ადამიანები ხშირად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, რისი მიზეზიც ჰორმონებია..

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 17:50

ადამიანები ხშირად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ქცევას, რისი მიზეზიც ჰორმონებია. ამიტომ ამ იდუმალი ნივთიერებების შესახებ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ.

ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესების მთავარი რეგულატორი ცენტრალური ნერვული სისტემაა, სადაც თავის ტვინის ქერქი ბატონობს, მეორე მნიშვნელოვანი რეგულატორია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, რომლებიც ბიოლოგიურად მეტად აქტიურ ნივთიერებებს – ჰორმონებს გამოიმუშავებენ. ჰორმონები მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე და აწესრიგებენ მას. ამ ჯირკვლების მოქმედება კი, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის გავლენას ექვემდებარება.


ფარისებრი ჯირკვალი და მისი გავლენა ადამიანის ქცევაზე


ადამიანის ყელზე, ხორხის ორივე მხარეს, ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს. ის გამოიმუშავებს ჰორმონებს – თიროქსინსა და ტრიიოდთირონინს, რომლებიც ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებენ.


ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. მის წარმოშობას თან ახლავს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა. ზოგჯერ ჯირკვალი ჰორმონების გაძლიერებულ გამომუშავებას იწყებს, ზოგჯერ კი, პირიქით – ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ჰორმონს და ორგანიზმი მათ ნაკლებობას განიცდის. შედეგად თავს იჩენს ავადმყოფური მოვლენები. როცა ჰორმონების გამომუშავება გაძლიერებულია, თირეოტოქსიკოზთან გვაქვს საქმე, რაც ორგანიზმის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მომარაგებას ნიშნავს. როცა ორგანიზმს ჰორმონები აკლია, საუბარია ჰიპოთირეოზზე.


ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის მოშლა ძლიერ აზიანებს ნერვულ სისტემას. ზიანდება ფსიქიკა, იცვლება ადამიანის ქცევა.


თუ ჩიყვი მცირე ასაკში ჩამოყალიბდა, ხელი ეშლება ბავშვის ზრდა-განვითარებას, ყალიბდება გონებრივი ჩამორჩენილობა – კრეტინიზმი.


თუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების უკმარისობა მოზრდილ ადამიანს დაემართა, ის აპათიური ხდება, ეუფლება დეპრესია, აქვს უხალისობის მუდმივი შეგრძნება, უიმედობა, ადვილად ღიზიანდება, ერღვევა ძილი. ადამიანი იცვლება და მისი გაღიზიანება და უხალისობა გარშემო მყოფებზეც აისახება.


ჰიპოთირეოზის დროს ადამიანს ეუფლება ამაოების განცდა, ზოგჯერ – დანაშაულისაც. უჭირს ყურადღების კონცენტრაცია, შეფერხებულია აზროვნება. ხშირად გაუბედავია ან, პირიქით, საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას იღებს. არის შემთხვევები, როცა სიკვდილზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრობს.
ჰიპოთირეოზით გამოწვეული დეპრესიის დროს ფსიქიკური და ფიზიკური უსიამოვნო შეგრძნებები თითქოს უსასრულოა. ყოველივე ამას შეიძლება, მოჰყვეს ოჯახური ან სამსახურებრივი კონფლიქტები, პირადი უსიამოვნებები, ხანგრძლივი ემოციური და ფიზიკური დაძაბულობა, ინტერესთა სფეროს დავიწროება. მოკლედ, პიროვნება იცვლება. ტოქსიკური ჩიყვის დროს, როცა ფარისებრი ჯირკვალი ჰორმონებს ჭარბად გამოიმუშავებს, ავადმყოფი აღგზნებულია, მოუსვენარი, უმიზეზოდ შფოთავს და ნერვიულობს, ბევრს მოძრაობს, აქვს აშკარად გამოხატული ნევროზული მდგომარეობა, ხდება უხეში, ტლანქი, ზოგჯერ აკვიატებული ქცევები უყალიბდება, ზოგჯერ გაბოროტებულია, სათქმელს ხმამაღლა და ყვირილით გამოხატავს, ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას. ასეთი ადამიანები ხშირად უარს აცხადებენ მკურნალობაზე, ამით თავიანთი ფსიქიკის გარდა არანაკლებ (ზოგჯერ უფრო მეტადაც) აზიანებენ ახლობლებსაც.
ადამიანმა, რომელსაც მოშლილი აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, უნდა გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, დროულად მიმართოს ექიმს, ჩაიტაროს სათანადო მკურნალობა, მოიწესრიგოს ჯანმრთელობა და იფიქროს ახლობლებზეც, რომლებიც მისი ავადმყოფური ქცევის უდანაშაულო მსხვერპლნი არიან.

წყარო: თბილისელები