საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში CERN-ის მასტერკლასი გაიმართა

  • 25 აპრილი 19:00

ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პირველად უმასპინძლა ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მასტერკლასს ნაწილაკების ფიზიკაში.

მასტერკლასს ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრმა გაუწია.


გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო IPPOG-ის (International Particle Physics Outreach Group) წარმომადგენელმა საქართველოდან - ქეთევან მირზიაშვილმა.


მასტერკლასის მონაწილეთათვის თეორიული და პრაქტიკული მუშაობის პროცესი მთლიანად შემეცნებით ხასიათს ატარებდა.


ლექციები, რომელთა თემას ნაწილაკების ფიზიკა, აქტუალური ექსპერიმენტები და დეტექტორები წარმოადგენდა, CERN-ის მეცნიერებმა ჩაატარეს. თეორიული კურსის შემდეგ, მონაწილეებმა ექსპერიმენტის შედეგად მიღებული მონაცემები დაამუშავეს, ასევე, სხვადასხვა ნაწილაკები და მათ შორის მიმდინარე პროცესები აღმოაჩინეს.


პარალელურ რეჟიმში, CERN-ის ანალოგიური მასტერკლასები მსოფლიოს რამდენიმე უნივერსიტეტში მიმდინარეობდა.


თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების დასრულების შემდეგ, CERN-ის მოდერატორების დახმარებით, მასტერკლასის მონაწილე ყველა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შემაჯამებელი ვიდეოჩართვა განხორციელდა. ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის მიღებული ცოდნის გაზიარებისა და  მოდერატორებისთვის საინტერესო შეკითხვების საშუალება მიეცათ. დღის ბოლოს კი, მონაწილეებს საერთაშორისო სერთიფიკატები გადაეცათ.


CERN-ის მეცნიერთა, მკვლევართა და აკადემიური სპეციალისტების გაერთიანების (IPPOG) მიზანია, უზრუნველჰყოს ახალგაზრდა თაობის მაქსიმალური ჩართულობა სამეცნიერო ცხოვრებაში, იმ მიზნით, რომ ახალგაზრდებმა სამყაროს მეცნიერის თვალით შეხედონ და ინტერესი გაუჩნდეთ მეცნიერების მიმართ.


რაც შეეხება მასტერკლასებისა და ვორქშოფების პროგრამას, ის CERN-ის ექსპერტების მიერ რეალური ბაზისური მონაცემების მიხედვითაა შედგენილი და მოიცავს, როგორც თეორიულ, ასევე, ექსპერიმენტულ ნაწილს, სახალისო ლექციებითა და სავარჯიშოებით, ინტერაქტიური ვიდეოჩართვებითა და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული ვირტუალური ვიზიტებით CERN-ში.