რა შეიძლება, გამოიწვიოს მძიმე მარხვის მოუმზადებლად დაცვამ

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 16:06

მარხვის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი რაციონის შერჩევა, რომ ორგანიზმმა ყველა საჭირო ნივთიერება მიიღოს, არ დასუსტდეს და რაც მთავარია, ეს პროცესი სხვადასხვა დაავადების მაპროვოცირებელი არ გახდეს.

ლაშა უჩავა (ენდოკრინოლოგი): ყოველ საღად მოაზროვნე ადამიანს არა მარტო შეუძლია, არამედ ვალდებულიცაა იზრუნოს საკუთარი კვების რეჟიმზე და ამით საკუთარ ჯანმრთელობაზე. ეს, უბრალოდ, მისი კულტურული დონის მაჩვენებელია. ყველასთვის ცნობილია, რომ მართლმადიდებელ ქვეყნებში, ქრისტიანული ცხოვრების წესის თანახმად, საკურნებლად სულისა და ხორცისა, ასევე იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი რწმენა, მარხვის დაცვა აუცილებელია. თუ ჩვენ ვიკვებებით პრინციპით – ჯანსაღ, რაციონალურ კვება, მაშინ ჩნდება კითხვა: ვეწინააღმდეგებით თუ არა ქრისტიანული ცხოვრების პრინციპებს? ჯანსაღ, რაციონალურ კვებაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ აუცილებელია, ორგანიზმს მივაწოდოთ ისეთი ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა ჩვენი ცხოველმყოფელობისათვის. ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და წყალი. ჩვენ ამ ყველაფრის შემდეგ გაგვიჩნდება კითხვა: ვიკვებებით კი ჯანსაღად მარხვის დროს, როცა არ ვიღებთ ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა: რძე და რძის ნაწარმი ან ხორცი, რაც მდიდარია ცილებითა და ცხიმებით? დიახ. ჩვენ სწორად კვება მარხვის დროსაც შეგვიძლია, რადგან შეგვიძლია, ცხოველური წარმოშობის ცილოვანი და ცხიმოვანი პროდუქტები მცენარეული წარმოშობის პროდუქტებით ჩავანაცვლოთ.


– როგორ აისახება ორგანიზმზე საკვები რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღება, როგორიცაა ყველი, კარაქი... რა გართულებებია მოსალოდნელი და როგორ შეიძლება მათი თავიდან არიდება?


– ნებისმიერი კვებითი ჩვევის ცვლილებისას, აუცილებელია ორგანიზმი იყოს დიაგნოსტირებული, ჩატარდეს გარკვეული ლაბორატორიული ტესტები, მაგალითად, მინერალების, მიკრო-მაკროელემენტებისა და ვიტამინების კვლევა, რადგან თუ კალციუმის დეფიციტია, ამ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული შეიზღუდოს რძის პროდუქტი ან თუ რკინის მკვეთრი დეფიციტია (რკინადეფიციტური ანემია), ამ დროს არ შეიძლება ხორცის შეზღუდვა და აუცილებლად უნდა შეუთანხმდეთ ექიმსა და მოძღვარს, რათა ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ. ხშირ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ მარხვა არ არის მხოლოდ საკვები პროდუქტების შეზღუდვა და როდესაც ვსაუბრობთ სიამოვნებაზე უარის თქმაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული უნდა იყოს ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ეგრეთ წოდებული, სამარხვო შოკოლადი, სამარხვო ყველი, სამარხვო კარაქი და ასე შემდეგ. არასწორი კვება შეიძლება, ზოგიერთი დაავადების მიზეზიც გახდეს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს გონებრივ შესაძლებლობაზე და ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ცნობილია, რომ საკვები „საწვავია“, რომელსაც დღეში რამდენჯერმე ვაწვდით ორგანიზმს იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ძალა და ვიყოთ ჯანმრთელნი


– თუ ადამიანს ორმოცი დღე არ უმარხულია და მხოლოდ ბოლო კვირას დაიცვა მძიმე მარხვა, რა შეიძლება, მოხდეს ამ დროს მის ორგანიზმში და იწვევს თუ არა ეს დაავადებების პროვოცირებას?


– თუ გავითვალისწინებთ, რომ მძიმე მარხვა, ეს ფაქტობრივად შიმშილია, ორგანიზმისთვის ასეთ რეჟიმზე სწრაფად გადასვლა არ შეიძლება, ვინაიდან ეს იქნება სტრესი, რომელმაც შესაძლებელია, სხვადასხვა ორგანოთა სისტემებზე პათოლოგიური ცვლილება ან გარკვეული დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. ყველაზე ხშირად კი ამ დროს დაბლა იწევს არტერიული წნევა, რაც იწვევს სისუსტეს, თავბრუხვევას, თავის ტკივილსა და ხშირად გულის წასვლასაც კი.


– რომელი საკვები დაგვეხმარება, თუ მარხვის დროს თავს ძალიან სუსტად და უენერგიოდ ვგრძნობთ?


– იმისთვის, რომ მარხვის დროს თავი შეუძლოდ და სუსტად არ ვიგრძნოთ, აუცილებელია სწორი კვების პრინციპების დაცვა. მაგალითად, თუ საკვებიდან ამოვიღებთ ქათმის ხორცს, 100 გრამ პროდუქტზე დავკარგავთ 20.8 გრამ ცილას და 8.8 გრამ ცხიმს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ლობიოთი, სადაც 100 გრამ პროდუქტზე მივიღებთ 22.3 გრამ ცილას და 1.7 გრამ ცხიმს, რაც უფრო სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის, რადგან ვიღებთ უფრო მეტ საშენ მასალას და ნაკლებ ცხიმს. ასევე, რძის ნაწარმზეც. მაგალითად: თუ ჩვენ კვების რაციონიდან ამოვიღებთ ყველს, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 23.4 გრამ ცილას და 30.0 გრამ ცხიმს, ჩვენ შეგვიძლია უფრო დიდი რაოდენობით მივიღოთ ყვავილოვანი კომბოსტო, რომელიც 100 გრამ პროდუქტზე შეიცავს 2.5 გრამ ცილას და საერთოდ არ შეიცავს ცხიმს, რაც უმჯობესია, ორგანიზმს სიმინდის ან ზეითუნის ზეთის სახით მივაწოდოთ.


– რა გართულებები შეიძლება, გამოიწვიოს სისტემატურად ცომეულისა და ბურღულეულის მიღებამ და როგორ უნდა დავიცვათ ბალანსი?


– არაბალანსირებულმა კვებამ შესაძლებელია, გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა: სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, რომლების ერთმანეთთანაა შეჭიდული.


– რომელი საკვებით გავიძლიეროთ დაქვეითებული იმუნიტეტი?


– იმისათვის, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს და განსაკუთრებით იმუნურ სისტემას, ვინაიდან ორივე დიდი მარხვა სეზონურად ვირუსებისა და ინფექციების გაღვივების დროს ემთხვევა, აუცილებელია რაციონში ჩართული იყოს დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, რათა ორგანიზმი შევავსოთ მიკრო-მაკროელემენტებითა და ვიტამინებით, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელნი უზრუნველყოფენ ჩვენს ორგანიზმში მდგრად იმუნურ სისტემას, რომელიც მნიშვნელოვანია ინფექციების, ვირუსებისა და მავნე ბაქტერიებთან ბრძოლისთვის.


– როგორ დავუბრუნოთ ორგანიზმი ჩვეულ მენიუს მარხვის დასრულების შემდეგ?


– მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სრულად მარხვის დაცვაზე და განსაკუთრებით დიდ მარხვებზე, ისეთებზე, როგორიცაა შობისა და ბრწყინვალე აღდგომის მარხვა, მათი დასრულების მეორე დღეს არ შეიძლება, ყველა პროდუქტი ერთიანად მივირთვათ, რადგან კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ზეწოლა არ მოხდეს. მნიშვნელოვანია, დავიცვათ ზომიერება და გარკვეული თანმიმდევრობა. პირველ ეტაპზე ორგანიზმს უნდა მივაწოდოთ რძის პროდუქტი, რომ გასტროინტესტინალურმა სისტემამ მარტივად შეძლოს მისი გადამუშავება და თან, მიკროფლორა ბიფიდო და ლაქტობაქტერიებით შეივსოს, რაც აუცილებელია კუჭ-ნაწლავის გამართული ფუნქციონირებისთვის და მხოლოდ ამის შემდგომ, მარხვის დასრულებიდან მეორე ან მესამე დღეს ჩავრთოთ კვების რაციონში ხორცი და მისი პროდუქტები. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება მნიშვნელოვანია მარხვის დროსაც და სწორი კვების პრინციპების დროსაც, ვინაიდან თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ნაყროვანება მართლმადიდებლურ სამყაროში არის ცოდვა, სამედიცინო თვალსაზრისითაც, ერთგვარი „ცოდვაა“ – კალორიების დიდი რაოდენობის მიღებით გამოწვეული. სწორი კვება, არ ეწინააღმდეგება მარხვას, პირიქით, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად გავაჯანსაღოთ, როგორც სული, ასევე სხეული.

წყარო: თბილისელები