რა არ მოსწონთ მორჩილ ცოლში ქმრებს

  • თბილისელები
  • 30 აპრილი 15:15

წყვილის ურთიერთობაში ყველაფერი გარკვეული არ არის, თუმცა ისინი იმაზე კი არ ლაპარაკობენ, რაც მათ აწუხებთ, არამედ ერთმანეთის გადაკეთებას ცდილობენ ან საკუთარი თავის ისეთად წარმოჩენას, როგორებიც რეალურად არ არიან.

ეს ყველაფერი ძაბავთ მათ, აღიზიანებთ და ნეგატივი ისევ წყვილის ურთიერთობაზე აისახება. ადამიანებს რატომღაც ავიწყდებათ, რომ იდეალური ურთიერთობა არ არსებობს და ერთმანეთი ისეთი უნდა გვინდოდეს, როგორებიც ვართ. ბუნებრიობა ყველაზე მომგებიანი ვარიანტია ურთიერთობაში.


თიკო (31 წლის): მინდა, ვილაპარაკო იმაზე, რაც ყველას აწუხებს, მაგრამ რატომღაც მიაჩნიათ, რომ პრობლემა თავისით მოგვარდება. ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.


– მნიშვნელოვან საკითხებში ქალისა და კაცის ურთიერთობას გულისხმობთ?


– მაგასაც. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ცოლ-ქმრის ურთიერთობაა. აი, რაზე არ გვაქვს წარმოდგენა. ვთხოვდებით ისე, რომ ან სტერეოტიპებზე ვაწყობთ ოჯახს, ან გვგონია, რომ სიყვარული ყველაფერს მოაგვარებს. სინამდვილეში, სიყვარული საერთოდ ვერაფერს აგვარებს, მხოლოდ ამწვავებს კონფლიქტს და ბოლოს საქმე სრულ კატასტროფამდე მიდის. დამღუპველია ის სტერეოტიპები, რასაც თავში გვატენიან. აგიხსნით, რატომაც – მაგალითად, სტერეოტიპს, რომ მამაკაცი ოჯახში უფროსია, ყველაფერში მართალია და მას არ უნდა შეეკამათო, უსაშინლესი გართულებები მოჰყვება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა, დაუჯერებ ამ სტერეოტიპს თუ მის წინააღმდეგ წახვალ, ორივე შემთხვევაში წაგებული რჩები.


– რატომ არის ეს სტერეოტიპი და თანაც ყველა ვარიანტში წამგებიანი.


– აგიხსნით. ჯერ დავიწყოთ იმით, როცა არ ეთანხმები, მაშინ რატომ ხარ წაგებული. ქალების უმრავლესობისთვის დამახასიათებელია რადიკალიზმი. როგორც კი იწყებ პროტესტს იმის წინააღმდეგ, რომ კაცები პრიორიტეტულები არიან, ეგრევე ხდები უხეში, ნერვული, „ფემინისტი“. ვიცი, შემეკამათებით, იტყვით, რომ ასე არ არის, მაგრამ შევხედოთ ჩვენს ცხოვრებას საღად და რეალისტურად. როდესაც ქალები ცდილობენ, არაფერი დაუთმონ კაცებს – ქმრებს, მოგებულები არ არიან. სხვათა შორის, არც მომხიბვლელები არიან. მითხარით, რომელ კაცს მოეწონება მუდმივად ყალყზე შემდგარი ქალი. ერთი ნაბიჯით უკან რომ არ იხევს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე თავი უქნიო. ჩვენ სწორედ „ოქროს შუალედის“ პოვნა გვიჭირს. მე მეორე სტერეოტიპის მსხვერპლი ვარ, საპირისპიროსი – რომ კაცებს უნდათ იდეალური ცოლები და ქალის ვალია, სწორედ ასეთები ვიყოთ.


– იდეალური ცოლი როგორია?


– „იდეალური ცოლი – ეს არის მორჩილი ცოლი, როგორზეც ყველა კაცი ოცნებობს“. თქვენც, ალბათ, გსმენიათ ეს მითი, რომელიც საკმაოდ ბევრ ქალს უშხამავს ოჯახურ ცხოვრებას. ეს განსაკუთრებით პოპულარულია ჩვენი ბებიების თაობის ქალბატონებს შორის. მათ ძალიან უკვირთ, თუ ქალი ქმართან შეკამათებას ბედავს ან აკრიტიკებს, ან შენიშვნას აძლევს, ან ცოტა თამამად ეხუმრება.


– მამაკაცებს მართლა მოსწონთ ასეთი ქალები?


– მეგონა, რომ მოსწონდათ. ასე მეუბნებოდნენ და მაჯერებდნენ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მორჩილი ცოლი მათთვისაც ტანჯვაა.


– კიდევ ვისთვის არის ტანჯვა?


– ქალისთვის. უსიტყო მორჩილება და სულ თვალებში ყურება ისეთი დამღლელი და გამაღიზიანებელია, შეიძლება, გაგიჟდე. ნევროზი კი ნამდვილად გარანტირებული გაქვს. მორჩილ ცოლთან კაცს აუცილებლად ექნება პრობლემა – ეს გარდაუვალია.


– რა პრობლემაზე საუბრობთ?


– ხელოვნურ ურთიერთობაზე. ორივესთვის რომ თავსმოხვეულია და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო. დავღალე ჩემი ქმარი ამ ხელოვნურობით. ჩემთან ურთიერთობა უინტერესო გავხადე. საერთოდ არ მოსწონს ჩემნაირი „მორჩილი“ ცოლი. მონა ხომ არ ხარ, ყველაფერზე თავს რომ მიქნევ. ხუთი წელია, შენგან ერთი კრიტიკული სიტყვა არ მომისმენია. როგორ უნდა გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობა, როცა იმას აკეთებ, რაც არ გინდა. არ მოგწონს და შენი არ არისო.


– რატომ იქცეოდით მორჩილად?


– იმიტომ, რომ ასე გამზარდეს. ამას ჩამჩიჩინებდნენ და მეც გულუბრყვილოდ მჯეროდა. მართლა მინდოდა, ქმარი კმაყოფილი ყოფილიყო ჩემით. ჩემი აზრის გამოთქმისგან იმიტომ კი არ ვიკავებდი თავს, რომ არ გამაჩნდა, ვფიქრობდი, ასე მეუღლეს ვაამებ-მეთქი და იქამდე მივედი, რომ ქმარმა მითხრა: საშინელებაა, ადამიანს საკუთარი აზრი რომ არ გააჩნიაო. თურმე, პრობლემა შევუქმენი იმით, რომ არასოდეს არაფერზე ვეკამათებოდი. დაკომპლექსდა და მოიწყინა. მისაყვედურა: ხან ვფიქრობ, რომ ამ ფორმით დამცინიო.


– ასე გითხრათ?


– დაუჯერებელი გგონიათ?! მეც გავოგნდი. არადა, იმდენჯერ მინდოდა, გამეპროტესტებინა მისი საქციელი და გადაწყვეტილებები, მაგრამ თავს ვუქნევდი, ვუღიმოდი. სინამდვილეში კი ვფიქრობდი, რატომ უნდა იყოს ყოველთვის სიმართლე ის, რასაც ეს ამბობს-მეთქი.


– ჯანსაღი კამათი ნორმალურია და აუცილებელი ოჯახურ ურთიერთობაში.


– ეჰ, რა ვთქვა. მე რატომღაც მეგონა, თუ მორჩილი ცოლი ვიქნებოდი, ამით ჩემი ქმარი ბედნიერი იქნებოდა. მაგრამ ისე გამოვიდა, ამ „სინდრომით“ თავი დავიზარალე. ჩემს ქმარს არ მოსწონს, სულ ჩუმად რომ ვარ, ვიღიმი და არ ვეკამათები. მორჩილი ცოლის სინდრომი საშინელებაა. ჩემმა ქმარმა მითხრა: ისეთი ხელოვნური და საშინელი ხარ, ატანა აღარ შემიძლიაო.


– ხელოვნურობაა მიუღებელი მისთვის თუ მორჩილება.


– მორჩილება ყოველთვის ხელოვნურიაო – ასეთია მისი აზრი და უკვე ძალიან ირონიულად მიყურებს. საერთოდ არ გამოვიდა ისე, როგორც მეგონა.

წყარო: თბილისელები