ისე ილოცეთ-მეთქი. მათ დაიჩოქეს და ლოცვა დაიწყეს. სანამ მშობლები საავადმყოფოში დაბრუნდნენ, თრომბი დაშლილი იყო, ბავშვი გადარჩა.


მამა სოგრატე უარით არავის ისტუმრებდა. იმის მეათედსაც ვერავინ გაუძლებს, რასაც ის უძლებდა. ერთხელ ვკითხე, ამდენს როგორ უძლებ-მეთქი. მიპასუხა, ყველაფერს ღმერთი აკეთებსო.



მამა სოგრატეს მრევლი მარიამ მათიაშვილი გვიყვება, როგორ გადაარჩინა მოძღვრის ლოცვამ:


– ოპერაცია გავიკეთე და ნარკოზიდან ვერ გამოვდიოდი. სანამ ასეთ მდგომარეობაში ვიყავი, გამოცხადება მქონდა. თეთრი ღრუბელი მოვიდა ჩემთან, რომელზეც მამა სოგრატე იჯდა. მის გვერდით ჩემი გარდაცვლილი ქალიშვილის გადიდებული სურათი იყო. ჩემი ქალიშვილი 10 წელია, რაც გარდაიცვალა, ის მონაზონი იყო და დაკრძალულია მარტყოფის დედათა მონასტერში. მამა სოგრატე რომ დავინახე, ვუთხარი, მიშველე რამე, თვალებს ვერ ვახელ-მეთქი. მას თვალები დახუჭული ჰქონდა, ვეხვეწებოდი, გაეხილა და ლოცვა დაეწყო, რადგან ვგრძნობდი, რომ ჭაობში ვიძირებოდი.


ბევრი ხვეწნის მერე თვალები გაახილა და ლოცვა დაიწყო, მეც ჭაობიდან მაღლა-მაღლა ამოვედი. ბოლოს სამჯერ თქვა “ამინ” და თვალებიც გავახილე. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, სანამ სახლში წავიდოდი, მამა სოგრატე მოვინახულე. სატრაპეზო მაგიდასთან ქალბატონი ნათელა თავისი ხელით აჭმევდა. რომ მივუახლოვდი, ჩამიხუტა და მითხრა, შვილო, მე შენთან საავადმყოფოში ვიყავიო…


ნატო ვაშაკიძე მამა სოგრატეს ბავშვობიდან იცნობდა, ისიც არაერთხელ გამხდარა სასწაულის მხილველი.


ნატო ვაშაკიძე:


– მე ვარ მამა სოგრატეს მორჩილის შვილი. მამაჩემის დეიდაა ქალბატონი ნათელა, რომელიც მას უვლიდა. ბავშვობიდანვე მასთან ვიზრდებოდი და ძალიან მიყვარდა. ჩემს ბავშვს ბუნებრივი კვება არ ჰყოფნიდა და ხელოვნურ კვებაზე ვერ გადამყავდა, რადგან საწოვარას არ იკარებდა.


სიზმარში ვნახე, რომ მოძღვარი თავის კელიაში იჯდა და მკითხა, ბავშვმა რამდენი უნდა ჭამოსო. ბავშვის ბოთლი ავიღე ხელში და ვაჩვენე. ამ სიზმრის შემდეგ ბავშვი ხელონურ კვებაზე გადავიდა.

წყარო: სარკე