ექსპერტი: საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის

  • M2B
  • 25 აპრილი 10:57

ექსპერტი საბანკო–საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ საპენსიო რეფორმის ავკარგიანობაზე საუბრისას სპეციალისტებს პროექტის გრძელვადიან პერსპექტივაში და გლობალურ ასპექტში შეფასებისკენ მოუწოდებს.

ამ თემაზე ექსპერტი ფეისბუქის გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს:


„დღეს, სამწუხაროდ, პოლემიკა არა საპენსიო რეფორმის ირგვლივ, მის გრძელვადიან ეკონომიკურ და საინვესტიციო ეფექტზე კეთდება, არამედ აქცენტები ცალკეულ დეტალებზე უფრო გადადის, ხშირად თავისებური ინტერპრეტაციებით და, რაც თვალშისაცემია, ხდება საკითხის წმინდა პოლიტიკურ ჭრილში გადატანა. ამ თემის განხილვისას არც პოლიტიკრი ინსიუნაციების გამოყენებაა იშვიათობა, საპარლემენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან, რასაც ასევე ემატება ექსპერტთა ნაწილის მხრიდან სუბიექტური შეფასებები. შედეგად, დღეს შექმნილია საპენსიო რეფორმის ნეგატიური ფონი, სადაც ჩვენს მიერ ფონდში აკუმულირებული თანხები აპრიორში „დანაკარგებისთვის“ არის განწირული, რაც ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ლამის მოსახლეობის მომავალი გაღატაკების უცილობელ პერსპექტივად წარმოაჩენს. დიდწილად სწორედ ამ ფონის შედეგია, რომ ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის ოპონირება და პოლემიკაც ძირითადად 2 მიმართულებით მიდის: რამდენად სანდოა ფონდის მიერ ჩვენი თანხების მართვა, ანუ სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხია წამოწეული წინა პლანზე და მეორე – ასევე აქტუალურ საკითხად, დაგროვებითი საპენსიო სისტემის სავალდებულო ხასიათის ნაკლებ ეფექტურობა განიხილება, რაც საპენსიო ფონდის მუშაობის 100 დღის განხილვისას საპარლამენტო დებატებმაც დაადასტურა.


1. დავიწყებ პირველი საკითხით, რომელიც საბოლოო ჯამში სახელმწიფოსადმი და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობა-არნდობაზე გადის. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით რეფორმის არქიტექტურაში პრაქტიკულად გამოყენებულია „ეთგოს“ (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია), სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტები და პრინციპები, რომელთა საფუძველზეც ჩადებულია ე.წ. „ჩინეთის კედლის“ პრინციპები, რაც საპენსიო სააგენტოს როგორც ორგანიზაციული, ასევე, დაფინანსების სტრუქტურის პოლიტიკური ზეგავლენის მინიმიზაციას უზრუნველყოფს, კვლავ არ წყდება ამ თემის პოლიტიზირების მცდელობა. რაც მთავარია, ხდება რა რეფორმის არსის შეგნებული დისკრედიტაცია, ყურადღება ნაკლებად არის გადატანილი ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც ე.წ. ციკლური ინვესტიციების უზრუნველყოფას და პორტფელებად დანაწევრებას გულისხმობს. ამ მოდელის თანახმად, თითოეულ მონაწილეს ექნება საშუალება, თავად განსაზღვროს, რომელი ტიპის პორტფელში სურს განთავსდეს მისი აქტივები: ნაკლებად რისკიანში, საშუალო რისკიანში თუ მაღალრისკიანში. ნიშანდობლივია, რომ საინვესტიციო ინსტრუმენტების სანდოობა უზრუნველყოფილია როგორც კანონით, სადაც გაწერილია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს საინვესტიციოდ დასაშვები ინსტრუმენტი, აქტივების დივერსიფიცირებულობის მინიმალური მოთხოვნები და რაც მთავარია განსაზღვრულია აკრძალული ინვესტიციების ტიპები, ხოლო მენეჯმენტი სოლიდარულად არის პასუხისმგებელი არასწორად შემუშავებული პოლიტიკის შედეგებზე.


რაც მთავარია, საინვესტიციო საქმიანობის ზედამხედველობას განახორციელებს ეროვნული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანად შემუშავებასა და კანონთან შესაბამისობას. თუმცა, პირველი 3-5 წლის განმავლობაში, საპენსიო ფონდის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, რომლის პირობებშიც აქტივების მართვის პროცესში კერძო კომპანიების ჩართულობა საკმაოდ ხარჯიანია, საპენსიო აქტივების მართვა განხორციელდება საინვესტიციო საბჭოს მიერ, ყველაზე ნაკლებად რისკიანი პორტფელის საშუალებით, რაც უზრუნველყოფს საინვესტიციო რისკების მინიმიზაციას მომავალში ფონდის ზომის ზრდის პარალელურად.


ამ მიმართულებით სავსებით სწორად მიმაჩნია რეფორმის საწყის ეტაპზე აკუმულირებული რესურსების კომერციულ ბანკების დეპოზიტზე განთავსება, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობას გრძელვადიან საკრედიტო სალარე რესურსებზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ვადიანი დეპოზიტების მოკლევადიანობის გამო, არის საკრედიტო და პირველ რიგში სალარე რესურსების მოკლევადიანობა, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას გრძელვადიანი სალარე რესურსებით. დღეს კომერციული ბანკები დეპოზიტზე საშუალოდ 8.5 %-ს არიცხავენ, და თუ გავითვალისწინებთ, რომ მომავალშიც საპენსიო დანაზოგები ინვესტირდება საიმედო ფინანსურ ინსტრუმენტებში და დაერიცხება დამატებით მინიმუმ 8-10% წლიური სარგებელი, 20 წლის დასაქმებული საწყისი 1000 ლარიანი ხელფასით, საპენსიო ასაკამდე სულ მცირე 400,000 ლარზე მეტს დააგროვებს და ისიც კონსერვატიული შეფასებით; თუ სახელმწიფოს მიმართ ნდობის საკითხზეა მაინც და მაინც აქცენტები გადატანილი, ცოტა გაუგებარია, მაშინ რატომ არ დგას კიდევ ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ეროვნული ბანკის სანდოობის საკითხი, რომელიც საერთაშორისო რეზერვებს მართავს საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ა კლასის, მათ შორის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში ინვესტირებით? ამდენი წლის მანძილზე, გლობალური კრიზისებიც ვნახეთ და საფონდო ბაზრების რყევებიც, სახელისუფლებო ცვლილებებიც, მაგრამ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს საფრთხე არ შეხებიათ, პირიქით დღეს რეზერვების დონე ისტორიულ მაქსიმუმზეც კი არის ასული!


2. წარმატებული საპენსიო სისტემების საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მხოლოდ მრავალსვეტიანი, როგორც წესი 3–სვეტიანი სისტემების ფარგლებში არის შესაძლებელი ერთის მხრივ, მაღალი ჩანაცვლების კოეფიციენტის მიღწევა და მეორეს მხრივ, მოქალაქის ეკონომიკური აქტიურობის შესაბამისი საპენსიო შემოსავლების უზრუნველყოფა. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის სტრატეგია რომელიც ითვალისწინებს არსებული პირველი სვეტის გაძლიერებას(საბაზისო პენსიის) და იმავდროულად ეფექტური მეორე(სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემა) და მესამე სვეტის(დაგროვებითი კერძო საპენსიო ფონდები) საპენსიო სისტემების დანერგვას, გამართლებულია. აქვე განვმარტავ, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დაგროვებითი პენსია სავალდებულოა, მეორე სვეტი წარმოადგენს სავალდებულო დაგროვებით პენსიას, ხოლო, მესამე – კერძო ნებაყოფლობითს. ხოლო იქ, სადაც დაგროვებითი პენსია არ არის სავალდებულო, მეორე სვეტი მოიცავს პროფესიულ საპენსიო სქემებს, ხოლო მესამე – კერძო ინდივიდუალურ საპენსიო სქემებს.


მართალია, ქართული საპენსიო მოდელის არქიტექტურაში ყველა დასაქმებული მოქალაქე ავტომატურად გაწევრიანდა საპენსიო ფონდში, თუმცა ამავდროულად მოქალაქეს მონაწილეობაზე უარის თქმის და სისტემის დატოვების სრული უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. კერძოდ, 1 აპრილიდან 2 თვის ვადაში თავისუფლდ შეუძლია ამ სისტემიდან გავიდეს. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა არანაირად არ ეწინაღმდეგება და არ ზღუდავს ადამიანის არჩევანის უფლებას, მით უმეტეს სამომავლოდ ფონდის მიერ მისი თანხების განკარგვის რისკების ნაწილში და პრინციპულად ბევრს არაფერს არ ცვლის სისტემის ინტერესის ან რისკების თვალსაზრისითაც, თუნდაც ფონდში გაწევრიანება საწყის ეტაპზე 40 წელს ზევით ადამიანებისათვის რომ ყოფილიყო ნებაყოფლობითი. დღეისათვის სისტემა დატოვა 2900 მეტმა დასაქმებულმა ადამიანმა, რაც მნიშვნელოვანია დიდი ნაწილი საჯარო მოსამსახურეა, მაგრამ საერთო ჯამში დასაქმებულ პირებთან მიმართებაში 0.5 % არ არის და ძირითადად საპენსიო ასაკთან მიახლოებულ პირებზე მოდის.


მართალია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა შესაძლებელია იყოს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფოსგან კონტროლირებადი მაგრამ აღსანიშნავია, რომ ბოლო ათეული წლის განმავლობაში მსოფლიოში დაგროვებითი პენსიის როლი გაიზარდა და, შესაბამისად, შემცირდა სახელმწიფო პენსიის მიმართულება. ყველა ქვეყანა საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევს საპენსიო მოდელს. ჩვენთან ამ საკითხების განხილვისას რატომღაც უფრო ხშირად აქცენტი კეთდება იმ ქვეყნებზე, სადაც დაგროვებითი საპენსიო სქემა სავალდებულო არ არის(იტალია, ახალი ზელანდია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ) და ნაკლებად იმ ქვეყნებზე, სადაც სახელმწიფო რამპენსიასთან ერთად, დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოა მონაწილეობის მიღება. ასეთი ქვეყნები კი ცოტა ნამდვილად არ არის, მათ შორის შეიძლება გამოვყოთ როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ასევე განვითრებული ეკნომიკის ევროპული ქვეყნები: ესტონეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, დანია, ფინეთი, ისლანდია, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია. სამწუხაროდ, ჩვენთან აქცენტები კეთდება ხოლმე, თითქოს მცირე შემოსავლების მქონე ადამიანების მიმართ რეფორმა არასამართლიანი და არათანასწორუფლებიანობის პრინციპზეა აგებული, რაც ამ საკითხის სუბიექტური შეფასებაა. სახელმწიფო კონტრიბუცია დაბალანაზღაურებად მონაწილესათვის უფრო დიდია, ვიდრე მაღალანაზღაურებადი პირებისათვის. მაგალითისათვის, საპენსიო სქემის მიხედვით 24,000 მდე სახელმწიფოს შენატანი განისაზღვრება 2%-ის ოდენობით, 24,000-დან 60,000 ლარამდე 1%-ის ოდენობით, ხოლო 60,000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში სახლემწიფო დასაქმებულის საპენსიო აქტივის ფორმირების პროცესში საერთოდ არ მონაწილეობს.


ნიშნადობლივია, რომ დაგროვებითი საპენსიო შენატანები უზრუნველყოფენ პირველად ქვეყნის ისტორიაში მასშტაბური საინვესტიციო კაპიტალის ბაზის შექმნას - შედეგად განვითარდება კაპიტალის ბაზარი, რაც თვისობრივად შეცვლის თუნდაც შიდა ვალის არსებულ კონსტრუქციას, როდესაც სახელმწიფო, ფასიანი ქაღალდების გამოშვებით, ფულს სესხულობს კომერციული ბანკებიდან, რაც ამცირებს და აძვირებს საკრედიტო რესურსებს. ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება მინიმუმ 4-5%-ით, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება ხელფასები და სოციალური შემწეობები - ყველა ეს სიკეთე აისახება თოთოეულ ჩვენს მოქალაქეზე მიუხედავად იმისა მონაწილეობენ დაგროვებით საპენსიო სქემაში თუ არა;


მიმაჩნია, რომ დღეს საუბარი იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს, რომ რეფორმა ნაადრევია ან დაბალშემოსავლიან პირებს არ უნდა ჰქონდეთ სავალდებულო ატრიბუტი, არამედ იმაზე, რომ საპენსიო რეფორმა გაცილებით უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო! ევროკავშირის და სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში დაგროვებითი საპენსიო სქემები წარმატებით ფუნქციონირებს. ჩვენგან განსხვავებით, იქ სავალდებულო შენატანები 8-10%-იდან იწყება, ხოლო სახელმწიფო კონტრიბუცია არ ხდება; რაც შეეხება დამსაქმებელზე ფინანსური ტვირთის გადატანას, რაც ხელფასების ზრდის შემცირების მიზეზი, შეიძლება გახდეს, ასეც ზედმეტად გაზვიადებულია. დამსაქმებლის სავალდებულო შენატანი საგადასახადო ეფექტის გათვალისწინებით მხოლოდ დარიცხული ხელფასის 1.6%-ია, რაც საერთო ხარჯების დაახლოებით 0.5-1.0%-ია.


ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო სისტემის რეფორმის დადებითს შედეგებს ქვეყანა და საზოგადოება ერთბაშად ვერ შეიგრძნობს, მისი პოზიტიური ეფექტი თვალსაჩინო გახდება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საპენსიო რეფორმა დაწყებულიყო მაქსიმალურად სწრაფად და არ გაწელილიყო დროში, რაზეც ასევე მიზანმიმართულად ხდებოდა საწინააღმდეგო აზრის პედალირება პოლიტიკოსთა თუ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან, დაბალ შემოსავლებზე თუ საფონდო ბაზრის განუვითარებლობზე აქცენტირებით. ამ ლოგიკით, ჩვენ ამ სისტემაზე ვერც უახლოეს და ვერც შორეულ მომავალში ვერ გადავალთ, რადგან საპენსიო რეფორმა არ არის გათვლილი ერთ და ორ წელზე.


მიმაჩნია, რომ ჩვენნაირი, განვითარებადი ეკონომიკის, დაბალი შემოსავლების და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების პირობებში, არასავალდებულო მოდელის ეფექტურობის ალბათობა ძალზე მცირეა; დღესაც მოქმედებს კერძო დაგროვებითი საპენსიო ფონდები, მაგრამ მათი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი პრაქტიკულად ნულის ტოლია. ნიშანდობლივია, რომ ჩვენთან მიღებული მოდელის ანალოგიური კომპონენტი აღმოსავლეთ ევროპაში განხორციელებულ სხვა საპენსიო მოდელებშიც გვხდება. ლიტვასა და პოლონეთში 30 წლამდე პირებისთვის არის დაზოგვა სავალდებულო, შედარებით მაღალია ბულგარეთში, სადაც ასაკობრივი ცენზი 42 წელია. სავალდებულო კომპონენტებია ბულგარეთში,ესტონეთში, უნგრეთში, პოლონეთში, ლატვიაში და რუმინეთში. დასაქმებულების მიერ საპენსიო ფონდში შენატანები 5-6 %-ს შეადგენს, ხოლო ლატვიაში სულაც 8%-ია.


3. საპენსიო რეფორმების ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელია ჩანაცვლების კოეფიციენტი, რაც წარმოადგენს პენსიის ოდენობის თანაფარდობას საშუალო ხელფასთან. ბუნებრივია, ხელფასთან მით უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი ადამიანების მომავალი სიბერე. მაგალითისათვის აშშ-ში და ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში რომლებმაც შეინარჩუნეს სახელმწიფო გადანაწილებითი სისტემა, რომელიც მოიცავს დასაქმებულთა 90%-ზე მეტს, ჩანაცვლების კოეფიციენტი თითქმის უცვლელ დონეზე რჩება და აღწევს საშუალო ხელფასის ოდენობის 80%. თვალსაჩინოებისათვის, ჩანაცვლების კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი რეგიონში შეადგენს 40 პროცენტს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ქვეყნებში (OECD) - 63 პროცენტს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებში - 78 პროცენტს. როგორც ავღნიშნეთ, დაგროვებით საპენსიო მოდელებზე გადასვლა, გარდა მომავალ სამუშაო ძალაზე ორიენტირებისა, ეკონომიკაზე ზემოქმედების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი. თუ სოციალური პენსია მნიშვნელოვნად გაიზრდება მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებლის მიხედვით, ერთის მხრივ ეკონომიკას დააწვება მძიმე ტვირთად და მეორეს მხრივ შეამცირებს დაზოგვის სტიმულს. გაეროს საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, 2030 წლისთვის ასაკით პენსიონერთა ოდენობა(შშმ პირების და მარჩენალ დაკარგულების გარეშე), სულ მცირე 950 ათასს მიაღწევს, რაც მოსახლეობის 25 %-ზე მეტი იქნება. ამასთან, მოსახლეობის დაბერების მაჩვენებლი თუ დღეს არის 14,5 %, უახლოეს 10 წელიწადში პროგნოზით 20 %-მდე გაიზრდება ანუ ახალგაზრდა თაობა, თუ მიგრაციის მაჩვენებლსაც გავითვალისინებთ, კიდევ უფრო ნაკლები იქნება ვიდრე დღეს. შედეგად შრომისუნარიან მოახლეობაზე საგადასახადო ტვირთი კიდევ უფრო გაიზრდება; ეკონომიკისათვის ეს ნიშნავს, გადასახადების უპირობო ზრდას, რაც ისევ ბიზნესზე აისახება ნეგატიურად;


ახლა განვიხილოთ სიტუაცია სოლიდარული პენსიის მოდელი რომ დაგვეტოვებინა. 2006 წელს საპენსიო ხარჯი თუ შეადგენდა 268 მილიონ ლარს, ანუ მშპ-ს 1.95 %-ს, ხოლო 2017 წელს 1.579 მილიარდს ანუ მშპ-ს 4.25%-ს, რაც მთლიანი საბიუჯეტო შემოსავლების 16,3%-ს შეადგენს და რაც დღესაც არის მაღალი მაჩვენებელი. უახლოეს 20 წელიწადში არსებული ეკონომიკური ზრდის თუნდაც 5 %-იანი ტემპის შენარჩუნებით, ეკონომიკა გაიზრდება 2.6 ჯერ. დღეს არსებულ შერეულ მოდელში სოლიდარულ პენსიას რაც შეეხება, თუ ხელფასების ზრდის თუნდაც არსებულ 5 %-იან დონეს ავიღებთ, 20 წლის შემდეგ საშუალო ხელფასი 1200 ლარიდან 3200 ლარამდე გაიზრდება და შესაბამისად ჩანაცვლების კოეფიციენტს თუ თუნდაც 40 %-ს გავითვალისწინებთ, პენსიის ოდენობა 1250 ლარი გამოვა. საბაზისო პენსიის 6 ჯერ ზრდის პირობებშიც კი, საერთო ევროპულ დონესთან შედარებით მაინც არასაკმარისი და მცირე იქნება საშუალო ხელფასთან მიმართებაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ დროისათვის, სავარუდოდ 850 ათას პენსიონერზე გადაანგარიშებით, საპენსიო ხარჯი 12.7 მლრდ ლარი იქნება, საბიუჯეტო შემოსავლების 35 % მეტი, რაც არის ძალიან მაღალი ხარჯი და დღეს არსებულზე ორჯერ მეტიც კი. თუ ამ გზით წავალთ აუცილებლად მოგვიწევს გადასახადების გაზრდა, მინიმუმ 40-45 %-მდე საგადასახადო ტვირთით, როგორც ეს ევროპის ქვეყნების არც თუ მცირე ნაწილშია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას და არსებული ზრდის ტემპებიც შემცირდება;


ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო რეფორმის საინფორმაციო მხარდაჭერა ნამდვილად გასაუმჯობესებელია, მაგრამ საპენსიო რეფორმას ალტერნატივა არა აქვს, მით უმეტეს ქართული საპენსიო სისტემა სამივე სვეტის სიმბიოზს ითვალისწინებს. საპენსიო რეფორმის გარეშე მომავალს ვწირავთ გარანტირებული სიღარიბისთვის“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

სრული ვერსიის ნახვა M2B