ვნების შვიდეული დაიწყო - დღეს დიდი ორშაბათია

  • digest.pia.ge
  • 22 აპრილი 00:30

აღდგომის ბრწყიონვალე დღესასწაულის წინ უძღვის ვნების კვირა.

 

ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს ახალი აღთქმის რამდენიმე მოვლენას: უნაყოფო ლეღვის ხის დაწყევლას და იგავებს ორ ძმასა და ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ ქრისტეს უარმყოფელ ისრაელის ხალხს და ყოველ ადამიანს, რომელსაც სასიკეთო ნაყოფი არ მოაქვს თავისი ცხოვრებით; აგრეთვე მაცხოვრის წინასწარმეტყველებას, თავისი მომავალი ტანჯვის შესახებ. ამ დღესვე ხდება ძველი აღთქმის ბიბლიური იოსების გახსენება, როგორც ქრისტეს წინარე სახის, მისი ტანჯვისა და საბოლოო გამარჯვების.


იერუსალიმში დიდებით შესვლის შემდეგ, ის ღამე მაცხოვარმა გაატარა ბეთანიაში. დილით, იერუსალიმში დაბრუნებისას, ქრისტეს მოშივდა – მივიდა ლეღვის ხესთან და ვერ ჰპოვა მასზე ნაყოფი. როგორც მარკოზ მახარებელი წერს: „შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის მწიფობას“.(მარკ.11:13). მაშინ მაცხოვარმა დასწყევლა უნაყოფო ხე: „...აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე“.(მათე 21:19) და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.


შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს იმ ხის დაწყევლა, რომელსაც არ მოსვლია ნაყოფის გამოღების ვადა, მაგრამ ეს არის სიმბოლო, რომელსაც, იოანე ოქროპირის სიტყვით, ხალხისთვის უნდა ემცნო: უფალს „შეეძლო ამ ლეღვივით გაეხმო თავისი ჯვარზე გამკვრელები, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ გაეხმო ისინი, მან ნებაყოფლობით იტვირთა ჯვარცმა. ის, რაც მან არ ჩაიდინა ადამიანებზე, თავისი მართლმსაჯულების საწყაოთი მიუზღა მცენარეს“. უფრო ადრე იყო შემთხვევა, როდესაც მოციქულებმა მიმართეს მასწავლებელს წინადადებით, ცეცხლი გარდამოსულიყო სამარიტელთა იმ სოფელზე, სადაც ისინი არ მიიღეს, მაგრამ მასწავლებელმა დაუშალა: „...არ იცით, რომელი სულისანი ხართ. რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ მოვიდა, არამედ სახსნელად...“ (ლუკა,9: 55,56).


ლეღვის სასწაულს ზნეობრივი შეგონების მნიშვნელობა აქვს ყოველი კაცისათვის – ადამიანი ნებისმიერ ჟამს ისე უნდა იყოს მზად უფალთან შესახვედრად, რომ სულიერად ცარიელი და უნაყოფო არ აღმოჩნდეს.


ლეღვის სასწაულის შემდეგ, მაცხოვარი იერუსალიმის ტაძარში მოძღვრავდა ხალხს. მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი ცდილობდნენ სიტყვაში მოეგოთ მისთვის. მაცხოვარმა კი მოუთხრო მათ იგავი ბოროტ მევენახეებზე, რომლებიც ჯერ ფიზიკურად უსწორდებოდნენ და კლავდნენ მეპატრონის მიერ მათთან გაგზავნილ მონებს, ხოლო ბოლოს მოკლეს თვით ვენახის პატრონის შვილიც, რათა მის მემკვიდრეობას დაჰპატრონებოდნენ. „როდესაც მოვა ევნახის პატრონი, რას უზამს მევენახეებს“? იკითხა ბოლოს იესომ. მღვდელმთავრები და უხუცესები იძულებულნი იყვნენ, მსჯავრი გამოეტანათ საკუთარი თავისთვის: „... ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს“ (მათე: 21, 41). წმიდა მამათა განმარტებით, მევენახეები ამ იგავში ისრაელის ხალხს ნიშნავს, რომელთაც უფალი მოუწოდებდა, წარმართულ ბნელეთში ერთი ღმერთისადმი ჭეშმარიტი რწმენა შეენარჩუნებინათ და რომელთაგანაც უფალი სულიერ ნაყოფს მოელოდა.


ვნების შვიდეულის პირველ დღეს ეკლესია იხსენიებს ძველი აღთქმის განსაკუთრებული ღირსებებით შემკულ პიროვნებას – იოსებ მშვენიერს. თავისი მართალი ცხოვრების გზაზე მან ბევრი სატანჯველი გამოიარა: იგი გაყიდეს ძმებმა, მას ცილი დასწამა ფარაონის კარისკაცის ცოლმა და მოხვდა საპყრობილეში. მაგრამ ღმერთი ყველა გასაჭირში ეხმარებოდა თავის რჩეულს. ბოლოს, სწორედ ფარაონის მრჩევლად ქმნილმა იოსებმა დიდსულოვანი მიმტევებლობით გადაარჩინა ძმები და საყვარელი მამა შიმშილით სიკვდილისაგან. ამით ის იქცა ქრისტეს წინარესახედ, რომელმაც ადამიანებისაგან ვნებულმა, ჯვარცმულმა, მაგრამ სიკვდილზე გამარჯვებულმა, თავისი აღდგომით ხსნა მოუტანა ადამიანებს!


 


 

სრული ვერსიის ნახვა digest.pia.ge