როდის „მოდის დიალოგზე“ გარდაცვლილის სული და როგორ უნდა მოემზადოთ რიტუალისთვის

  • თბილისელები
  • 3 აპრილი 17:27

რაც კი საიდუმლო და შეუცნობელია ამქვეყნად, ყველაზე მეტად ის გვიზიდავს...

და რა უნდა იყოს იმაზე მისტიკური და თავზარდამცემი, თან მაინც რომ გსურს განიცადო, ვიდრე დიალოგია მიცვალებულთან. ამიტომაცაა, უძველესი დროიდან მოყოლებული დღემდე, მკითხავები, ჯადოქრები თუ მაგები თავგამეტებით რომ ცდილობდნენ, რაც შეიძლება რეალური საშუალება მოძებნონ გარდაცვლილის სულთან დასაკავშირებლად. თუმცა, ზოგჯერ ამ დიალოგში ადამიანი შეიძლება, საკუთარი სურვილის წინააღმდეგაც კი ჩაებას: სული თვითონვე გამოეცხადოს და ამისთვის არანაირი საშუალების გამოყენება არ დასჭირდეს. მოკლედ, გარდაცვლილის სულთან გასაუბრება თუ გსურთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინტერვიუ და მიჰყევით ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგის, ქალბატონი მანანა მ-ს რჩევებს.
– პირდაპირ დავსვამ კითხვას: როგორ დაველაპარაკოთ გარდაცვლილის სულს?
– დღემდე უამრავი ისტორიაა ცნობილი: თუ როგორ იღებს ცოცხალი ადამიანი შეტყობინებას იმქვეყნიდან; ან პირიქით, როგორ ახერხებს გარდაცვლილის სული საიქიოდან მასთან დაკონტაქტებას. უპირველესად, უფრო ხშირად და იოლადაც, ამას სამყაროებშორის დარჩენილი სული ახერხებს. როცა ადამიანის ფიზიკური სხეული იღუპება, სული ზევით ამოდის, მაგრამ ზოგჯერ, შეიძლება, აქვე, ჩვენს სამყაროშივე, ჩარჩეს. მიზეზი, რაც არ უნდა იყოს, შედეგი ერთია – გარდაცვლილი ვერც ფიზიკურ სხეულს უბრუნდება და ვერც შემოქმედამდე აღწევს. რჩება ასე, მოჩვენებად ორ სამყაროს შორის და მხოლოდ იმასღა ცდილობს, მიწიერ ახლობლებს დაეკონტაქტოს, რაც შეიძლება, სარკის მეშვეობითაც მოხდეს, ანუ გარდაცვლილის სახე მასში აირეკლოს. რიტუალები, ამ მაგიური ნივთის გამოყენებით, აღწერილია ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან, როცა სარკის ნაცვლად, წყლის ზედაპირს იყენებდნენ. თუმცა, ზოგჯერ იმისთვის, რომ რამდენიმე წამით მაინც შეხვდე გარდაცვლილი ახლობლის სულს, საკმარისია ძლიერი სურვილიც კი. ცნობილია ბევრი ისტორია, როცა განუზომელ ტკივილსა და გლოვაში ადამიანს აჩრდილის შეხება უგრძნია – თითქოს ვიღაც მოეხვია, თავზე ხელი გადაუსვა. არსებობს მოსაზრება, რომ, როცა გარდაცვლილის ნახვის სურვილი დაუძლეველია, ჭირისუფლის ენერგეტიკული ველი ზემგძნობიარე ხდება და სულაც არ არის გამორიცხული ზემოაღწერილი კონტაქტი – ეს თვითშთაგონება კი არა რეალობაა. სამწუხაროდ, ძალიან იშვიათია ასეთი მოვლენა, რადგან კოლოსალურ ენერგიას ითხოვს.
– რიტუალი სარკის გამოყენებით...
– ეს იმქვეყნიური პორტალის გაღების ყველაზე ადვილი მეთოდია. ვიწყებთ რიტუალს: უპირველესად, სარკის წინ მყოფმა მარილისა და ცარცის დამცავი წრე შემოიხაზეთ ირგვლივ. ეს აუცილებელია, თორემ სულის საიქიოდან გამოძახებას, შეიძლება, თან მოჰყვეს ყველა, „ვისაც კი გაუხარდება“. ის კი, არა მარტო უჩუმრად შემოიპარება თქვენს სამყაროში, თავსაც შეიძლება, დაგესხათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეათვალიერეთ ყურადღებით სარკეში თქვენი გამოსახულება და უკვე შეგიძლიათ, ხმამაღლა წარმოთქვათ: ვის იძახებთ. რამდენიმე წუთით იყუჩეთ და ყური უგდეთ საკუთარ შეგრძნებებს. ზოგი ამბობს, რომ ამ დროს სარკეში მასთან ერთად, სხვა გამოძახებულის სილუეტიც დალანდა. ზოგმა სულის იქ ყოფნა აღიარა. მოკლედ, თუ იგრძენით, რომ ოთახში თქვენ გარდა, კიდევ ვიღაცაა, რასაც შეიძლება, მასთან ასოცირებული, დამახასიათებელი სუნიც კი მოჰყვეს ან ხმა გაიგონოთ, არ გაგიკვირდეთ. ანუ, იქ ყოფნას სული გაგრძნობინებთ ნებისმიერი საშუალებით. ამიტომ, მოიკრიბეთ ყველა შეგრძნება და როცა ამის დასტურს მიიღებთ, შეგიძლიათ, დაელაპარაკოთ კიდეც: შეეკითხოთ, რაც გინდათ. ძალიან მნიშვნელოვანია, დიალოგის დამთავრების შემდეგ, სული აუცილებლად დაბრუნდეს იმქვეყნად. თუ კონტაქტზე გამოსულთან სიცოცხლეში კარგი ურთიერთობა გქონდათ, რადგან იცის, რომ არ შეუძლია, ამ სამყაროში დაყოვნება, უკან უპრობლემოდ ბრუნდება. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, უმჯობესია, დამშვიდობებისას მაინც სთხოვოთ, საიქიოს დაბრუნდეს. რამდენიმე წუთში კი, როცა ოთახში სხვის ყოფნას აღარ იგრძნობთ, სარკეს სქელი ქსოვილი ჩამოაფარეთ და სამი დღით „დაასვენეთ“. მართალია, სულებთან დაკავშირება არც ისე ძნელია, მაგრამ შეიძლება, მთლად უსაფრთხოც არ იყოს. ამიტომ, რიტუალამდე, მაინც დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ ყველა „ჰო“, „არა“ და საღად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.
– სპირიტუალურ სეანსებსაც ხომ ატარებენ?
– სპირიტიზმიც გარდაცვლილის სულთან კავშირია, თან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი (თავისი უბრალოებისა და ეფექტურობის გამო). ჩვენამდე მოაღწია რიტუალის რამდენიმე ვარიანტმა, თუმცა უმეტესად, კლასიკურ სეანსს ირჩევენ, რომელსაც რამდენიმე ადამიანი აწყობს ოთახში. აუცილებელია სპეციალური დაფა, მასზე გამოსახული ანბანის ასოებით, ციფრებითა და სიტყვებით: „გამარჯობა“, „მშიდობით“, „კი“, „არა“. კურსორი შეიძლება, იყოს: ქანქარა, სპეციალურად შელოცვილი ნემსი ან ლანგარი. არცთუ იშვიათად, პროფესიონალური დაფის ნაცვლად, ქაღალდის ფურცელს იყენებენ – წრეზე წერია ყველა აუცილებელი ნიშანი და სიტყვა. სპეციალისტების რეკომენდაციით, უმჯობესია, სეანსის დროს ოთახში ისეთი მონაწილეც იყოს, ადრეც რომ ჰქონია კონტაქტი იმქვეყნიურ სამყაროსთან. როგორც მინიმუმ, ეს დაგიცავთ თქვენ და თან, გამოცდილი პრაქტიკოსი უკეთ იგრძნობს სულის განწყობას, მის მზაობას გასაუბრებაზე: შეუძლია, სწორად დასვას კითხვები და უკეთესად გაშიფროს მიღებული პასუხებიც.
– სიზმარში მიცვალებულის გამოცხადებაზე რას გვეტყვით?
– ეს სულთან შეხვედრის ძალიან ეფექტური მეთოდია. სიზმარი – უნიკალური სამყაროა, საიდანაც შეგვიძლია, მივიღოთ პასუხი პრაქტიკულად ყველა კითხვაზე და მოეფინოს ნათელი უამრავ საიდუმლოს. სიზმარში გარდაცვლილი შეიძლება, მოვიდეს თავისი ნებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია გადმოქცეთ.
თუმცა, თქვენც შეგიძლიათ, გამოიძახოთ. ამისთვის საკმარისია, დაძინებამდე გარდაცვლილს დახმარებისთვის მიმართოთ და სთხოვოთ, სიზმრად გამოგეცხადოთ. სიზმარში ინფორმაციის გადმოცემა ხდება ორნაირად: უშუალოდ დაელაპარაკებით იმ ადამიანს (შეიძლება, ხმაც კი გაიგონოთ და რჩევა მოგცეთ); ან ნახავთ ორ სურათს: მდგომარეობიდან გამოსავალის ორ ვარიანტს – რა მოხდება, როცა მითითებისამებრ მოიქცევით ერთ შემთხვევაში და რა – მეორის დროს. გარდაცვლილებს შორეული მომავლის დანახვაც შეუძლიათ. ამიტომ, თუ ძილში ნაკარნახევი მალევე არ ახდა, გავა დრო და მიხვდებით, რაც სულმა დაგანახვათ, თანდათან ისე ახდა, ვერც კი შეამჩნიეთ.

წყარო: თბილისელები