,,რძალმა ჩემს შვილს ღალატი ვერ აპატია, არადა მანამდე ქმარს თვითონაც ღალატობდა”

  • სარკე
  • 27 აპრილი 17:22

ოჯახის დანგრევა ცხოვრებისეული მარცხია, რომელიც დიდ ტრავმებს იწვევს.

ამ დროს ზარალდება ყველა, ვინც კი წყვილის გარშემოა – მათი მშობლები, შვილები… გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს, ცოლ-ქმარს ურთიერთობის დაბალანსებაში შეუწყოს ხელი, ცეცხლზე ნავთი არ დაასხას და ოჯახი დანგრევისგან გადაარჩინოს. ამ დროს კი ისმის კითხვა: ღირს კი ბზარგაჩენილი ურთიერთობის შენარჩუნება, იქნებ უბრალოდ მოვლენების დინებას უნდა მიჰყვე? ჩვენი რესპონდენტი, შუახნის ქალი ციცინო დღეს ამ ყველაფერზე ბევრს ფიქრობს. თავისი დარდი მან “სარკეს” გაუზიარა.


ციცინო:


– რატომ ვაფარებდი რძალს ხელს? ეს კითხვა არაერთგზის დამისვამს ჩემი თავისთვის. იქნებ იმიტომ, რომ 18 წლის ასაკში შემოვიდა ჩემს ოჯახში და შვილივით გამოვზარდე, იქნებ იმიტომ, რომ ქალიშვილების პატრონი ვარ და მათზე წარმოვიდგინე იგივე, იქნებ იმიტომაც, რომ ჩემს ვაჟს ოჯახი არ არეოდა და შვილიშვილებიც არ დამეზარალებინა.


ასეთი არაერთი “იქნებ” ჩნდებოდა ჩემს ფიქრებში და ვცდილობდი, ჩემი საქციელი გამემართლებინა, ცხოვრებამ კი მიჩვენა, რომ არ უნდა მომეთმინა, მისაგებელი მიმეგო. ჩემმა მოთმინებამ არ გაამართლა, ცუდად მომიბრუნდა უკან, ცხოვრება დამენგრა და ნანგრევებში მოვყევი. ახლა ვცდილობ, თავი სხვაგვარად დავიჭირო, მსხვერპლად არ წარმოვაჩინო, არადა სინამდვილეში ასეა.


– რატომ დაგჭირდათ რძლისთვის ხელის დაფარება, ასეთი რა ხდებოდა?


– შევესწარი, როგორ ელაპარაკებოდა ვიღაც კაცს ტელეფონზე. ასე არ ესაუბრებიან არც მეგობარს, არც ნათესავს, არც ნაცნობს… ისე კამათობდნენ, მათ შორის უთუოდ სხვა სიახლოვე იყო – სხვას ვერ იფიქრებდი. ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, არ დავიჯერებდი.


– იმ ერთი საუბრით გამოიტანეთ ასეთი დასკვნა თუ გქონდათ სხვა სამხილიც, რამაც დაგაეჭვათ?


– იმ ხანებში უცნაურად იქცეოდა. სულ სადღაც მიიჩქაროდა, გარბოდა, სახლში არ ჩერდებოდა. ჩემი ვაჟი მუშაობდა, რძალმა კი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შესაფერისი სამუშაო ვერ ნახა. შვილებს დაჰყვებოდა სკოლაში, წრეებზე.


– შვილების პატრონი როგორ ახერხებდა გარე-გარე სირბილს?


– სკოლა მოშორებით იყო. ამბობდა, რომ სხვა მშობლებთან ერთად გაჰყავდა დრო სკოლის დამთავრებამდე. ვინ გააკონტროლებდა?! მერე უკან მოჰყავდა ბავშვები, ხან სხვას ატანდა და საქმეებს იმიზეზებდა, ვითომ დახმარება სჭირდებოდა მეგობარს. მიზეზები არ ელეოდა. შინ ვეგულებოდი, იცოდა, ბავშვებს სადილი და ყურადღება არ მოაკლდებოდათ.


– არ საყვედურობდით, ასე რომ იქცეოდა?


– არა. ვცდილობდი, ისე მოვქცეოდი, როგორც ჩემს ქალიშვილებს, რომლებსაც ვაძლევდი განტვირთვის და გართობის საშუალებას, შვილიშვილებს ვიტოვებდი… თანაც რძალს ვენდობოდი, მჯეროდა, რომ მართლა ახლობლებისთვის ირჯებოდა. ვფიქრობდი, გოგო უმუშევარია და საკუთარი თავის რეალიზებას სხვების დახმარებით ცდილობს-მეთქი. ასეთი რაღაცები რომ ხშირად განმეორდა, უკვე აღარ მომეწონა, თუმცა როგორ ვიფიქრებდი, რომ შეიძლებოდა ქმრისთვის ეღალატა!


ეჭვი მაშინ გამიჩნდა, სატელეფონო საუბარი რომ მოვისმინე. გინდა, არ გინდა, მაგ დროს გაფაციცებული უსმენ, დეტექტივივით ხდები.

წყარო: სარკე