"ქმრის გარდაცვალების შემდეგ წლები დამჭირდა, რომ სტრესიდან გამოვსულიყავი"

  • sarkenews.ge
  • 3 აპრილი 14:11

 მომღერალ ეკა მამალაძის ცხოვრება საინტერესო ადამიანებით, საინტერესო ამბებით არის სავსე. იყო ტკივილიც, ტრაგედიაც. ამ ყველაფერზე ის ჟურნალ "სარკესთან" ყვება:

ბებიები და ბაბუები


– ეკა, მარუსია ბებიამ ამანათი გამოაგზავნა პარიზიდან, – მითხრეს და მეც სიხარული ვერ დავმალე.


მამაჩემის დეიდა, მარუსია ღოღობერიძე, საფრანგეთში ემიგრაციაში იყო წასული. გასული საუკუნის 50-60-იან წლებში, როდესაც ემიგრანტი ნათესავების პოვნა შესაძლებელი გახდა, მამამ მოძებნა დეიდამისი, მაგრამ არ უნახავს. მარუსიას სანახავად ბებიაჩემი, გუგული წავიდა, 3 თვე იყო დასთან და დაბრუნდა. დედამ ორჯერ მოინახულა, როდესაც პარიზში გასტროლებზე იყო.


მარუსია ბებიას საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და ჩვენზე ზრუნავდა, ამანათებს გვიგზავნიდა. მაშინ 5-6 წლის ვიყავი და მარუსია ბებიასგან პარიზიდან გამოგზავნილი ლაკის ფეხსაცმელები, თეთრი წინდები, კაბები მქონდა. ჩემს ჩაცმულობაზე მარუსია ზრუნავდა.


ძალიან მიყვარდა დედაჩემის მამა, გიგა ბაბუა. ვიცოდი, რომ ჩემთვის საჩუქრები ყოველთვის ჰქონდა. ბევრ საჩუქარს თუ არ მომიტანდა, ჩემთვის ბალიშა კანფეტი მაინც ედებოდა ჯიბეში. გიგა ბაბუა 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ მისგან ხმამაღალი სიტყვა არავის ახსოვს. თეატრალური ინსტიტუტი ჰქონდა დამთავრებული, ერთ-ორ ფილმშიც გადაიღეს, მაგრამ მერე სამხედრო პირი გახდა და მეორე მსოფლიო ომის დროს 7 წელი ირანში ცხოვრობდა.


დედაჩემის დედა, ცაბუ (ცაბუნია) მიქელაძე, არისტოკრატული ოჯახიდან იყო. მისი მამა, საშა (ალექსანდრე), ნამდვილი თავადი გახლდათ. მას თავადური მანერები სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა შენარჩუნებული. საშას შვიდი შვილი ჰყავდა, ექვსი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, მაგრამ ყველაზე ხშირად ბებიაჩემთან ცხოვრობდა. დედა იგონებს ხოლმე, რომ საშა ბაბუა მის აღზრდა-განათლებას დიდ ყურადღებას აქცევდა. თვითონ უმაღლესი განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული.


– ნანი, რა მიიღე სკოლაში? – ჰკითხა ერთხელ სკოლიდან დაბრუნებულ შვილიშვილს საშა ბაბუამ. თურმე ნანიმ იმ დღეს რუსულ ენაში თემა დაწერა, რომელიც სინამდვილეში ბაბუამ დაუწერა და აინტერესებდა, მასწავლებელი მის ნაწერს როგორ შეაფასებდა.


– ჯერ არ ვიცი, მასწავლებელი ხვალ გვეტყვის პასუხს, – უთხრა დედამ. თურმე იფიქრა, მასწავლებელი მიხვდება, თემა ჩემი დაწერილი რომ არ არისო და რაღაცეები ამოშალა.


– ნანი, რა მივიღეთ სკოლაში? – მეორე დღეს ისევ ჰკითხა საშა ბაბუამ შვილიშვილს. “რა მივიღეთ”-ში კი საკუთარ თავსაც გულისხმობდა.


– სამიანი, – მიუგო დედამ.


– როგორ გაბედეს ჩემთვის სამიანის დაწერა! – დაიძახა გაბრაზებულმა საშა მიქელაძემ და სკოლაში მასწავლებელთან საჩხუბრად წავიდა.


ასეთი მკაცრი იყო საშა ბაბუა. არანაკლებ მკაცრი გახლდათ ცაბუ ბებია და მკაცრადაც მზრდიდა. ბებიასი უფრო მეშინოდა, ვიდრე დედასი. თუმცა ბავშვობიდანვე პიროვნებად მთვლიდნენ და არა – პატარა ბავშვად.


– წამოდი, სურათს გადაგიღებ, – მითხრა ცაბუ ბებიამ, როდესაც კონცერტზე გამოსასვლელად ახალი კაბა შემიკერა და ჩამაცვა. დღესაც კარგად მახსოვს ის კაბა – ლურჯი ხავერდის და ლამაზად გაწყობილი. ბებიას კერვა ეხერხებოდა და ხშირად დედაჩემის ძველი კაბებიდან მიკერავდა ახალ კაბებს.


მამა


– დედა და მამა რაღაც პერიოდი კარგად იყვნენ, რაღაც პერიოდი კი შორდებოდნენ. თუ მამას დედასთან კონფლიქტი ჰქონდა, იკარგებოდა, თუ ერთად იყვნენ, მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა. მამაჩემი, მერაბ მამალაძე (მეტსახელად მეგობრები და ახლობლები მამალოს ეძახდნენ), პროფესიით ინჟინერი იყო, ახალგაზრდობაში კრივზეც დადიოდა და ჯილდოებიც ჰქონდა მიღებული. წესიერების და პატიოსნების განსახიერება იყო, მაგრამ ცხოვრებაში თავისი თავი ვერ იპოვა, ამიტომაც დედასთან ურთიერთობა ვერ ააწყო.


როდესაც ცოლი წარმატებულია, ხოლო ქმარი ჩრდილში დგას, მამაკაცი ამას ძნელად ეგუება. მამას დედა ძალიან უყვარდა და ხვდებოდა, რომ ნანისთვის კარიერაში ხელისშეშლა, სიმღერის აკრძალვა შეუძლებელი იყო, ამიტომ დედა გაუშვა, გაათავისუფლა. მამა 62 წლის ასაკში გულით გარდაიცვალა, მისგან ძმა, დათუნა, დამრჩა.


ცაბუ მიქელაძის რჩევა


– ქალისთვის მუსიკის მასწავლებლობა ძალიან კარგი პროფესიაა, გათხოვდება და ოჯახსაც გამოადგება, – ამბობდა ცაბუ ბებია, როდესაც ჩემი პროფესიის არჩევის დრო დადგა. ბებიაჩემმა პრაქტიკული მსჯელობა იცოდა და სწორი მიმართულების მიცემის ალღოც ჰქონდა.


თავიდან პირველ საშუალო სკოლაში შემიყვანეს, დაწყებითი კლასები იქ გავიარე. ძალიან მიყვარდა ჩემი პირველი მასწავლებელი მერი მიქაბერიძე, მასაც გამორჩეულად ვუყვარდი. მეოთხე კლასიდან ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მარჯანიშვილზე გადავიდა და ერთი წელი 23-ე საშუალო სკოლაში ვსწავლობდი, მეხუთე კლასიდან კი მუსიკალურ ათწლედში გადამიყვანეს. კლასში 14 ბავშვი ვიყავით. განსაკუთრებული ნიჭით არც ერთ საგანში გამოვირჩეოდი, მაგრამ სმენა კარგი მქონდა. მერვე კლასში რომ გადავედი, ან პროფესიულ მუსიკას უნდა გავყოლოდი, ან სხვა პროფესია ამერჩია, რადგან მუსიკალურ ათწლედში მერვე კლასიდან პროგრამა რთულდებოდა. თუ მუსიკას გავყვებოდი, სერიოზულად უნდა დამეწყო მეცადინეობა და ასეც მოვიქეცი.


– მე ხელს გიშლი, – მითხრა ერთხელ დედამ.


დედაშვილობა ძალიან კარგია, მაგრამ შვილებს არ უყვართ მშობლის ჩრდილში ყოფნა, ეს რთული ასატანია. ნანი ყოველთვის მაძლევს შენიშვნებს, მარიგებს, მაგრამ ზუსტად ვიცი ჩემი დამსახურებები. მე ჩემი სტილი, ჩემი ცხოვრება მაქვს…


შუღლი და ცილისწამება ყველა პროფესიაშია. გული მტკენია, მაგრამ არ შემიძლია აღვშფოთდე, ან დავწერო, ან რამე გავაკეთო, ბუნებით ვარ ასეთი – თავს ვიკავებ… დროთა განმავლობაში ყველაფერი წყნარდება, ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ ღირსების შენარჩუნება ჯობს.


– ქალბატონო ნანი, კონცერტზე უნდა გამოხვიდეთ, – რამდენჯერმე დაურეკეს დედას, ჩემზე კი ხმა არ ამოუღიათ.


დედა კონცერტზე გადიოდა, მაგრამ არასოდეს უთქვამს, ეკას რატომ არ ეძახითო. არც მე ამომიღია ხმა, რადგან, თუ ღირსება გაქვს, ამაზე ლაპარაკს არ დაიწყებ. ნანის ყოველთვის ჰქონდა ჩემი “გაქაჩვის” შესაძლებლობა, მაგრამ ეს არასოდეს უკადრებია.


სცენაზე საკმაოდ გვიან გამოვედი. იმდენად მომწონდა ჩემი ცხოვრება – ოჯახი, ბავშვები, რომ სცენისთვის არ ვგიჟდებოდი.


პირველი სიყვარული


– გოგი ძალიან მიყვარს, – ხმამაღლა გამოვაცხადე ერთ საღამოს სახლში.


ნანიმ და ბებიამ ერთმანეთს გადახედეს, მაგრამ არაფერი მითხრეს. გოგი საყვარელიძის და ჩემი ამბავი მათ უკვე იცოდნენ. გოგი ჩემი პირველი სიყვარული იყო. ერთმანეთი სუფრასთან გავიცანით. გოგონები სტუმრად წავედით და ისიც იქ მოვიდა. ჩემზე 10 წლით უფროსი იყო, პროფესიით ექიმი-ტრავმატოლოგი გახლდათ.


– როგორც შენ გინდა, ისე გააკეთე, – მითხრა ნანიმ.


ჩემს საქმეში არ ჩარეულა. დღემდე ასე მეუბნება, როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ. შეიძლება არ ესიამოვნა, 18 წლისა რომ ვთხოვდებოდი, მაგრამ ხელიც არ შეუშლია. ძალიან დინჯი და თვინიერი ბავშვი ვიყავი, მაგრამ ოჯახი ფაქტის წინაშე ისე დავაყენე, რომ ჩემს გათხოვებაზე უარი არ უთქვამთ.


ერთ საღამოს ჩვენთან გოგის დედაც მოვიდა. ალბათ მასაც ნათქვამი ჰქონდა ჩვენ შესახებ სახლში და ორივე მხრიდან თანხმობა იყო.


ორივენი თავდავიწყებით ვიყავით შეყვარებულები, ბედნიერებისგან არ ვიცოდი, რა მექნა. ხელი მოვაწერეთ და 100 კაციანი ქორწილი სახლში გადავიხადეთ. ძალიან ლამაზი და ახალგაზრდული საქორწინო კაბა მეცვა, რომელიც გადამყიდველისგან შევიძინე.


თაფლობისთვე მოსკოვში გავატარეთ, უბედნიერესი ვიყავი! ჩემი ოჯახიც და გოგის ოჯახიც ყველაფერში ხელს გვიწყობდნენ, დედამთილ-მამამთილი თან მყვებოდნენ. მერე ლევანიკო შემეძინა. ის რომ დაიბადა, ჩემი დედამთილი პენსიაზე გავიდა, რომ ხელი არაფერში შემშლოდა. სამწუხაროდ, ჩემი დედამთილი ორ წელიწადში გარდაიცვალა.


ტრაგედია და მარტო შვილებთან


– ჩემი და გოგის ბედნიერება მხოლოდ 8 წელი გაგრძელდა. გოგი ბოლო 2 წელი ავადმყოფობდა, ვერავინ გაიგო, საიდან დაემართა ის ავადმყოფობა…


26 წლის ასაკში ორი ბავშვით მარტო დავრჩი. გოგი რომ გარდაიცვალა, ლევანიკო 7 წლის იყო (იმ წელს შევიდა სკოლაში), გოგიკო კი 5-ის ხდებოდა. ამ ტკივილის გადატანა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ ბუნებით მებრძოლი ქალი ვარ, შეიძლება შინაგანად განადგურებული ვიყო, მაგრამ გარეგნულად არ ვიმჩნევ. რაც უნდა ცუდი მოხდეს, თუ ადამიანი აქ, ამქვეყნად რჩება, ის უკვე გადარჩენილია. უფალი გაძლევს იმის შანსს, რომ შენ იარსებო. არასოდეს უნდა იფიქრო, რომ ცხოვრება დამთავრდა და აღარავის შეხვდები. მე ეს არასოდეს მიფიქრია. თუ ამ შემართებით იცხოვრებ, ყოველთვის გექნება რაღაცის ინტერესი და ყოველთვის იქნები ქალი. მე ასე ვიქცევი ხოლმე, არადა რამდენიმე წელი დამჭირდა, სტრესიდან რომ გამოვსულიყავი.


– ბავშვებისთვის გოგის დღე უნდა არსებობდეს ჩვენს ოჯახში, – მითხრა ცაბუ ბებიამ გოგის გარდაცვალების შემდეგ.


იმ დღიდან გოგის დაბადების დღე – 3 მაისი, ჩვენს ოჯახში მისი ხსენების დღედ გამოცხადდა. ყოველ წელიწადს გოგის მეგობრები ჩემს ოჯახში მისი დაბადების დღის აღსანიშნავად მოდიოდნენ და დღესაც მოდიან. პირველად ამ ყველაფერს ბებიაჩემი აგვარებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ ეს ტრადიცია მე გავაგრძელე და დღემდე ასეა.


– ეკა, შენ ჩვენ გვაერთიანებ, – მითხრეს გოგის მეგობრებმა, როდესაც კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ 3 მაისს ჩემს ოჯახში.


ნატალია – ოცნების გოგო


– 31 წლის ასაკში მერაბ ქუთათელაძეს გავყევი ცოლად. ის ბიოლოგი გახლავთ, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. ლევანიკოს კლასელის მშობლების ახლობელი იყო და მათთან გავიცანი. მერე მოსკოვში შევხვდით ერთმანეთს, იქ სწავლობდა. დავმეგობრდით. მამაკაცში ყველაზე ძალიან განათლება, ინტელექტი და ერუდიცია მომწონდა და მერაბიც სწორედ ასეთი გახლდათ. მას ჩემს ბიჭებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, დედაჩემთანაც მეგობრობდა, მაგრამ მისი ცოლობა იმიტომ უფრო გადავწყვიტე, რომ თავისუფალი იყო, მეუღლე არც ერთს გვყავდა, ორივენი მარტო ვიყავით და ოჯახის დანგრევის პრობლემა არ გვქონდა. აუცილებელია ადამიანს, მით უფრო ქალს, გვერდით ვიღაც ჰყავდეს. შვილები დაიზრდებიან და წავლენ, რადგან თავიანთი ცხოვრება აქვთ, შენ კი მარტო რჩები, ამიტომ ცხოვრების მეგობარი უნდა გყავდეს…


მე და მერაბმა ვიქორწინეთ. “ოცნება ამისრულდა”, – გავიფიქრე, როდესაც ნატალია შემეძინა. ის იყო ჩემი ოცნების ახდენა. თავიდანვე მინდოდა, გოგონა მყოლოდა. ლევანიკოს დაბადების შემდეგ, ბებიაჩემის რჩევით, მეორე ბავშვიც მალე გავაჩინე, რადგან ბებია მეუბნებოდა, იქნებ გოგონა შეგეძინოსო, მაგრამ გოგიკო დაიბადა.


ნატალია 1991 წელს გაჩნდა და საქართველოში ომი, არეულობაც დაიწყო, მაგრამ იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ამას ვერც ვგრძნობდი. სახლში გათბობაც არ გვქონდა, მე კი ბედნიერი ვიყავი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი ჩემთან იყო, ბებია (ნატალია წელიწადნახევრის იყო, ცაბუ რომ გარდაიცვალა), ბაბუა, ჩემი ბიჭები, დედა და საყვარელი ადამიანი. ყველანი სამზარეულოში ვისხედით, რადგან იქ თბილოდა. ნატალიას კალათა სამზარეულოს მაგიდაზე გვედგა, სადაც ჩვენი პატარა იწვა, უფროსები კი ღუმელთან ვიყავით მოკალათებული და ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ასე გადავიტანეთ მძიმე დღეები.


ნატალია 12-13 წლის იყო, როდესაც მე და მერაბი დავშორდით. არც მე და არც მას ისეთი არაფერი გაგვიკეთებია, მაგრამ… ჩვენი ურთიერთობა შეიცვალა, ალბათ ასეც ხდება ცხოვრებაში. ჩემთვის მიუღებელია, შვილების გულისთვის ცოლ-ქმარმა ერთად იცხოვრონ, მაგრამ სულ ჩხუბი და კამათი ჰქონდეთ. ამით შვილებს უფრო დააზარალებ. ნატალია ჩვენს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მშვიდად შეხვდა. ალბათ ეს მშობლებზეც არის დამოკიდებული. მას ბებია ტატულისთან და მამიდასთან, მარიკასთან, ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. ბავშვი ახლობლებს არ მოვწყვიტე. ტატული 53-ე სკოლის დირექტორი იყო (ნატალიამ ეს სკოლა დაამთავრა). მარიკა კი კერძო სკოლა “XXI საუკუნის” დირექტორია. ჩემი გოგონასთვის ის დღემდე უერთგულესი მამიდაა.

წყარო: sarkenews.ge