ასაკს მიღმა ...

  • თბილისელები
  • 1 აპრილი 12:46

ბევრი რამ ნახეს, ბევრ რამეზე თვალი დახუჭეს და მერე გაახილეს. ერთბაშად ახალი ცხოვრება აღმოაჩინეს და საკუთარი მე იპოვეს.

მგრძნობიარენი და გულჩვილები არიან. ზოგჯერ დაუცველებიც. მიამიტები და მიმნდობნი, თითქმის ისევე, როგორც ჭაბუკობისას. დიდი ხანია, დაავიწყდათ თინეიჯერობის ასაკის უხეში რომანტიკა, სილაღე და ენთუზიაზმი, რაციონალური შეუპოვრობაც, ისეთი, მხოლოდ გოგონებს რომ ახასიათებთ.
ცხოვრება ადვილი არ ყოფილა. მაგრამ ისევ სწამთ უკეთესობის, ვინაიდან უარესობა, როგორც წესი, უკვე შეემთხვათ და გადარჩნენ, რომ უკეთესობის თავიდან ერწმუნათ. ისინი იღებენ კიდეც უკეთესს. განჭვრეტის უნარი აქვთ იქ, სადაც სხვები ვერაფერს ამჩნევენ. მათი ხელები საუკეთესოა, მათზე ჩაბღაუჭება კი – დიდი შვება.


ისინი ლამაზები არიან. რადგან საკუთარი თავის სიყვარული ისწავლეს. ახლა ისინი ნებისმიერს შეუყვარდება.


მათ ახლა უკვე ზუსტად იციან, რომ ყველაზე მთავარი სულაც არ არის ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ, ინტერნეტში წერენ, სოციალურ ქსელებში პოსტავენ ან ტრენინგებზე ყვებიან. იციან, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი თავად ცხოვრებაა: მისი გემო, რიტმი, სუნი, თითოეული დღით ტკბობის უნარი. მათ უკვე შეწყვიტეს აქტიური ძიება, რადგან უკვე იპოვეს ის, ვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ეძებდნენ – საკუთარი თავი და აღმოჩნდა, რომ ასეთი ნამდვილები ძალიან საინტერესონი არიან გარშემო მყოფთათვის – თითქმის ყველასთვის, განსაკუთრებით, ღირსეული მამაკაცებისთვის.


ზრდასრულ – ორმოცი, ორმოცდაათი წლის ასაკში ქალები საშინლად ცნობისმოყვარენი არიან. გარშემო იმდენი საინტერესო რამ არის – ცეკვა, იოგა, ტრენინგები, მოგზაურობა, კულინარია… ისინი ქმნიან ცხოვრებას, საკუთარი ტალანტების აღმოჩენით ტკბებიან, ხატავენ, ძერწავენ, მთებს იპყრობენ და მათ ყველაფერი გამოსდით.


ამ ასაკში ქალები სულაც არ არიან დეიდები. მოკლე კაბებიც აცვიათ და ჯინსებიც. ბიჟუტერიაც უყვართ, ბებიების ნაქონიდან დაწყებული ინდურით დამთავრებული, ძვირფას სამკაულებს კი ზარდახშაში ყრიან. მათ უკვე აღარ სჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ბრილიანტებიც აქვთ. მათთვის უკვე მნიშვნელოვანია ის, რაც მართლა მოსწონთ. არ სურთ ინფორმაციის მიღება მოდური ტრენდებისა და ამ სეზონის ჰიტის შესახებ. მთავარია, მათ რა ელამაზებათ.


მათ თითოეული წუთის ფასი იციან, არსად აგვიანებენ, ყველაფერს ასწრებენ, რადგან არსად ეჩქარებათ.
ისინი არ ცდილობენ რაღაცის მიღწევას, ისინი არ იბრძვიან რაღაც მიზნებისთვის და არ ცდილობენ რაღაცის მოპოვებას, ისინი, უბრალოდ, ცხოვრობენ და ზუსტად იციან, ხვალ ყველაფერი გაცილებით საინტერესო იქნება…

წყარო: თბილისელები