"დღეს ყველა ჩვენგანის ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული"

  • 15 აპრილი 23:05

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შესახებ  „ტვიტერის“ გვერდზე განცხადება გაავრცელა.

"ნოტრ დამის ტაძარი იწვის. ეს ძალიან ემოციურია მთელი ერისთვის. იფიქრეთ კათოლიკეებზე და ყველა ფრანგზე. როგორც ყველა ფრანგი, მეც დამწუხრებული ვარ, რომ ყველა ჩვენგანის ნაწილი ახლა ალშია გახვეული", – წერს ემანუელ მაკრონი.


პარიზში ღვთისმშობლის ტაძარი იწვის. ხანძარი თბილისის დროით 20:50-ზე გაჩნდა. მეხანძრეთა თქმით, ის სავარაუდოდ, ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებთან არის კავშირში. სააგენტო ფრანს პრესის ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის შპილი. სიენენის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე კი ჩანს, რომ შპილთან ერთად ჩამოინგრა ტაძრის სახურავიც. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლი თავდაპირველად ხარაჩოს გაუჩნდა, რომელსაც ტაძრის რესტავრაციისთვის იყენებდნენ. მომხდარის გამო პრეზიდენტმა მაკრონმა ყველა დაგეგმილი ღონისძიება გადადო. პარიზის მერმა ან იდალგომ მომხდარს საშინელება უწოდა. ელისეს სასახლეში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტი ხანძრის ადგილას აპირებს მისვლას. შეერტებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თვითერში დაწერა, რომ საშინელებაა, უყურო როგორ იწვის ნოტრ-დამი და მეხანძრეებს ავიაციის გამოყენება ურჩია. ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, განადგურებულია ტაძრის საათიც.


"საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს საელჩო საფრანგეთში გთხოვთ, მოერიდოთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას და საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689", - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.