გოგა ბარბაქაძე: ,,ჩემი ცოლი ახლა უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 15 წლის წინ”

  • სარკე
  • 8 აპრილი 13:08

მსახიობი გოგა ბარბაქაძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან “შუა ქალაქში” გაიცნო.

მას შემდეგ 10 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ პერსონაჟ დათოს პოპულარობა დღემდე მოჰყვება. სერიალის ეკრანზე უკვე რამდენჯერმე დაბრუნდა, მაგრამ როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ისევ რეიტინგულია და მისი გმირების ხალასი იუმორი მაყურებელს ისევ ძალიან ახალისებს.


გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრისა და “თავისუფალი თეატრის” მსახიობია. სპექტაკლების ნაკლებობას არ უჩივის, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა მაშინ უფრო მაღალი იყო, როცა სერიალში თამაშობდა.


პროფესიის მიღმა გოგა იდეალური მეუღლე და მამაა. მსახიობ და ახლა უკვე რეჟისორ მაია დობორჯგინიძესთან ქორწინება მე-16 წელს ითვლის. მათ ორი შვილი ჰყავთ – გაბრიელი და ბარბარე.


– გოგა, 10 წლის წინანდელი “შუა ქალაქში” უკვე მერამდენედ დაუბრუნდა ეკრანს, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი, როცა ამ ტელეპროექტში მონაწილეობდით?


– ძალიან კარგ დროს ვატარებდით. ბედნიერები ვიყავით იმით, რომ კარგი გუნდი შევიკრიბეთ და საყვარელ საქმეს ვაკეთებდით. ჩემი აზრით, ამ სერიალის წარმატება ბევრ სხვა რამესთან ერთად იმანაც განაპირობა, რომ მსახიობების ძირითადი ნაწილი ერთმანეთს კარგად ვიცნობდით, ვმეგობრობდით. მაგალითად, მე, თათული ედიშერაშვილი და ნიკა ქაცარიძე ჯგუფელები ვიყავით.


ჩემი მეუღლე, მაია დობორჯგინიძე, ერთი კურსით უკან სწავლობდა, მაგრამ ერთი პედაგოგი გვყავდა – შალვა გაწერილია. თამუნა ნიკოლაძეს თეატრიდან ვიცნობდი. მოკლედ, მსახიობებს ერთმანეთის ერთი შეხედვით გვესმოდა.


– სერიალის ერთ-ერთი მთავარი გმირის, ირაკლი ექიმის, როლის შემსრულებელი ოთარ ტატიშვილი გადასაღებ მოედანზე გაიცანით?


– ოთარი კომუნიკაბელური ადამიანია, ამიტომ ძალიან ადვილად შემოვიდა ურთიერთობაში. მისი სახით კარგი მეგობარი შევიძინე, რომელთანაც დღემდე მაქვს ურთიერთობა. ამ სერიალმა მე და ბაჩო ქაჯაიაც დაგვაახლოვა. მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ ამის შემდეგ უფრო დავუახლოვდით. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ამ სერიალის გუნდიდან ყველაზე იშვიათად ჩემს ცოლს, მაიკოს, ვხედავ.


– დღესაც გეცინებათ იმ ხუმრობებზე, რაც სერიალშია?


– მე საერთოდ არ მიყვარს იმის ყურება, რასაც ვაკეთებ, ამიტომ ვცდილობ, არც ეს სერიალი ვნახო. სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ამა თუ იმ ეპიზოდში შეიძლებოდა უკეთესად მეთამაშა და ნერვები მეშლება.


– მსახიობებს ხშირად აღიზიანებთ კიდეც ის სერიალი თუ როლი, რომლითაც პოპულარულები გახდნენ. ალბათ დღემდე დათოს უფრო ხშირად გეძახიან, ვიდრე გოგას.


– დათოს დაძახება ნაკლებად მაღიზიანებს. ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მაყურებელი კომედიური ჟანრის მსახიობად არ მთვლიდეს, თუმცა ეს ალბათ ბოლომდეც მაინც არ არის გასული. როდესაც ვითამაშე სერიალებში “ტფილისში” და “ქერჩში”, მაშინ უფრო შევძელი დამტკიცება, რომ არამხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობი ვარ. თეატრში ასეთი იმიჯი ისედაც არ მქონდა.


ბევრ რეჟისორს ალბათ ეშინია, თუ ფილმში დამამტკიცებენ, მაყურებელი ჩემს დანახვაზე გაიცინებს. რატომღაც მე ამას ვაბრალებ, რომ კინოსა და ტელესერიალებში აღარ ვჩანვარ. თუმცა შეიძლება, ეს სულაც არ იყოს ამის მიზეზი და უბრალოდ, ვიღაცებს როგორც მსახიობი, არ მოვწონვარ.


– როგორი იყო თქვენი ცხოვრება 10 წლის წინ და როგორია ის დღეს?


– 10 წლის წინ დიდი ხელფასი მქონდა, ახლა აღარ მაქვს. როცა ტელევიზიაში ხარ დასაქმებული, გაცილებით კარგი ანაზღაურება გაქვს, ვიდრე მხოლოდ თეატრში. ფინანსური კუთხით, თეატრში სახარბიელო არაფერი ხდება.


კულტურის სამინისტროს მსახიობები ალბათ ძალიან მდიდრები ვგონივართ. როგორც თოჯინების თეატრში ხდება, სპექტაკლის შემდეგ მსახიობებს, ანუ თოჯინებს, გარდერობში რომ შეაწყობენ და სპექტაკლის წინ გამოალაგებენ, ალბათ ასე თვლიან მსახიობებს ისინი, ვისაც ჩვენი ფინანსური საკითხი ეხება.


სხვის ჯიბეში არასოდეს ვიხედები, მაგრამ ამას წინათ ერთ-ერთი ჟურნალის გარეკანზე თვალი მოვკარი სათაურს – “ყველაზე ძვირადღირებული ქართველი სპორტსმენი”. კარგი იქნებოდა, იქვე დაეწერათ ყველაზე ძვირადღირებული ქართველი მსახიობი თავისი შემოსავლით და ყველა მიხვდებოდა, რა ანაზღაურება გვაქვს.


ძალიან ცუდია, რომ დღეს, როცა ცხოვრება ხუთჯერ არის გაძვირებული, იმაზე ნაკლები შემოსავალი აქვს ჩემს ოჯახს, ვიდრე 10 წლის წინ ჰქონდა. პოლიტიკას არასოდეს შევხებივარ, ამიტომ არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური შინაარსით არის ნათქვამი. უბრალოდ, როცა გყავს ოჯახი, ორი შვილი და მათ სჭირდებათ ელემენტარული რაღაცები და შენ, როცა ორი თეატრის მსახიობი ხარ, არ უნდა ფიქრობდე, რას როგორ გაწვდე. ორ თეატრში ვმუშაობ და ჩემი შემოსავალი რომ ვთქვა, ძალიან ბევრს გაეცინება.

წყარო: სარკე