,,იმ ადამიანებთან ვალში ვართ, ვინც მწუხარებისას გვერდით გვედგა”- იმედო კახიანი 82 წლის ასაკში თეატრალური უნივერსიტეტის დიპლომს აიღებს

  • სარკე
  • 25 აპრილი 10:49

საქართველოს სახალხო არტისტს, იმედო კახიანს, ქუჩაში გასულს დღესაც ხშირად ესმის: ,,ნახეთ გოგიტა, გოგიტა კვერნაძე!”.

 არადა დიდი ხანია, არც ბიბინა ქოჩორი აქვს და არც 18 წლის მკვირცხლი ბიჭია. ეტყობა, ფილმ “საბუდარელ ჭაბუკს” განსაკუთრებული იღბალი დაჰყვა, რადგან ძველ და ახალ თაობებს ერთნაირად უყვართ.


იღბალს არც ბატონი იმედო უჩივის, პირიქით, ხშირად ამბობს, ჩემი წარმატებები შრომასთან ერთად იღბლის დამსახურებაცააო. ასაკმა მოგონებების გაღვიძება იცის. მოგონებებში კი ყველაზე მეტად ბავშვობის წლები ეძვირფასება. სასიხარულო ბევრი კი არაფერი იყო ნახევრად მშიერ ბავშვობაში, მაგრამ იყო მთავარი – სიყვარული და ერთსულოვნება, რაც დღეს ადამიანებს ძალიან გვაკლია.


თვლის, რომ სამყაროში ქალისა და მამაკაცის ტრფობა ყველაზე სწორი, ლამაზი და მისაღებია. სიჭაბუკეში აირჩია მშვენიერი გოგონა ცხოვრების თანამგზავრად და ნახევარ საუკუნეზე მეტია ერთად მიუყვებიან ცხოვრების მიხვეულ-მოხვეულ გზა-შარას.


– ბატონო იმედო, თქვენი ბავშვობა ომის პერიოდს დაემთხვა. შემდგომ წლებში ქვეყანას ტექნიკური სპეციალისტები ძალიან სჭირდებოდა, თქვენ კი მსახიობობა აირჩიეთ. თქვენს ბავშვობასა და პროფესიულ არჩევანზე მიამბეთ.


– ახლა, როცა უკან ვიხედები, ყველაზე მეტად ბავშვობა მენატრება. მამა რეპრესირებული იყო. სასწაულად გადარჩა, დაავადებული დაბრუნდა ციმბირიდან, გადასახლებიდან. ქალაქსა და ქალაქის ტიპის დასახლებაში ცხოვრება ეკრძალებოდა, ამიტომ სოფელში გადავსახლდით. ომი იყო, ნახევრად მშიერი იყო დიდი და პატარა, მამაკაცები ომში იბრძოდნენ და ქალების ამარა იყო დარჩენილი სოფელი.


დედა მასწავლებელი იყო. განთიადზე დგებოდა, პირუტყვი, ფრინველი, ეზო-კარი, სამი ბიჭი, ავადმყოფი ქმარი – ყველაფერი მის კისერზე იყო. შემდეგ ორ კილომეტრზე დაშორებულ სკოლაში ლამის სირბილით მიდიოდა, ასევე სირბილით ბრუნდებოდა და გვიან ღამემდე ციბრუტივით ტრიალებდა.


მძიმე წლები იყო, მაგრამ რწმენა და სიყვარული იმარჯვებდა გაჭირვებაზე. ლუკმა მჭადს უყოფდნენ ადამიანები ერთმანეთს.


ოთხი კლასი დავამთავრე სოფლად და სწავლა თბილისში გავაგრძელე. პლეხანოვზე (ამჟამინდელი აღმაშენებელი) გვქონდა ერთი ოთახი, სადაც მამიდა ცხოვრობდა. მის იმედად გამომიშვეს მშობლებმა. სახლი დიდი იყო, თავად დადიანის აშენებული, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო დადიანის მეუღლე, დიდი თავადის, გურიელის, ქალი თამარი. ღრმად მოხუცებული მახსოვს – დიდებული იერითა და საუცხოო სიტყვა-პასუხით.


მე-19-ე ვაჟთა სკოლაში ვსწავლობდი. სანამ მამიდა ცოცხალი იყო, კარგი მოსწავლე ვიყავი, მისი გარდაცვალების შემდეგ სწავლას მოვუკელი, სკოლასაც ხშირად ვაცდენდი, ამიტომ გამომრიცხეს. გვერდით ვაჟთა მე-20 სკოლა იყო, სადაც დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ მოსწავლეთა დასწრებას და აკადემიურ მოსწრებას. ზუსტად საჩემო იყო და მეც იქ გადავედი.


ჩემი ეზო მრავალეროვანი იყო, როგორც ყველა ძველი თბილისური ეზო. მარტო დარჩენილ ბიჭზე მეზობლები ზრუნავდნენ. ზოგი დილით მაღვიძებდა სკოლისთვის, ზოგს კერძი მოჰქონდა… სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხი ერთი ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთი ენით – სიყვარულის ენით საუბრობდა.


დედა ჩემს ექიმობაზე ოცნებობდა და მეც სამედიცინო ინსტიტუტს მივაშურე. ქულები დამაკლდა და გარეთ დავრჩი. ჩემი მეზობელი ნოდარ ფირანიშვილი თეატრალურ ინსტიუტუტში პირველ კურსზე სწავლობდა. ისე დამიხატა ის გარემო, რომ დამითანხმა იქ ჩაბარებაზე. საბუთები შევიტანე, მეორე დღეს კი შესარჩევი ტური იყო დანიშნული.


ერთ დღეში რა უნდა მესწავლა, წარმოდგენა არ მქონდა. ფირანამ, ასე ვეძახდი ნოდარს, მითხრა, საჭიროა, ისწავლო ლექსი, იგავ-არაკი, ნაწყვეტი პროზიდანო. ავიჩიე იგავ-არაკი, ვაჟა-ფშაველას “არწივი” და “ამოდის, ნათდება”. ფირანამ მითხრა, მთავარია, ხმამაღლა, გაბრწყინებულმა წაიკითხოო.


მოვიდა ჩემი რიგი. შევედი დარბაზში, სადაც მაგიდას ჩემთვის უცნობი ადამიანები უსხდნენ, მომანათეს პროჟექტორები და მითხრეს: “აბა, დაიწყეთ”. დავჭექე. დავამთავრე, მაგრამ ხმას არავინ იღებს.


დიდი პაუზის შემდეგ მელოტმა, შავგვრემანმა კაცმა მითხრა: “აიღე სკამი, მოდი და ჩვენ წინ დაჯექი”. დავჯექი. “იცი, რა წაიკითხე?” – მეკითხება. “როგორ არა, ვაჟას “არწივი”,- ვპასუხობ. “მერე?”… ვფიქრობ, რა უნდა. როგორც ფირანამ მასწავლა, დავჭექე, არ შემშლია.


“ახალგაზრდავ, რა სჭირს არწივს?” – ისევ მეკითხება. “დაჭრილია”, – ვპასუხობ. “ჰოდა, ეს ძლიერი ფრინველი, თავისუფლების სიმბოლო თუ დაჭრილია, სტკივა და უღირსი მტერი ძიძგნის, არ გეცოდება?” – მკითხა. “დიახ”, – ვუპასუხე. ჰოდა, მაშინ რა გიხარია, რა გაყვირებსო.


ბევრი რომ არ გავაგრძელო, სხვა ნომრებიც დიდად არავის მოსწონებია. არაფერი მითხრეს, ისე გამომიშვეს. ვბრაზობდი, ეს სად მომიყვანა ფირანამ, თავი შევირცხვინე-მეთქი.


მეორე დღეს, როგორც წესი, პლეხანოვზე “ვაბირჟავებდი”. რუსთაველისკენ გახედვაც არ მინდოდა. ისედაც არ დავდიოდით პლეხანოველები რუსთაველზე, უბნის ღალატად ითვლებოდა. მოვიდა ფირანა და ძალით წამიყვანა. თეატრალურ ინსტიტუტის კედელზე, სარკმელში სიები იყო გამოკრული, 450 კაციდან 40 კაცამდე დასულიყო. ჩემი გვარი ეწერა, პირი დავაღე გაოცებისგან.


ორი კვირა ვიმეცადინე და დრამის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი.


– და ამის მერე ძალიან მალე გამოჩნდით კინოში.


– დიახ, პირველ კურსზე ვიყავი. რეჟისორი შოთა მანაგაძე იღებდა “საბუდარელ ჭაბუკს”. თეატრალურში გვითხრეს, მთავარი გმირი, გოგიტა, უკვე არჩეულია, მისი თანატოლი ბიჭები გვჭირდება და ხვალ პირველკურსელები გასინჯვაზე მოდითო. ყველანი წავედით. რეჟისორი გვესაუბრა. უცებ გვერდით მდგომს მიუბრუნდა და უთხრა, ამ ყმაწვილს გაუკეთეთ გრიმი და სასინჯი ფოტოები გადაუღეთო. რამდენიმე ხნის შემდეგ შემატყობინეს, მთავარ როლზე დაგამტკიცესო.


– ამავე პერიოდში მოხდა თქვენს ცხოვრებაში მთავარი მოვლენა – გაიცანით მომავალი მეუღლე.


– ჩემი ქალბატონი “საბუდარელი ჭაბუკის” სინჯებზე გავიცანი. ციცინოს როლის სინჯებზე მთელი თბილისის ლამაზი გოგოები მიდიოდნენ. მეორე დღეს პლეხანოვზე შემხვდა და თითქოს ვერ მიცნო, ისე ჩამიარა. მე კი ისე მომეწონა, გადავწყვიტე, დავახლოვებოდი და შევძელი კიდეც, თავი შევაყვარე… (იცინის).

წყარო: სარკე