როგორ შფოთს აღძრავს მტერი ჩვენს სულში

  • თბილისელები
  • 22 მარტი 14:08

შემოგთავაზებ მაგალითს, თუ ვითარ შფოთს აღძრავს მტერი ჩვენს სულში, რომ იმ საქმის წარმართვაში დაგვაბრკოლოს, რომელიც შედარებით დიდხანს უნდა გაგრძელდეს.

მაგალითად, როდესაც ავადმყოფი განეწყობა, მშვიდად დაითმინოს სნეულება და ითმენს კიდეც. მტერმა უწყის, რომ ამგვარად ეს ადამიანი განმტკიცდება მოთმინების ღვაწლში, ესხმის თავს, რომ დაშალოს მისი კეთილი განწყობილება. ამისთვის გონებაში წარმოუდგენს უამრავ კეთილ საქმეს, რომელთა აღსრულებასაც ჯანმრთელ მდგომარეობაში შეძლებდა და ცდილობს, დაარწმუნოს, თუ როგორ სათნოეყოფოდა ღმერთს და რამდენ სიკეთეს მოუტანდა თავის თავსაც და სხვებსაც ჯანმრთელი რომ ყოფილიყო: ივლიდა ტაძარში, ისაუბრებდა, წაიკითხავდა და დაწერდა მოყვასისთვის სასარგებლოდ და სხვა. როდესაც შეამჩნევს, რომ ეს აზრები მიუღებელია, მტერი გაახშირებს მათ აღძვრას გონებაში, ამრავლებს და ამრავალფეროვნებს, მიჰყავს გრძნობებამდე, გამოიწვევს სურვილებსა და აღტყინებას იმ საქმეების მიმართ, წარმოუდგენს, რა კარგად წარმართავდა მათ და აღეძვრება დანანება, რომ ხელ-ფეხი აქვს შეკრული. თანდათან, ასეთი აზრებისა და მოძრაობების ხშირი გამეორებით, სინანული უკმაყოფილებასა და დანანებაში გადადის.


ამრიგად, წინანდელი კეთილი განწყობა იშლება და ამგვარად ავადმყოფობა წარმოდგენილია არა როგორც ღმრთისაგან მოვლენილი საკურნებელი საშუალება და ხელსაყრელი ასპარეზი მოთმინების მოსაპოვებლად, არამედ გადარჩენის საწინააღმდეგო, მტრულ რამედ და მისგან გათავისუფლების სურვილი დაუოკებელი ხდება, ვითომდა იმ აზრით, რომ ავადმყოფობისგან გათავისუფლებით ჰპოვოს ასპარეზი, სათნოეყოს და ემსახუროს ღმერთს ყოველივეში. როდესაც აქამდე მიიყვანს, მტერი გონებიდან და გულიდან წარსტაცებს გამოჯანმრთლებისთვის ზრუნვის ამ კეთილ მიზანს და რჩება მხოლოდ სურვილი ჯანმრთელობისა ჯანმრთელობისთვის, აიძულებს დანანებით უყუროს სნეულებას არა როგორც წინაღობას სიკეთის გზაზე, არამედ თავისთავად მტრულ მოვლენას, ამის შემდეგ მოუთმენლობა ძალას იკრებს, დრტვინვაში გადადის და უწინდელი მოთმინებით მოპოვებულ სიმშვიდეს აკარგვინებს. მტერი ხარობს, რომ მოახერხა მისი ცდუნება. მსგავსადვე აშლის ღარიბს, რომელიც მოთმინებით ითმენს თავის ხვედრს, როდესაც წარმოუდგენს, როგორი კეთილი საქმეებით დამშვენდებოდა, სიმდიდრე რომ ჰქონოდა.


ასევე, მტერი ცდილობს, რომ მათ, ვინც მონასტერში ან მოძღვრის ხელმძღვანელობით მორჩილების ღვაწლს შეუდგნენ, ხელი შეუშალოს. ცდილობს, დაარწმუნოს ისინი, თუ ცხოვრებას ამ წესით გააგრძელებენ, სასურველ სრულყოფილებას დიდხანს ვერ მიაღწევენ და მათში განმარტოების ან უდაბნოში გასვლის სურვილს ამძაფრებს. არცთუ იშვიათად მას ასეთ შთაგონებას ემორჩილებიან კიდეც, მაგრამ როდესაც განმარტოვდებიან, მარტო დარჩენილნი მყისვე მცონარებას ეძლევიან და კარგავენ იმას, რაც მორჩილების ღვაწლით ჰქონდათ მოპოვებული.


საწინააღმდეგოც ხდება: მტერი ახერხებს, მეუდაბნოე და დაყუდებული ბერი დაარწმუნოს, თითქოს იგი უდაბნოში თავისთვისაც და სხვებისთვისაც სრულიად უსარგებლოდაა დაყუდებული. მაშინ, როდესაც მონასტერში დღედაღამ უამრავ კეთილ საქმეს აღასრულებდა. როდესაც მეუდაბნოე გულს მიაპყრობს ამ გულისთქმას, მონასტერში ბრუნდება, ვერც კი ასწრებს იმ კეთილი საქმეების აღსრულებას, რისი იმედიც ჰქონდა, იმასაც კარგავს, რაც უდაბნოში მოიპოვა კეთილი ღვაწლის მეოხებით და ხელცარიელი რჩება.
უამრავი მსგავსი მაგალითია, როდესაც მტერი ახერხებს ერთი საქმიდან სხვა საქმეზე – ერთი შეხედვით უფრო სასარგებლოზე მიგიტყუოს და ამგვარად ორივე დაგაკარგვინოს.


ამგვარი ხიბლისაგან თავს ადვილად იხსნის ის, ვისაც გამოცდილი მოძღვარი და მრჩეველი ჰყავს და თავმდაბლურად დაემორჩილება მათ მითითებებს. ხოლო ის, ვინც რაღაც მიზეზის გამო მოკლებულია ასეთ მადლს, დაე, ყურად იღოს და ისწავლოს კეთილის გარჩევა ბოროტისაგან ქრისტიანულ საწყისებზე, რომლის მიხედვითაც უნდა მიმდინარეობდეს ყოველი ჩვენგანის ცხოვრება, რადგანაც შემთხვევები, რომლებიც ჩვენი აზრით, სათნოებათა გამრავლებაში გვიშლიან ხელს, ჩვენს ნებაზე არ არის დამოკიდებული, არამედ ღმრთისგან არის გამოგზავნილი, ამიტომ მიიღე ისინი მორჩილებით და არ დაუჯერო არანაირ ჩაგონებას, რომელიც ცდილობს, მორჩილების გზიდან გადაგახვევინოს. როდესაც ასეთ შემთხვევას გიგზავნის, ღმერთი არაფერს ელის შენგან, გარდა იმისა, რომ ამ შემთხვევის შესაბამისად მოიქცე. სნეული ხარ თუ უპოვარი, დაითმინე, არაფერს, გარდა მოთმინებისა, შენგან ღმერთი არ ითხოვს. თუკი მოითმენ მხნედ, მოუკლებლად იქნები კეთილი საქმის აღმსრულებელი. რამდენჯერაც მოგხედავს ღმერთი, იხილავს, რომ სიკეთეს იქმ, რადგანაც მხნედ ითმენ, მაშინ, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი კეთილ საქმეებს წყვეტილად აღასრულებს, ამიტომ თუკი მდგომარეობის შეცვლა გსურს, იცოდე, რომ გსურს უკეთესის შეცვლა უარესით.


წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი.

წყარო: თბილისელები