,,მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე ცოლმა მითხრას, მუსიკას თავი დაანებეო”

  • სარკე
  • 1 მაისი 18:39

ქუთაისელმა მუსიკოსმა რობი კუხიანიძემ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასასრულს, 1989 წელს, პანკ-როკისა და ალტერნატიული მუსიკის ჟანრის ჯგუფი “აუტსაიდერი” შექმნა.

ეს იმ დროისთვის დასავლური სინათლის შემოჭრას ჰგავდა დახურულ საბჭოთა სივრცეში. მას შემდეგ ჯგუფი არ დაშლილა, დღემდე უამრავ კონცერტს ატარებს, თაყვანისმცემლებს იკრებს და ისევ ახალი სიტყვის თქმას ცდილობს.


შოუბიზნესის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, სახელმწიფოსგან არ ითხოვენ ფულს და ხელშეწყობას, არც პარტიულ კონცერტებში მონაწილეობენ. რობი კუხიანიძისთვის მუსიკა პირადი თავისუფლებაა, სცენა კი – ტრიბუნა, საიდანაც თავის სათქმელს ამბობს. ქართული როკის მამა, როგორც ხშირად უწოდებენ ხოლმე რობის, “სარკეს” თავის ხელოვნებასა და ცხოვრებაზე მოუყვა.


– რობი, როგორია თქვენი ცხოვრება, როგორც მუსიკოსის, რას ნიშნავს თქვენთვის სცენა?


– ჩემთვის მუსიკალური ცხოვრება სახალხო დონეზე არასოდეს იდგა, მუსიკას პირადი მიზნებისთვის არასოდეს ვიყენებდი. მუსიკა და სცენა ჩემთვის ყოველთვის იყო პირადი თავისუფლება, რომ, რასაც ვფიქრობდი, ის გამეხმოვანებინა. ანუ სცენა ჩემთვის არის ტრიბუნა, საიდანაც ვამბობ ჩემს სათქმელს. სცენიდან ამ სათქმელს ხან 5 კაცს, ხან 20-ს, ხან 1000-ს ვეუბნებოდი. ასეთი დატვირთვა აქვს ჩემთვის ამ ყველაფერს და ჯგუფ “აუტსაიდერს”.


– მაგრამ მარტივი არ იქნება სცენიდან საკუთარი სათქმელის თქმა. იმ სცენამდე მისვლას თუნდაც ფინანსები სჭირდება.


– ბუნებრივია, მარტივი არ არის. როცა საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული, არის ძალიან რთული.


ფული იშოვება, რაც უფრო მაგრად მიაწვები პოლიტიკას, მაგრამ მე ეს არ შემიძლია და არც მინდა. როკენროლი სოციალური მოვლენაა და როგორ შეიძლება, შეუთავსო სახელმწიფო აზროვნებას ან თუნდაც რელიგიურს?! ეს არის უბრალოდ ადამიანური განცდები და ემოციები, საიდანაც იქმნება ტექსტები.


– რა წყაროთი არსებობს ჯგუფი “აუტსაიდერი”?


– ჩემი ჯგუფი ყველაზე დაბალბიუჯეტიანია. შემოთავაზებები იყო. აი, მაგალითად, ნაციონალების მთავრობის დროს ერთ-ერთმა პარტიამ მითხრა, შენ არც სახლი გაქვს, არც კარი, როდემდე უნდა იყო ასეო. ვიფიქრე, რა უნდა-მეთქი და მოაყოლა, შენს სიმღერაში ადამიანის სასქესო ორგანოს სახელის ნაცვლად, “მიშა” ჩასვი და იმღერეო.


– ქართულ შოუბიზნესს როგორ შეაფასებთ?


– შოუბიზნესი საქართველოში მანამდე არ იარსებებს, სანამ მას რომელიმე დიდი ქვეყანა არ დაიპყრობს. ვიმედოვნებ, რომ ეს არ იქნება რუსეთი. ბევრ ხელოვანს აქვს რუსეთისკენ თვალები და ისინი არიან უსინდისოები! ბოლო, 2008 წლის აგვისტოს ომი მაინც არ ახსოვთ?!


2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მქონდა შემოთავაზება, რომ მოსკოვში დამეკრა. ერთწლიანი ვიზაც კი გამიკეთეს. პრეზიდენტი პუტინი რომ არ ევასებათ, მათთან უნდა ჩავსულიყავი, მაგრამ არ წავედი. ვინც გეტყვის, რომ ქართული შოუბიზნესი არსებობს, ის ან პოლიტიკოსია, ან პოლიტიკოსის მიერ წაქინძული ხელოვანი. შოუბიზნესს სჭირდება ფართო მასშტაბი.


– თუ შოუბიზნესი არ არსებობს და თქვენ მთელ ცხოვრებას სწორედ მუსიკას უთმობთ, მაშინ რით ირჩენთ თავს?


– მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც სახლი და არც არაფერი. ერთი მანქანა მყავს, ბორბლებიანი, სადაც საწოლიც კი ეტევა და იქ მაქვს ოფისიც და ყველაფერი. თბილისში ნაქირავები მაქვს ერთოთახიანი “ხრუშჩოვკა”.


– ცოლი არ წუხს, რომ შემოსავალი არ გაქვთ, არასოდეს უთქვამს, მუსიკას თავი დაანებე და შემოსავლიანი საქმე მოძებნეო?


– მაგის თქმას მირჩევნია, საჭმელში რამე გამირიოს და მოვკვდე. სცენა და მუსიკა ჩემთვის ყველაფერია, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. როცა დანიშნავენ ჩემს კონცერტს, ყველაზე გვიან მე მეუბნებიან. შეიძლება ერთი თვით ადრე იცოდნენ და მე ერთი კვირით ადრე მეუბნებიან. ასე იმიტომ იქცევიან, რომ ძალიან განვიცდი, რადგან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.


27 წელია მე და ჩემი მეუღლე დაოჯახებულები ვართ და მას ძალიან კარგად ესმის ჩემი. ისიც ქუთაისში ცხოვრობდა. ძალიან მომეწონა, რადგან სხვებისგან გამორჩეული იყო. წლებია ერთად მოვდივართ და ერთმანეთის გარეშე ვერც ერთი გავქაჩავთ.


– ყოფით საკითხებში ეხმარებით ცოლს, მაგალითად, სახლში მამაკაცური საქმეები გეხერხებათ?


– იმდენი ნაქირავები სახლი გავარემონტე და თანაც საფუძვლიანად, რომ ბინის მეპატრონეებს ახლაც არ ექნებათ შეკეთებული. სულ ჩემით ვაკეთებდი ყველაფერს და ბოლოს მომწყინდა. ახლა რომელ ბინაშიც ვცხოვრობ, იქ ფეხი რომ არასწორად გადაადგა, პარკეტი შუბლში მოგხვდება.


ახლა ჩემმა მეგობარმა მითხრა, მიწას გაჩუქებო. მიწა რომ მექნება, უფრო ვიზამ რაღაცას. ისე რავა წავიდე ამქვეყნიდან, საკუთარი პატარა მიწა რომ არ მქონდეს?!მატერიალისტი არ ვარ, დედამიწის მოქალაქე ვარ.


– თქვენი მსმენელი ახალს რას უნდა ელოდეს თქვენგან, რა გეგმები გაქვთ?


– პროექტის გაკეთება მინდა, სხვათა შორის, ამას თქვენთან პირველად ვამბობ. შეიძლება სხვამ მომპაროს იდეა, მაგრამ ჩემთვის მთავარია, რომ ეს იდეა განხორციელდეს და ვისაც უნდა, იმან გააკეთოს.


50 წლის წინ მოხდა სოციალური გადატრიალება და გაკეთდა დიდი ფესტივალი. იმ ალტერნატიულმა ფესტივალმა დღევანდელი დღე განაპირობა – როკ მუსიკა და ჯაზი. ჩვენი ძალებით სამი დისლოკაციის ადგილი გვაქვს და მაგარი პროექტის გაკეთება გვინდა. ერთადერთი, მთავრობა თუ დაგვეხმარება და გზას თუ გაიყვანს იმ ადგილამდე… ასეთ დიდ ფესტივალს მთელ მსოფლიოში აკეთებენ, მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში მას სახელმწიფო არ ეხმარება.

წყარო: სარკე