გურამ ოთხოზორია: ნარკომანს რომ უყვარს ნარკოტიკი, ნეტავ, ისე მიყვარდეს მე ღმერთი

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 14:22

სახელი: გურამ.

გვარი: ოთხოზორია.

პროფესია: სასულიერო პირი, მოძღვარი.

– მოგონება ბავშვობიდან


– ჩემი ბავშვობა ორ ნაწილად შეიძლება გაიყოს, პოლარული მდგომარეობა იყო: ერთი – სულიერი და მეორე – სოციალური. სოციალურად ვიყავი ყველაზე ღარიბი სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახის შვილი. მამას ექვსი შვილი ვყავდით. მახსოვს, შუაღამით სახლი რომ დაგვეწვა. დავრჩით ტიტლიკანები, შიშვლები. სამოციანი წლებია. მამამ ფიცრული გააკეთა და ადგილი რომ არ იყო, მე მაგიდაზე ვიწექი. ეს ხომ არის თითქოს „ვაიმე, საწყალი“, მაგრამ ამ საწყლის მიღმა არის ჩემი სულიერი სამყარო, ზღაპარი, მითოსი. ერთი მხრივ, პირველი ბავშვი ვიყავი და სულ ხუთებზე ვსწავლობდი. კომკავშირის კომიტეტის მდივანი, რაზმეულის საბჭოს თავმჯდომარე გენერლის დონეზე იყო. წარმოგიდგენიათ, ბავშვისთვის ეს სამყარო რა იყო? აქეთ პიონერთა ხელმძღვანელია, შენ წინ დაწყობილია რაზმეული, შენ გაბარებენ პატაკს, მარშალი ხარ, აბა რა ხარ?!


– დღევანდელი გადასახედიდან, რას ფიქრობთ, ისევ გაივლიდით თქვენს განვლილ გზას?


– აუცილებლად. ძიების პირველ 15 წელს სექტები გავლიე. 1995-97 წლებში პატრიარქმა დიაკვნად მაკურთხა, შემდეგ მღვდლად კურთხევაზე ორჯერ დამიბარა და უარი ვუთხარი, იმიტომ რომ მაშინ ეს ტვირთი უნდა მეტვირთა, მაგრამ რაღაც გამოცდილებები მაკლდა და უნდა შემეძინა. მე ორივეს ვერ მოვახერხებდი და არჩევანი გავაკეთე – საკუთარ თავთან დავრჩი. ჩემთვის გარეგნული რეალიზაცია რომ ყოფილიყო თვითმიზანი, მაშინ შეიძლება, იერარქიულადაც დიდ საფეხურზე ვყოფილიყავი, მაგრამ მე ჩემი შინაგანი რეალზიაცია ვარჩიე.


– ყველაზე დიდი სიგიჟე, რაც ჩაგიდენიათ?


– ძალიან ბევრი სიგიჟე ჩამიდენია. თვითონ რწმენით ცხოვრება სულ სიგიჟეა. აბსოლუტური სიგიჟე იყო, რაც მე 1986 წელს ჩავიდინე. სკოლის მასწავლებელი ვიყავი, მეუღლე მყავდა, შვილი, საათივით აწყობილი ცხოვრება. პერსპექტივა – რაიკომში უნდოდათ ჩემი გადაყვანა. მთელ ქალაქში პერსპექტიული და საყვარელი ოჯახი ვიყავით და ერთ დღეში ყველაფერი ნულზე დავტოვე. ზუსტად მაგ დროს, როდესაც პიკზე ვიყავი, ამაოება დავინახე, ეს არის ყველაფერი-მეთქი? იცვლება ყველაფერი და მოდის სამყარო, სულიერი ხე, რომლის ფონზე, ის, რაც მე ჩამოვთვალე, არის არარაობა. სიგიჟე ის იყო, რომ ერთ დღეში მოვიხსენი თავი ყველა სკოლიდან. რწმენაში შევედი, სექტაში. სკოლაში ათეიზმს ვეღარ ვასწავლი, აქ ვერ ვძლებ და სოხუმში უნდა გადავიდე-მეთქი. ჩემი მეუღლე და მშობლები კინაღამ მოკვდნენ. ჩავიცვი „სპეცოვკა“ და ქარხანაში ფიზიკურად მუშაობა დავიწყე. ჩემი სკოლის მოსწავლეები ტიროდნენ – გაგიჟდა გურამ მასწავლებელიო. მერე სექტა საშინელება ეგონათ. დიდი და პატარა საცემად დამდევდა. ჯობია, მოვკლათო, – მემუქრებოდნენ. სამარცხვინო, ჩვენი გვარის სირცხვილიო. რა დღეში იყო საწყალი ჩემი მეუღლე. სამი-ოთხი წელი, სანამ ეროვნული მოძრაობა დაიწყებოდა, ახლობლებისთვის, ყველასთვის საფრთხობელა ვიყავი, ყველასგან გარიყული, გიჟი.


– პოლიციასთან პრობლემები გქონიათ?


– სექტაში ვიყავი ადვენტისტებთან. იქ სახარება იყო, მორალურ-ზნეობრივი პრინციპები, რაც დამეხმარა. ერთხელ გამომეკიდნენ სოხუმში, ხომ არ ვამბობდი სად დავდიოდი, სად ვცხოვრობდი, მაგრამ ვიღაცებთან ლაპარაკში წამომცდა: ვისთანაც ვცხოვრობდი, კუჭის ოპერაცია გაიკეთა, ზღვისპირას ცხოვრობს-მეთქი და მიხვდნენ, სად შეიძლება, ვყოფილიყავი. ერთხელაც, ამ სახლში ვარ და მომადგნენ, სხვენზე ავძვერი. სახურავიდან გადავხტი და გავიქეცი. ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, დამიძახეს, ბატონო გურამ, მობრძანდითო. ისევ რომ მივედი სკოლაში პეტრე მოციქულის სიტყვები დიდ ტილოზე დავაწერინე და მთელ სკოლაში იყო გამოფენილი. ამაზე მოსკოვში მიჩივლეს: მასწავლებელი ღმერთზე ასწავლის და დირექტორი ზომებს არ იღებსო, მაგრამ ჩემი მოხსნა ვერ გაბედეს. პოლიციის უფროსი მეუბნებოდა, რწმენის გამო დაგიჭერო. მშენებლობაზე რომ ვმუშაობდი, იქ მივიდა და უთხრა, ამას რატომ ამუშავებთო. „პრარაბი“ გაგიჟდა, ხუთი კაცის სამუშაოს ასრულებს და ამ კაცთან რა გინდათო.


– რა არის თავისუფლება?


– ცამეტი წელი ეკლესიიდან გავედი და ერისკაცივით ვცხოვრობდი, გამომცემლობა „სამშობლოს“ წინ წიგნებს ვყიდდი. ათასობით წიგნს პირდაპირ ვჭამდი, ისე ვკითხულობდი. ხალხთან ვურთიერთობდი. ყველანაირად ღია ვიყავი, არანაირი მექანიზმი მე არ მქონდა დაჭერილი, ვცდილობდი, ყოველგვარი წინასწარი განწყობის გარეშე მიმეღო ყველაფერი. სამყაროს ასეთმა მიმღებლობამ დიდი სიმდიდრე მომცა. შიში გადავლახე და ეს არის თავისუფლება. თავისუფლება არც ის არის, ვნებებს მიეცე, მაშინ ყველაფერი დაგიმონებს. არც ის ვარგა, რომ შიშით ზედმეტად რელიგიური იყო, მაშინ წავიდა ცხოვრება. ეს ისევეა, მიწაში არ ჩადო მარცვალი და შეინახო, მაშინ არ აღმოცენდები. თავისუფლებაა, როდესაც შენ შინაგანად ისეთ კულტურასა და ცნობიერებას აღწევ, როდესაც ამ ნაკადში ხარ, მაგრამ აქეთ შემოგაქვს, იზრდები, იკვებები და ეს არის ბოლო გზა. ერთდროულად ღიაობაა და არა ჩაკარგვა, დამკვირვებლობის შენარჩუნებაა, რომ რაღაცამ არ ჩაგითრიოს. აქ თავისუფლებაც დაკმაყოფილებულია. მეორე მხრივ, კდემამოსილი ხარ, სტიქიაში ჩავარდნილი და თან შიგნით დამცავი გაქვს ჩართული, რომელიც გიცავს. როდესაც სუსტი ხარ და ჩავარდები, მაშინ ყველაფერი დაგიჭერს.


– შეიძლება, რომ ერთ დღესაც მღვდელი აღარ იყოთ?


– მე ღია ვარ შინაგანად. მღვდლობაზე ჯვარი არ მაქვს დაწერილი, ჩემი შინაგანი უსასრულოდ დიდია, ვიდრე ის ფუნქცია, რასაც ახლა ვაკეთებ. არ არის ისე, თითქოს მღვდლობა ცხონებისთვის აუცილებელია. მე ჩემი შინაგანი კონსტიტუცია მაქვს, ჩემი უფალთან დამოკიდებულების ხარისხი. ანაფორა კი ჩემი რეალიზაციის კარგი საშუალებაა. მსახურება, მღვდლობა ადამიანებთან მადლის კეთებაში ხელს მიწყობს, თორემ მე მღვდლობის გარეშეც ვცხონდები ჩემი მართლმადიდებლობითა და სარწმუნოებით. თუ ღმერთმა ხვალ სხვა გზა დამანახა, შეიძლება, შემეცვალოს. ჯერჯერობით მიყვარს მღვდლობა, ასე ვახერხებ ჩემი თავის რეალიზაციას.


– რა არის „ადამიანური სიწმინდე”?


– არის ორგვარი სიწმინდე. ერთი, რომელიც არაფერს ეხება, ფარისევლური სიწმინდე – რომ მეუბნებიან დომენიკ მანგოსთან სურათი არ გადაიღო, რატომ
შედიხარ მაგდა პაპიძესთნ ციხეშიო. მეორე ღვთაებრივი სიწმინდეა, როცა ეხება ყველაფერს და თვითონ წმიდა რჩება, არ ეშინია. ღვთაებრივი ზეცაა, სიწმინდე. მიწა არის ჭუჭყი. ეს სიწმინდე შემოდის, ამ მიწას იკრავს. იქ უნდა ჩახვიდე, იმათ დონეზე დადგე, თორემ ისე ვერ ამოიყვან, ეს არის ღვთაებრივი სიწმინდე და თავგანწირული სიყვარული.


– რა არის ყველაზე დიდი გარყვნილება?


– ფარისევლობა, მოჩვენებითი სიწმინდე არის უფრო დიდი გარყვნილება, ვიდრე პირდაპირი ნიშნით გარყვნილება. ქრისტეც ფიზიკურად გარყვნილმა ადამიანებმა უფრო მიიღეს. ისინი არიან ხორცით გარყვნილები. ხორცით გარყვნილება ჯერ კიდევ არ არის მომაკვდინებელი ცოდვა, იმიტომ რომ უფალმა იცის, რომ ყველა ადამიანი მიცემულია ცოდვას. მაგრამ ვინც გარეგნულად თითქოს უბიწოა და მორალურობის ეტალონები არიან, ამ დროს ჭეშმარიტებას კლავენ. ზედმეტად წმიდა ადამიანი, რომელიც დანდობილია საკუთარ სიწმინდეს, სიმართლეს, ქრისტეს კლავს. ეს არის მკვდარი მორალი, რომელიც ზემოდან უყურებს სხვას. რაც უნდა უბიწო იყო, თუ ოდნავ მაინც ვინმეზე მეტი გგონია თავი, დამთავრებულია შენი მორალი. ნამდვილი მორალური ადამიანი ის არის, ვინც რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, საკუთარ თავს მით მეტად ხედავს ყველა ადამიანში.


– რა არის სიყვარული?


– უფრო სწორი იქნება, კითხვა რომ შევაბრუნოთ და ვიკითხოთ, ვინ არის სიყვარული? არ შეიძლება, სიყვარული „რა“ იყოს. თუ „რა“ არის, ის არ შეიძლება ცოცხალი იყოს. აინშტაინმაც თქვა: მიზიდულობის ენერგიებზე, რაღაც თეორიები შევქმენით და სიყვარულის კანონი დაგვავიწყდაო.“ სიყვარული არ არის, უბრალოდ, რაღაც სტიქიური ენერგია. ეს პიროვნული აქტივობაა და არა ენერგია. სტიქიურად ბრმა ჩანს სიყვარული – ადამიანი ვერ იხელთებს, ვერ იგებს ხშირად და ამ სიყვარულს ამახინჯებს. სისასტიკეც კი სიყვარულია, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სიძულვილიც კი სიყვარულია და რატომ? ეს არის არასწორად გამოყენებული, როგორც ცეცხლი, თუ მას არასწორად გამოიყენებ, რაღაც დონემდე გითბობს ხელისგულს და თუ უფრო მიუახლოვდები, გბუგავს და წამების იარაღია. სიყვარული არის სიცოცხლე, მაგრამ მისდამი მიდგომას კეთილგონიერება უნდა. ის სტიქიაა, რომელსაც ადვილად ვერ მოიხელთებ, ვერ მოიშინაურებ, შენს უღელში ვერ შეაბამ და მიწას ვერ ახვნევინებ. ის თვითონ ითხოვს, რომ მიუხვდე, მუდმივად ითხოვს შენგან თავგანწირვას. მერე ამ ენერგიას ვერ მოვიხმართ და გვირევს ცხოვრებას. ზედმეტი სიყვარულით ვკლავთ ადამიანს. სიყვარული, სიძულვილი, სისასტიკე, შური, ერთი სიცოცხლის ენერგია – ეს ამ სიყვარულისადმი არასწორი მიდგომის შედეგად გამოვლენილი ის რეაქციებია, რომელსაც მერე ვიღებთ, ამიტომ უნდა მივუხვდეთ.


– სიყვარული თავგანწირვას მოითხოვს?


– კი. რთული გზაა, მაგრამ არ ღირს? ნარკომანი ნარკოტიკისთვის ყველაფერს გაწირავს, ნარკომანს რომ უყვარს ნარკოტიკი, ნეტავ ისე მიყვარდეს მე ღმერთი. საკუთარი თავის გაწირვის თვისება ადამიანში დევს, მაგრამ თავს სხვა რამისთვის ვწირავთ – კერპებისთვის. სპორტულ წარმატებას რომ მიაღწიოს, არ აკეთებს სპორტსმენი ყველაფერს? აბა, როგორ იღებს ჯილდოს? სიყვარულის ჯილდოს მოხვეჭა როგორ გინდა, სანახევროდ? შორიდან მოსტუმრება? სანახევროდ შეგიძლია, შენ სიყვარული მოიხელთო? სანახევროდ არაფერი კეთდება. ამიტომ, თუ მთელ გულს შესწირავ, მის ჭკუაზე გადახვალ, შენი ლოგიკით გაზომილ-აწონილ სიცოცხლის მიღმა, აი, იქ შეგხვდება, მაგრამ ადამიანს ეშინია თავის დაკარგვა, მას ურჩევნია, მოზომილ-გარანტირებული საყრდენი ჰქონდეს, მაგრამ ასე არ გამოვა, უნდა გახვიდე, გადაგიყვანოს და გადახვიდე საზღვარს. სიყვარულის პირველი თვისება საკუთარი თავის გაწირვაა. ადამიანურ ბუნებაში ვერ დაიტევ მას, ვერ მართავ. იმან რომ გმართოს, შენ უნდა გაწირო, საჭეს უნდა გაუშვა ხელი, შენ გეშინია. დაკარგვის საშიშროებაა, უნდა დაკარგო თავი, მაგრამ იმან თვითონ იცის, მერე სად და როგორ გაგიყვანოს.


– როგორ უნდა ვისწავლოთ სიყვარულისადმი სწორი მიდგომა?


– სიყვარული თვითონ გასწავლის მისდამი სწორ მიდგომას. სანამ ამას ისწავლი, მანამ გადიხარ გზას და პროცესს. ამიტომ არის სიყვარულში ყველაზე მეტი ეჭვიანობა, ყველაზე მეტი წყენა, ყველაზე მეტი სისასტიკე. შეიძლება, მოკლა და დაჩეხო სიყვარულის ობიექტი, იმიტომ რომ ზედმეტი გჭირს, ვერ პატიობ, ეგოიზმში გადადის. თავისთვის უნდა. მას უნდა, რომ ეს მისი იყოს, აი, აქ არის შეცდომა. არ მოგეცემა. ორი ადამიანის მიერ შექმნილი ასეთი დამოკიდებულება ძალიან რთულია. ახალგაზრდებში ვნებები ჭარბობს, გონიერება არეულია. ეს სიყვარული არც ემოციაა, არც ვნებაა.


– როგორ ვისწავლოთ პატიება?


– გაცნობიერების გარეშე, თუ არ იცი, ის ვინაა შენი, ვერ აპატიებ. თუ მტერია, ვერ აპატიებ, რატომ უნდა აპატიო? მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ის მტერიც ღმერთის შექმნილია და რეალურად არსებობის უფლება არ აქვს. შენი გადასახედიდან არის ასეთი სამყარო, ბოროტი, შეუცნობელი, თორემ არსობრივად ის მტერი არ არის. შენთვის არის მტერი, თორემ ვიღაცისთვის მოყვარეა. სად გავიგოთ ღმერთის თვალში როგორაა. ეს არის ჩვენი ნაკლები სიყვარულისგან შექმნილი. ჩვენ ვანიჭებთ მტრის სახელს და ჩვენითვე გადაილახება. უნდა გახვიდე ამ პოზიციის მიღმა და მაშინ უკვე ყველგან ხედავ ერთიან ღვთაებრივ ხატს. ყველაფერი ქრისტეში არის შერიგებული და ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს შერიგებული.


– რამის თუ შეგშურებიათ?


– ადამიანი ვარ, მოდის ჩემთან შური. გლეხი რომ ვიყავი და ღარიბი, ახლაც სიმდიდრეს რომ დავინახავ, გამკრავს შური – მე რატომ არ მქონდა-მეთქი. ალბათ, იმიტომ რომ მე ეს ყველაფერი მაკლდა. მე ახლაც არ მაქვს ჩემი სახლი. არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც ყველაფერი მაქვს. სტუდენტი რომ ვიყავი და სახლში ჩავდიოდი, დედაჩემი ტირილით მაცილებდა, ათ მანეთსაც ვერ მატანდა. ნახევრად მშიერმა დავამთავრე უნივერსიტეტი. მე ცნობიერად ხანდახან გამკრავს კეთილდღეობაზე ფიქრი.


– რომ არა სიკეთე, ბოროტებას რით დავამარცხებდით?


– ვერაფრით. ბოროტება არის სიკეთის ნაკლებობა. ამიტომაა, რომ ბოროტებას ვერ შეებრძოლები, როგორ შეებრძოლები ოთახში სიცივეს, გადი, შე წყეულოო, რომ უთხრა, გავა? სითბო უნდა დაანთო. სიკეთე არის რეალობა, ბოროტებას, თავისთავად, არსებობა არ აქვს, ეს არის არასწორი ხედვა, არასწორი მოქმედება, შენ არქმევ ბოროტს, იმიტომ რომ ვერ გაუგე. ბავშვი ხეს რომ დაეჯახება, ხე ბოროტია მისთვის. ბოროტება არის არა ხე, არამედ მისდამი არასწორი დამოკიდებულება. ბოროტებას არა მასთან ჭიდილი, არამედ ცოდნა მოსპობს, დანახვა და მერე სიბრძნე, თუ როგორ გადააკეთო ის სიკეთედ. ამიტომ, როცა ბოროტება მრავლდება, შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, რომ მეტი აქტიურობით გაანელო, გამოწვევას გიწყობს, რომ შენ ინერტული არ გახდე.

წყარო: თბილისელები