გიგო გელაშვილი: ,,ქორწილს ვიღებდი და პატარძალს შევუყვარდი”

  • სარკე
  • 24 აპრილი 17:07

ინჟინერ-არქიტექტორმა გიგო გეგელაშვილმა წლების წინ ფოტოაპარატი მოიმარჯვა ხელში და ფოტოხელოვნების სამყაროს ეზიარა.

მანამდე იყო ძიუდო, სივრცის დიზაინი, ხატწერა, მაგრამ საკუთარი თავი სწორედ ამ პროფესიაში იპოვა და მუზებიც ამ საქმეში სტუმრობენ. უყვარს პორტრეტებზე მუშაობა, განსაკუთრებით კი ქალების გადაღება, რადგან მათში იმას ხედავს, რაც ბევრისთვის დაფარულია – სიძლიერეს.


– გიგო, ინჟინერ-არქიტექტორი კაცი ფოტოგრაფი როგორ გახდით?


– ბავშვობიდან ვხატავდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სივრცის დიზაინს ვსწავლობდი. მამაც მხატვარი მყავს და შეიძლება ითქვას, რომ ეს ნიჭი გენეტიკურია. ბავშვობაში ვძერწავდი და ამით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი. სტუდენტობისას ფირის აპარატით ვიღებდი, თავიდან ჰობი იყო, მერე სერიოზულად დავინტერესდი და ფოტოგრაფია ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.


– როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე პროფესია გაქვთ.


– თავიდან ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე, მერე სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ იყო სასულიერო აკადემია, სადაც ხატწერას ვეუფლებოდი. საბოლოოდ ფოტოგრაფიაში ვიპოვე ჩემი ადგილი. 10 წელზე მეტია ამ სფეროში ვარ.


– ძირითადად პორტრეტებს იღებთ, მუშაობთ სუსტ სქესთან…


– სუსტ სქესში თუ მდედრობით სქესს გულისხმობთ, ნება მომეცით, არ დაგეთანხმოთ. მიზეზი, რის გამოც მათ ვიღებ, ზუსტად მათ სიძლიერეშია. ქალები მომხიბვლელები და ჭკვიანები არიან. მათი ძლიერი ხასიათი ფოტოებშიც იგრძნობა. ჩემი ინტერესიც ალბათ ამითაა გამოწვეული.


– შიშველი ქალების ფოტოებსაც იღებთ. როგორ ითანხმებთ მათ თამამ ფოტოსესიებზე?


– მე არ მივდივარ იმ ადამიანებთან გადასაღებად, ვისი დარწმუნებაც მომიწევს. ვისაც ვიღებ, მათ ხელოვნებასთან აქვთ კავშირი და კარგად ესმით, რომ ეს ხელოვნებაა. ასეთ გადაღებებს წინასწარ არასოდეს ვგეგმავ. შეიძლება სუფრასთან დავლიოთ, ჩემმა მეგობარმა კი უცებ გახდა დაიწყოს და გადავიღო. ამ ეტაპზე უფრო დადგმულ ფოტოგრაფიაზე ვმუშაობ. შიშველი სხეულის გადაღება ყველას შეუძლია, მაგრამ გადაიღო ისე, რომ სხვებმაც აღიქვან ეს, როგორც ხელოვნება, ცოტა რთულია.


– ძალიან თამამად საუბრობთ, ალბათ იმიტომ, რომ დაოჯახებული არ ხართ. როგორი უნდა იყოს გოგო, რომელსაც მომავალს დაუკავშირებთ?


– დაოჯახების შემდეგაც თამამად ვისაუბრებ. არ ვიცი, როგორი უნდა იყოს ის. ალბათ ვიგრძნობ და მერე მნიშვნელობა არც მის სიმაღლეს ექნება, არც წონას, არც თმისა და თვალის ფერებს. ამ ეტაპზე დაქორწინებაზე არ ვფიქრობ, რადგან არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვისთან ერთადაც მომინდება დარჩენილი ცხოვრების გავლა.


– როგორც ვიცი, სპორტსაც მისდევდით. რატომ დაანებეთ თავი?


– 10 წელი ძიუდოთი ვიყავი დაკავებული, მაგრამ ტრავმის გამო თავის დანებება მომიწია.


– კერძო შეკვეთებზე მუშაობთ, იღებთ ქორწილებს და ალბათ თავგადასავლებიც გექნებათ. გაიხსენეთ ერთ-ერთი.


– იყო შემთხვევა, როცა პატარძალს მოვეწონე. ქორწილის შემდეგ მუდმივად მობილურზე მირეკავდა. ნახევარი საათის შემდეგ ტელეფონი ავტომატურად ითიშებოდა, მაგრამ ისევ თავიდან მირეკავდა და თავის ისტორიებს მიყვებოდა.


– შეხვდით?


– არა. მას ჰქონდა ოჯახი და არ მინდოდა, მესამე პირი ვყოფილიყავი.


– ის გოგონები, რომლებიც თქვენ გვერდით არიან, არ ეჭვიანობენ?


– ალბათ არა. ისეთ პარტნიორებს ვირჩევ, რომლებსაც ეს კომპლექსები არ აქვთ. რადგან მასთან ერთად ყოფნა მინდა, ესე იგი სხვას ის ვარჩიე, შესაბამისად საეჭვიანოც არაფერია. მგონია, რომ ის ადამიანები ეჭვიანობენ, რომლებსაც არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ. ჩემი რჩეული კი თავის სრულფასოვნებაში დარწმუნებული იქნება.

წყარო: სარკე