გახარია: თუ ოპოზიციას დამატებით ჩემი ნახვა სურს, ყავაზე დამპატიჟონ

  • 22 აპრილი 21:32

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მონახულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კითხვაზე, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით მივა თუ არა პარლამენტში, პანკისის ხეობის მოვლენებზე სასაუბროდ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საპარლამენტო მოსმენა მაისის პირველ კვირაშია დაგეგმილი, სადაც მას მინისტრის საათის ფარგლებში ექნება გამოსვლა.

„მე პარლამენტში ბოლო თვეების განმავლობაში ვიყავი უკვე 4-ჯერ. რეალურად არანაირი პრობლემა არც მე და არცერთ ჩემი გუნდის წარმომადგენელს, მიმართოს და იდგეს პარლამენტის ტრიბუნაზე - არ აქვს. მე როგორც ვიცი, მაქვს დაგეგმილი საპარლამენტო მოსმენა „მინისტრის საათი“, მაისის პირველ კვირაში. რა თქმა უნდა, მე ამ ჩემს ვალდებულებას შევასრულებ და მივალ. თუ „ევროპული საქართველოს" რომელიმე ლიდერს სურს დამატებით კიდევ ჩემი ნახვა, შეუძლიათ დამპატიჟონ ყავაზე და მივალ, დაველაპარაკები“. - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ევროპული საქართველო" პანკისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს საკომიტეტო ფორმატში იბარებს.

21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.