როგორ ვიკვებოთ მენოპაუზის დროს

  • tbiliselebi.ge
  • 8 აპრილი 14:13

კლიმაქსი (მენოპაუზა) ქალებს აშინებთ, რასაც მისი თანმხლები უსიამოვნო მოვლენები იწვევს. ბევრს ამის შესახებ საუბარიც კი ეჩოთირება. ამ ყოველივეს კი არასაკმარისი ცოდნა განაპირობებს.

უნდა გვახსოვდეს, რომ კლიმაქსი დაავადება არ არის, ქალის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობაა. ბევრს მენოპაუზა ტრაგედიად მიაჩნია, რადგან ჰგონია, რომ ამის შემდეგ ქალი თავის ფუნქციას კარგავს. ეს მცდარი შეხედულებაა – მენოპაუზის დროს ქალი კარგავს მხოლოდ შვილოსნობის უნარს და არა ქალურ თვისებებს. სადღეისოდ აღიარებულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება შესაძლებელია სამი ძირითადი მექანიზმის ჩართვით:


1. ჰორმონების დეფიციტის შევსებით; 2. ჯანსაღი, ბალანსირებული კვებით; 3. საკმარისი ფიზიკური აქტივობით.


ჯანსაღი ბალანსირებული კვება ამ პერიოდში გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას (თუმცა ესტროგენების ზემოქმედების გარეშე კალციუმი ძვლებში ვერ „დამაგრდება“), ცხოველური ცხიმისა და ცომეულის შეზღუდვას, ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვების მიღებას. კვების რაციონი მიზნად უნდა ისახავდეს სიმსუქნის თავიდან აცილებას, ვინაიდან მუცელზე ჭარბი ცხიმი ზრდის მენჯის ფუძის კუნთების დატვირთვას და, შესაბამისად, ხელს უწყობს შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლას. რეგულარული ფიზიკური ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას და მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას. შარდის ბუშტის ფუნქციის მოსაწესრიგებლად გამოიყენება მენჯის ფუძის კუნთის მიზანმიმართული ვარჯიშიც. კალციუმის ოპტიმალური სადღეღამისო ოდენობაა 1 000-1 500 მილიგრამი. ეს ელემენტი უხვად არის: რძეში, ყველში, იოგურტში, მწვანე ბოსტნეულში, ორაგულში, სოიაში.


კალციუმთან ერთად აუცილებელია ფოსფორის მიღებაც. ფოსფორით მდიდარია თევზი. D ვიტამინი არეგულირებს ძვლებში კალციუმის ცვლას და მონაწილეობს საკვებიდან ამ ელემენტის ათვისებაში. ის ჩვენს ორგანიზმში მზის სხივების ზემოქმედებით სინთეზდება. ვიღებთ საკვებიდანაც. დღეში 2-3-ჯერ 10-15 წუთით მზეზე ყოფნა საკმარისია, რომ ორგანიზმმა სათანადო ოდენობის D ვიტამინი გამოიმუშაოს.
D ვიტამინი მოიპოვება: კვერცხის გულში, ღვიძლში, ორაგულში, ქაშაყში. მისი დღიური ნორმაა 400-800 ერთეული.


კლიმაქსური პერიოდის ნორმალური მიმდინარეობა და ხანდაზმულ ასაკში ორგანიზმის სიჯანსაღე დიდადაა დამოკიდებული კვების რაციონის სრულყოფილებაზე. ორგანიზმისთვის აუცილებელია მაგნიუმი და სხვა მიკროელემენტები, ასევე, ვიტამინებიც.


კალორიების შემცირება: ჭარბი წონის ქალები უფრო ძნელად იტანენ „ალებს“, ვიდრე გამხდრები. გარდა ამისა, ჭარბი წონა დიდი დატვირთვაა ქვედა კიდურებზე და შესაბამისად, ვარიკოზული დაავადების განვითარების უმნიშვნელოვანესი რისკ-ფაქტორია. თუ ცხიმი წელისა და თეძოების არეში გროვდება, საჭიროა მათი მოშორება, ოღონდ არა მკაცრი დიეტების დაცვით. ორგანიზმი ვერ იტანს შიმშილს და მას „აგრესიულად“, წონის მკვეთრი მომატებით პასუხობს. მაგრამ აუცილებელია ტკბილეულზე, ნამცხვრებზე, ცხიმიან საკვებზე და სხვა ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებზე უარის თქმა.


თევზეული და ზღვის პროდუქტები ცილის საუკეთესო წყაროა, თანაც ნაკლებად კალორიული, სამაგიეროდ, მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით – ომეგა-3-ით და ომეგა-6-ით, რომლებიც ორგანიზმს ათეროსკლეროზისგან იცავს.


მენოპაუზის პერიოდში მცირდება ქალის სასქესო ჰორმონის – ესტროგენის სეკრეცია, რაც იწვევს ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას და მათი მინერალური სიმკვრივის დაკარგვას. ძვლები ადვილად მტვრევადი ხდება, რომლებიც ვეღარ უძლებენ ჩვეულებრივ დატვირთვას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად რაციონი უნდა გავამდიდროთ კალციუმის შემცველი პროდუქტებით - ყველით, რძის პროდუქტებით, რბილძვლიანი ზღვის თევზით, ქუნჯუტის თესლით.

წყარო: tbiliselebi.ge