"ბულბულისხმიანი" ქოლგები - სახალისო ისტორია

  • თბილისელები
  • 15 აპრილი 12:55

ცნობილი მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ასეთ ისტორიას ყვება:

"რუსთაველის თეატრი ესპანეთში ვართ გასტროლებზე. იმ დღეს სპექტაკლი არ გვქონდა და მე და რამაზ ჩხიკვაძემ ქალაქში გავისეირნეთ. გავიგეთ, რომ იქ საკმაოდ კარგი, თანაც, იაფი ბაზრობა იყო. სუვენირები ხომ უნდა წამოგვეღო და წავედით. ბაზრობაზე, მართლაც, უამრავი პატარა მაღაზია იყო, სადაც ხარისხიან, ლამაზ ნივთებს ყიდდნენ. თანაც, "ამოყიდვის" პერიოდი იყო, ანუ, რომ გაასაღონ, საქონელს ფასდაკლებით ყიდიან. ერთ ადგილზე ძალიან ლამაზი ქოლგები შევნიშნეთ, რომლებიც ღილაკზე თითის დაჭერით იშლებოდა, თანაც, ბულბულის ხმას გამოსცემდა და ეს ნივთი სულ რაღაც ერთი დოლარი ღირდა. აბა, ვეცით მე და რამაზი და ჩვენი ახლობელ-მეგობრებისთვის 20-20 ცალი შევიძინეთ. მივედით სასტუმროში, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ, ქოლგები კი იშლებოდა, მაგრამ ბულბულის ხმას აღარ გამოსცემდა. საქმე კი თურმე ის იყო, რომ როცა ყველას წინ ქოლგას შლიდა, გამყიდველი თავად უსტვენდა ბულბულივით. ის აფერისტი ისე იყო "დასპეცებული", რომ ვერაფერი შევამჩნიეთ და "მუნჯი" ქოლგები შემოგვასაღა".

წყარო: თბილისელები