განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა

  • 16 აპრილი 11:41

15 აპრილს განათლების საერთაშორისო ცენტრმა ორი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

ეს პროგრამებია:

  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
  • სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის

ორივე პროგრამის ფარგლებში ელექტრონული განაცხადები მიიღება 2019 წლის 15 აპრილიდან  2019 წლის 15  მაისის ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე). კონკურსის საბოლოო შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ 2019 წლის 30 ივნისამდე.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება და საჯარო სამსახურში დასაქმებულთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები და პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელები, რომლებიც დასაქმებულნი არიან საჯარო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში და სურთ, დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შესაბამისი შინაარსის პროგრამით აიმაღლონ კვალიფიკაცია.

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის - ეს პროგრამა უნგრეთის მოქალაქეებს სთავაზობს სტიპენდიას, რომლის ფარგლებშიც მათ საშუალება ეძლევათ,  ჩაერთონ ქართული უნივერსიტეტების სასწავლო ან კვლევით პროგრამაში. სასტიპენდიო პროგრამა ადმინისტრირებულია სსიპ საერთაშორისო განათლების ცენტრისა და ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის მიერ. პროგრამის მონაწილეებს უნგრეთიდან შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მოკლე ან გრძელვადიან კურსებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

იხილეთ ბმულები:

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
http://iec.gov.ge/4358

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის
http://iec.gov.ge/4360