რა რიტუალებია საჭირო, რომ სარკემ თავიდან აგაცილოთ გათვალვა და ჯადო

  • თბილისელები
  • 1 მაისი 14:36

"– სარკევ, სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?" – კარგად ნაცნობი მარადიული კითხვა ამ ჯადოსნური ნივთის მიმართ, ასევე ჯადოსნური ანუ ზღაპრის სამყაროდან.

თუმცა, სარკე მარტო ზაღაპარში როდია ჯადოსნური. თურმე ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან მიხვედრილან, რომ სარკე ჩვეულებრივი ნივთი არ გახლდათ და მხოლოდ ინტერიერისთვის კი არა, მისი გამოყენება სხვადასხვა მაგიურ რიტუალშიც შეიძლებოდა – თანამედროვე გაგებით, თუნდაც, პარალელურ სამყაროსთან დასაკავშირებლად. სარკეში რომ საბედო არაერთ გოგონას დაუნახავს, ბევრს გაუგია ამის შესახებ. მაგრამ, სარკეს ქურდებისა და მოშურნე მტრებისგანაც თუ შეეძლო პატრონის დაცვა, ალბათ ბევრს არ სმენია. სწორედ ამ თემაზე გვესაუბრება ექსტრასენსი, ქალბატონი ნელი ც. და აგვიხსნის, როგორ ჩავატაროთ შესაბამისი რიტუალები.


– ესე იგი შეიძლება, სახლში დავაყენოთ დაცვა და ამ ფუნქციას შეასრულებს სარკე?


– დიახ, სარკე დაგიცავთ გაქურდვისა და ავისმზრახველთა კლანჭებისგან და უფრო მეტიც, სხვა დაცვითი სამსახურებისგან განსხვავებით, გიხსნით არა მხოლოდ არაკეთილმოსურნე ადამიანებისგან, არამედ ზოგიერთი მაგიური არსებისგანაც კი. მაგალითად, ძალიან ეფექტურია ის ვამპირთა წინააღმდეგ (როგორც ნამდვილი, ისე ენერგეტიკული). კიდევ ერთი დიდი პლუსი სარკის დამცავი ფარისა ის გახლავთ, რომ დაცვა ხუთ წელიწადს გრძელდება, შეტევის სიმრავლის მიუხედავად. რაც შეეხება რიტუალს, მის ჩატარებამდე, ჯერ თავად უნდა გაძლიერდეთ, ძალები მოიკრიბოთ და სძლიოთ მტრის შიშს. დაიმახსოვრეთ, სარკე თქვენს ემოციებს ასახავს. ამიტომ, სანამ საქმეს შეუდგებით, აგრესია და ნეგატიური ენერგია მოიშორეთ. რიტუალის დროს დაიცავით ყველა წესი, თორემ, მაგია არ იმუშავებს.


– რისგან დაგვიცავს ამ რიტუალით სარკე?


– გათვალვის, ჯადოსა და მაგიის სხვა უარყოფითი გავლენისგან. მაშ ასე, სარკე რიტუალისთვის სახელოსნოში შეუკვეთეთ. დაგჭირდებათ ასევე სამი სანთელი. ზუსტად შუაღამისას აანთეთ ისინი და სამკუთხედად განალაგეთ სარკის ცენტრში. შემდეგ სარკე აიღეთ ხელში და დააკვირდით საკუთარ გამოსახულებას მასში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ და სარკე ერთი მთლიანობა ხართ და ის მართლაც გახდება თქვენი ფარი, რომელიც ყველა ნეგატიურ ენერგიას აირეკლავს და თვითონვე იგრძნობთ, როდის დათანხმდება ეს მაგიური ატრიბუტი თქვენს დაცვას. აუცილებელია, სარკის შესანახად ტყავის შალითა, რომელითაც მას ყოველთვის თან ატარებთ. თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას იგრძენით, რომ იქ მყოფთაგან ვიღაც თქვენს გათვალვას ან ენერგიის გამოცლას ცდილობს, მაშინვე ამოიღეთ ხსენებული სარკე და დაჟინებით დააცქერდით. ფიქრებით ყველა თქვენკენ მომართული ნეგატივი შეაგროვეთ და მთელი ეს უარყოფითი ენერგია უკანვე დაუბრუნეთ მათ, ვინც ის გამოგიგზავნათ. ოღონდ ასეთი მანიპულაციები ჩაატარეთ მაშინ, თუ ნამდვილად იცით, ვინ ცდილობს ცუდის გაკეთებას და გინდათ, რომ იგივე მას დაუბრუნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარკე თვითონვე დაიჭერს უარყოფით ტალღას და თქვენ მას აგაცილებთ.


– სარკე დაგვიცავს გაქურდვისგანაც?


– სარკეს შეიძლება, ჩაუთქვათ როგორც კონკრეტულ დანაკარგზე, ასევე, როცა გაქურდვის შიში გაქვთ. სარკის მაგიის ბევრი ხერხია ცნობილი, რომელიც ქურდს გაპოვნინებთ, აიძულებს მას დააბრუნოს ნაქურდალი ან დასჯის მას. თუმცა, საქმე რომ აქამდე არ მივიდეს, სარკის სახით, კარგი დამცავი ფარიც კმარა. ამისთვის კი უნდა მოამზადოთ ორი სარკე, სასურველია, ორივე ერთი ზომის. რიტუალი ასევე შუაღამისას ტარდება. სარკის გარდა, ერთი ცვილის სანთელიც დაგჭირდებათ. დაჯექით იატაკზე, დაიდგით წინ სანთელი, მარჯვნიდან და მარცხნიდან კი დააყენეთ სარკეები. სასურველია, სარკეები იყოს ახალი და სხვის ენერგეტიკას არ ინახავდეს. მაგრამ, თუ უკვე გაქვთ, გასაწმენდად, სამი დღით მარილში ჩაფალით, შემდეგ კი საგულდაგულოდ გარეცხეთ გამდინარე წყალში. სანთლის სხვადასხვა მხარეს განლაგებულმა სარკეებმა ეგრეთ წოდებული სარკისებრი დერეფანი უნდა შექმნას. უყურებთ რა სანთლის ალს, სამჯერ გაიმეორეთ შემდეგი სიტყვები: „ვისაც ჩემი ქონების ხელყოფა უნდა, ჩემამდე ვერ მოაღწევს და სარკის დერეფანში დაიკარგება, ვერც სახლამდე მოსასვლელს იპოვის და ვერც ჩემს სიმდიდრეს“. როგორც კი მაგიურ ფრაზას დაასრულებთ, სანთელს შეუბერეთ და ჩააქრეთ. სარკეები კი სათუთად შეინახეთ, სანამ არ დაზიანდება, დაცვა იმოქმედებს. თუმცა, ხუთი წლის შემდეგ რიტუალი მაინც უნდა გაიმეოროთ, რადგან ძალადკარგულია.


– მტერსა და ავისმოსურნეს რაღა ვუყოთ?


– ამ შემთხვევაშიც სარკეა თქვენი ფარი, თან სულ პაწაწკინტელაც საკმარისია, რომელსაც მუდამ თან ატარებთ. ეს თილისმა შეგიძლიათ, ძეწკვით დაიკიდოთ ყელზე და თუ ვინმე ბოროტების გაკეთებას მოინდომებს, პირდაპირ მძლავრ ფარს შეეჯახება. თუმცა, სარკეს რომ თილისმის ძალა მიეცეს, მზარდი მთვარის პერიოდში, ფანჯრის რაფაზე ისე უნდა დადოთ, რომ მთვარის შუქი კარგად ეცემოდეს. თქვენ კი ამ დროს ხუთჯერ უნდა გაიმეოროთ შემდეგი სიტყვები: „მთვარესთან ერთად იზრდება ჩემი ქონებაც, შენ კი ჩემი საიმედო დაცვა ხარ ამიერიდან – ბოროტისა და მტრისგან, შურისა და სიძულვილისგან.“ ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, ის დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ. უსიამოვნებისგან დამცავი რიტუალია ასევე: თუ სარკეს განთიადისას დადგამთ ფანჯარაზე და მის წინ დადგებით. ამჯერად წარმოთქვით შემდეგი სიტყვები: „დღეიდან მტერი ვერაფერს დამაკლებს, რადგან შენ ხარ ჩემი ფარი და ნებისმიერ თავდასხმას თავიდან ამაცილებ“. ეს ფრაზა გაიმეოროთ სამჯერ და სარკე რაფაზე დატოვეთ კიდევ ერთი დღე-ღამით. ამის შემდეგ ის თქვენი თილისმაა, ოღონდ სულ სახლში უნდა იყოს. თუ სხვაგან გადასვლას გადაწყვეტთ, სარკე თან მაშინ წაიღეთ, როცა ახალ სახლში ღამე უნდა გაათიოთ. მაშ ასე, სარკის მაგიის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ, თავი დაიცვათ შავი მაგიისა და ენერგეტიკული ვამპირებისგან, გაქურდვის, სხვათა შურისა და ბოღმისგან. მთავარია, არ დაგავიწყდეთ მაგიური ატრიბუტის გაწმენდა და რიტუალის გამეორება 5 წელიწადში ერთხელ.

წყარო: თბილისელები