სალომე ჭაჭუა: ჩემს პირად ცხოვრებაში არავინ არის

  • სარკე
  • 8 აპრილი 13:12

სალომე ჭაჭუა 13 წლის იყო, როცა პარკეტზე საცეკვაოდ დადგა და მას შემდეგ სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში გამორჩეული სახეა.

თუმცა პოპულარობა პროექტმა, ,,ცეკვავენ ვარსკვლავები”, მოუტანა. ტელეშოუს ბოლო სეზონზე მისი პარტნიორი გიორგი გილიგაშვილი იყო, რომელთან ერთადაც დასამახსოვრებელი ნომრები შექმნა. იყო დიდი მოლოდინი, რომ წყვილი ფინალში მოხვდებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.


სალომეს ცხოვრება პროექტის შემდეგაც ჩვეულებრივ რიტმში გრძელდება. რეპეტიციები, იოგა, ბალეტი, ქორეოგრაფია – ეს მისი ყოველდღიურობაა. აქვს მნიშვნელოვანი გეგმები, რაც მის საქმეს უკავშირდება და ახლა გადაწყვეტილების მიღების პროცესშია.


– სალომე, სცენაზე გამორჩეული ხართ, თქვენს თითოეულ ნომერს მაყურებელი ყოველთვის ძალიან ელოდება. გაქვთ ბევრი ტაში, აპლოდისმენტი. კოლეგებს თქვენი წარმატების შეშურებიათ?


– შური მიგრძვნია, მაგრამ ეს მათია, ჩემი ხომ არ არის. საერთოდ სიტყვა “შური” არ მიყვარს.


– რომ არა პროექტი “ცეკვავენ ვარსკვლავები”, რომელმაც დიდი პოპულარობა მოგიტანათ, როგორი იქნებოდა დღეს თქვენი ცხოვრება?


– იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის, უბრალოდ პოპულარობის გარეშე.


– რა ასაკიდან დაიწყეთ ცეკვა?


– საკმაოდ გვიან, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს.


– თავიდან დღეში რამდენ საათს ვარჯიშობდით?


– თავიდანაც და ახლაც ასე ვარ – დღეში 2-ჯერ ან 3-ჯერ ვვარჯიშობ. თითო ვარჯიში 3 საათზე მეტხანს გრძელდება. თუ ცეკვის რეპეტიცია მაქვს, 3-4 საათი ვვარჯიშობ, თუ იოგა მაქვს – 2 საათი, თუ ბალეტი – საათნახევარი. ეს, რა თქმა უნდა, გადანაწილებულია კვირის დღეებზე. პლუს, ვმუშაობ, საკუთარი სტუდია მაქვს.


– არ გიფიქრიათ უცხოეთში წასვლაზე და კარიერის იქ აწყობაზე?


– აქაც კარგად დავიმკვიდრე თავი, საკუთარი თავი აქაც ვიპოვე. უცხოეთში წასვლა ისედაც ხშირად მიწევს, რადგან მწვრთნელები იქ მყავს. რაც შეეხება საცხოვრებლად გადასვლას, ამას არ გავაკეთებ, რადგან აქ მაქვს ძალიან დიდი სტუდია, მყავს ოჯახი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჩემი თბილისი და საქართველო მიყვარს, ამიტომ ისე მოვიწყე კარიერა, რომ აქაც ვარ და იქაც.


– ადამიანებს ზოგჯერ უწევთ მძიმე არჩევანის გაკეთება. თქვენს ცხოვრებაშიც რომ დადგეს მსგავსი მომენტი, პირადის გამო დათმობდით კარიერას?


– არასოდეს არაფრის გამო არაფერი არ უნდა დათმო, უბრალოდ ყველაფერი უნდა შეუთავსო ერთმანეთს.


– ვიცით, რომ პირადზე საუბარი არ გიყვართ, ამიტომ მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ, თქვენი გული ისევ თავისუფალია?


– სალომე ჭაჭუა არის თავისუფალი ქალი, ჩემს ცხოვრებაში არავინ არის.


– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ თქვენი გულის მოგება შეძლოს?


– პირველ რიგში, ალბათ ვიზუალურად უნდა დამაინტერესოს და არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და პატივი უნდა სცეს იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ნდობაზე უნდა იყოს აგებული, ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთგაგებაა.


– როგორ ფიქრობთ, ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე ანგრევს?


– არ ვიცი, როგორ გითხრათ. შეიძლება დაანგრიოს, შეიძლება – არა.


– განვლილი ცხოვრებიდან რას შეცვლიდით, ნანობთ რაიმეს?


– არაფერს ვნანობ. უბრალოდ ვთვლი, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს შეცდომაც იყო, მაგრამ მე ამ შეცდომებზე ვსწავლობ ყველაფერს.


– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?


– რეალისტი ვარ, ამიტომ რასაც ოცნებობ, ვცდილობ, განვახორციელო. ამ წამს ჩემი ცხოვრების მიზანია კარიერაში წინსვლა და პროფესიულად განვითარება. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამის სწავლა შემიძლია.


– რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები, რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე ხომ არ აპირებთ გასვლას?


– თუ რაღაცები დალაგდა, შეიძლება მივიღო მონაწილეობა. ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ჯერჯერობით თქმა არ მინდა. ზუსტი გადაწყვეტილება უნდა მივიღო, განვახორციელო და მერე ყველაფერს გეტყვით.

წყარო: სარკე