კომპანია „ფერის“ გენერალური დირექტორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

  • reportiori.ge
  • 25 აპრილი 16:38

„2019 წლის 25 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით გაჟღერებული ინფორმაცია, კომპანიისთვის მიზერულ ფასად ექვსი ერთეული მიწის ნაკვეთის პრივატიზების თაობაზე, დეზინფორმაციაა“, - აცხადებს  ლაშა იორდანიშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას და სიცრუეა, ნაკვეთები არ არის შპს „ფერის“ საკუთრება და ნებისმიერ პირს შეუძლია ამ აუქციონში მონაწილეობა.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის 3 აპრილის, #15 განკარგულებით, მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ნაკვეთების აუქციონზე გატანის თაობაზე. ეს ნაკვეთები არ არის შპს „ფერის“ საკუთრება და ნებისმიერ პირს შეუძლია ამ აუქციონში მონაწილეობა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ საუბარია ექვს ერთეულ 25 კვადრატული მეტრი ფართობის ნაკვეთზე, რომლებიც განთავსებულია ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ და აუქციონზე მის საწყის ღირებულებად 18 ლარი განისაზღვრა ერთ კვადრატულ მეტრზე. ამასთანავე, მოვუწოდებ სიუჟეტში მონაწილე ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „კომპეტენტურ“ წარმომადგენელს, კარგად გაერკვეს, ახმეტის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს ხომ არ წარმოადგენს რაიონში მოქმედი ჰიდროელექტროსადგურები?! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ნუ შეიყვანენ შეცდომაში მოსახლეობას“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

სრული ვერსიის ნახვა reportiori.ge