გია ნიკოლაძე: სიყვარული უწესოა, ბედნიერია და თავისუფალი

  • თბილისელები
  • 30 აპრილი 17:38

სახელი: გია.

გვარი: ნიკოლაძე.

პროფესია: მუსიკოსი.

– ბავშვობის მოგონება.


– ხიდან ხეზე დავდიოდი, იმიტომ რომ საჭმელი არ მიყვარდა, მხოლოდ ხილს ვჭამდი. მახსოვს, ქარში სპეციალურად ავდიოდი ხეზე, ქარი რომ უბერავს, ჩამომაგდებს თუ არა-მეთქი, ვეწინააღმდეგებოდი. ახლა მივხვდი, რა სისულელეს ვაკეთებდი, ბუნებას რომ ვეწინააღმდეგებოდი.


– რისი გწამს?


– მწამს ღმერთის, ქრისტესი მწამს, იმიტომ რომ ქრისტე ამბობდა იმას, რაც ყველამ რომ გააკეთოს, ედემის ბაღში დავბრუნდებით. მწამს, რომ დედამიწა ცოცხალია და აზროვნების უნარი აქვს, ზემგრძნობიარე, მრგვალი სხეულია. მწამს იმ საქმის, რასაც ვაკეთებთ. იმ მიზნის მწამს, რომელიც სიცოცხლეზე მეტია. მწამს იმის, რომ არცერთ ადამიანს, კონფლიქტი არ უყვარს. იძულებულია, იმიტომ რომ ასეთი მორევია.


– ბედისწერის გჯერა?


– ძალიან მჯერა, ადამიანი რომ ინთება თავიდან, იმ სანთელში წერია, როგორი უნდა იყოს, როდის გარდაიცვალოს და ასე შემდეგ. რაც ბუნებისგან გიწერია – ეგ არის, თუ ეშმაკს არ შეეკარი. ბევრჯერ ვარ გადარჩენილი. ტყვიას რამდენიმეჯერ გადავურჩი. შუბლზე რომ მქონდა მოდებული იარაღი, მთვრალს მითქვამს, რომ „ვინც არ მესროლოს“. ერთი ორჯერ დამახალეს. სკოლის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ შევიკრიბეთ კლასელები. გოგონებს ვაცილებდით და გარეთ რომ გამოვედით, ვიღაც ორი ახვარი ტიპი „გაიჩითა“, ავტომატებით და ჩვენს გოგოებს რაღაცები დაუწყეს. მე მივედი, მანქანაში წინ ჩავუჯექი. „დავაი“, ბიჭო, „დაახვიეთ“ აქედან-მეთქი. მეორე უკან იჯდა, გადამქაჩა კისრით და წინამ იარაღი დამადო, მე ვუთხარი: „ვინც არ ისროლოს...“ ვერ ვისწავლე, რომ ეს არ უნდა ვუთხრა. ერთი ოთხჯერ მაქვს ნათქვამი. მოკლედ, არ მესროლა. სიმთვრალეში ბევრჯერ ვარ გადარჩენილი მანქანის დაჯახებას, ბევრჯერ გადმოვმხტარვარ სიმაღლიდან, ბევრი ექსტრემალური რამ გამიკეთებია და სულ იმას ვფიქრობ, რომ ეს ბედისწერაა. სიკვდილის არ უნდა შეგეშინდეს – სანამ შენი დრო არ მოგივა, უფალი არ წაგიყვანს მარადიულ ქვეყანაში. ამიტომ სიკვდილის უშიშრად უნდა ვიაროთ, როცა გვიწერია, მაშინ გვეწვევა.~


– სიზმრების გჯერა?


– ფიზიკოსი გია დვალი არის ჩემი მეგობარი. გიას ვკითხე, რამე ამიხსენი ერთი-ორი სიტყვით, მეცნიერულად, პოემას რომ ვწერ მჭირდება-მეთქი და ასე მითხრა: ჩიტს რომ სძინავს, სულ სხვა ბრანაზე არისო. ბრანა მეცნიერული სიტყვაა და სხვა განზომილებას ნიშნავს. იქ კიდევ სხვა ცხოვრება მიმდინარეობს, რომ გაიღვიძებ, სხვა ბრანაზე გადმოდიხარ. სხვადასხვა განზომილებებია. სიზმარი ეგ არის, რომ ორი სიცოცხლით ცხოვრობ, ასევე არის წინასწარმეტყველური სიზმრები. დამესიზმრა, რომ კბილი მომძვრა და მეორე დღეს მეგობარი მომიკლეს. ხშირად ხდება სიზმრები და უნდა გაითვალისწინო.


– დეპრესია გქონია?


– ადრე ტელევიზიაში ვმუშაობდი, რაღაცებს კარგად ვაკეთებდი და მერე ხელმძღვანელობამ მომარიდა სიტუაციას, გამრიყეს. იცი, რა ვიგრძენი? დეპრესია არის ის, როცა ადამიანს ჰგონია, რომ არაფერში ვარგა. თუ გინდა, რომ ხელოვანი მოკლა, დეპრესია უნდა დამართო, როგორც სალიერმა მოცარტს. მდგომარეობიდან იმის ჯინაზე გამოვედი, ვინც ეგ დამმართა. დე-პრესია პრესია – გპრესავს. იმ ადამიანს რა ვუთხარი, რომელიც მეორეს დეპრესიაში აგდებს. ორი ვარიანტია, შეიძლება, ძალით ჩაგაგდოს და მეორეა, რომ შენდა უნებურად ჩაგივარდეს ის ადამიანი დეპრესიაში. დეპრესია რომ დაგპრესავს, სხვადასხვა ამბისგან გამომუშავებული, ისეთი მუცლის პრესი უნდა გქონდეს, რომ არ დაგპრესოს.


– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?


– ბოროტების დამარცხება იმავე ბოროტებით შეიძლება და ბოროტება ბოროტებას შობს. ამიტომ არის, კბილი კბილის წილ... ბოროტება მხოლოდ სიკეთით მარცხდება. უნდა გააკეთილო ის ბოროტი, რომ ბოროტი აღარ იყოს, მეტი გზა არ არსებობს. რომ მოკლავ, შენც მოგკლავენ. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“. დავშაქროთ დედამიწა. იმ ბოროტ სფეროს, საიდანაც წვრილ წვრილი წერტილები გამოდის, ანუ მთავარ ბოროტებას, მხოლოდ ისე მოვერევით თუ დავატკბობთ. გადამლაშებული არის დასატკბობი.


– რა არის სიყვარული?


– სიყვარული არის, იცი, რა? მიწა ხარ, მიწად იქცევი. წარმოიდგინე, ქალი და კაცი გადაიქცა მიწად, იქ ხომ გაერთიანდნენ, ერთნი არიან, მერე ისევ იშვნენ
ქალი და კაცი. ერთი – სხვაგან, დედამიწის ერთ ადგილას, მეორე – სხვაგან. ესენი რომ შეხვდნენ ერთმანეთს სადმე, იგრძნობენ, რომ ადრე ერთნი იყვნენ და ემართებათ ის გრძნობა, რასაც სიყვარულს ვეძახით. პოემაშიც მაქვს: „და რომ შეიგრძნობს ქალ-ვაჟი ამას, რაღაც სათნოს და რაღაც კამკამას, ხვდება, რომ დიდი ხანი იცნობდა და მისი ყველა ჩვევა იცოდა...“


– სიყვარულს წესები აქვს?


– სიყვარულს ერთი წესი აქვს, უნდა გიყვარდეს. სიყვარული უწესოა, ბედნიერია და თავისუფალი.


– როგორი მეუღლე ხარ?


– ალბათ, სანატრელი მეუღლე არ ვარ.


– ცოლისა და ქმრის სტატუსი აუცილებელია?


– სტატუსს მნიშვნელობა არ აქვს. ასე ცხოველებმა გადაკვდომა იციან – ერთი რომ მოკვდება, მეორე გადააკვდება, თუმცა არცერთს არ აქვს ჯვარი დაწერილი და ხელი – მოწერილი.


– თავდავიწყებით შეყვარებული ყოფილხარ?


– კი. უბანში ყვავილი და კალათი არ დავტოვე. სიყვარულის გულისთვის ყველაფერზე ვარ თანახმა.


– პოლიციასთან პრობლემები გქონია?


– არ ვიცი, ვინ მართავს ამ სფეროს, რომ ბავშვობიდან ტვინში გიდებდნენ, პოლიცია ცუდია და ვინც კანონს არღვევს, ის კარგიაო. ადრე ამ პრინციპით ვიზრდებოდით, მერე მივხვდი, რომ უკანონოდ სახელმწიფო არ კეთდება. ცუდი და კარგი ყველგან არის. ის პოლიციელები არ მომწონს, რომლებიც იმიტომ რომ ადამიანმა თავის თავს რაღაც ავნო, ფულს სძალავენ.


– რა არის შენთვის ცოდვა?


– წმიდა გიორგისთვის დრაკონი არის ურჩხული და დრაკონისთვის წმიდა გიორგია ურჩხული. ვერ იტყვი იმას, ცოდვა რა არის და კარგი – რა. არავინ იცის.


– რა გაძლევს სტიმულს?


– რაღაცაში რომ სპეციალურად მიშლიან ხელს, ძალიან მაგარ სტიმულს მაძლევს.


– შენი რა თვისება მოგწონს და რა არ მოგწონს?


– მომწონს ის, რომ გაბრაზება სწრაფად გამივლის ხოლმე. ხშირად ყოფილა შემთხვევა, ისეთი ფერი დასდებიათ და ისეთი სიტყვებით აუხსნიათ რაღაცები, რომ მიპატიებია და ცუდი საქციელი არ ჩამიდენია. ჩემი ეს თვისება მართლა მომწონს. არ მომწონს უყურადღებობა. შეიძლება, ადამიანი ძალიან მიყვარდეს, მაგრამ არ მოვიკითხო. ეს მჭირს, არ ვიცი რისი ბრალია, ხელოვნების თუ ბოგანო ცხოვრების.


– რისთვის იბადება ადამიანი?


– ადამიანი იბადება იმისთვის, რომ ისე იცხოვროს, მეორე ცხოვრებაში რომ მოვა, იქ ის დახვდეს, რაც წინა ცხოვრებაში გააკეთა. იმიტომ რომ, ერთ ცხოვრებაში ვერ მოასწრებ იმას, რაც მერე წინ დაგხვდება. ბავშვებს რომ ვზრდიდეთ ისე, რომ ვასწავლიდეთ, აქ რასაც გააკეთებ, შემდეგ ცხოვრებაში წინ დაგხვდებაო, ყველაფერს მაგრად მოუვლიან. თან, როგორ უნდა ასწავლო, იცი? რომ შეიძლება, ადამიანი არ გაჩნდე მომდევნო ცხოვრებაში და გაჩნდე როგორც ცხოველი. ამიტომ თუ აქედანვე გვექნება ინფორმაცია, რომ შეიძლება ჩვენი სული ცხოველებში გადავიდეს და ცხოველებს უნდა მივხედოთ, შენ რომ გადახვალ მერე იმ ცხოველში, ადამიანები მოგხედავენ და ისე აღარ გაწვალებენ, რასაც ფერმებში ვუშვრებით ცხოველებს. ფერმებში და გასტრონომებშიც დევს, მაგრამ ჯიხვებს დავსდევთ კლდეებზე, რომ მოვკლათ, იმიტომ რომ „გვეკაიფება“. ჯერ იმას უნდა მივხვდეთ, რომ ეშმაკები ჩვენ თვითონ ვართ. ჩვენ სხვას ვაბრალებთ, ეშმაკს ვსახავთ, როგორც კუდიანს და ჩლიქებიანს. „მითხრა, მიჩვენე ერთი რქიანი, კუდიანი და ჩლიქებიანი, რომ იყოს, ანცი, ცრუ ან ბოროტი, ან გაიძვერა, ან შურიანი“. არცერთი არ არის.


– რომელ პერსონაჟს ამსგავსებ საკუთარ თავს?


– ფილმ „სერენადაში“ რომ არის გამტრაკებელი, თამაზ გიორგობიანის როლს რომ თამაშობს, საკუთარ თავს იმას ვამსგავსებ.

წყარო: თბილისელები