შვილის ქმრის სახლში ჩასიძება ოჯახს მინგრევს

  • თბილისელები
  • 21 მარტი 13:45

ყოველთვის ვუგებდი ჩემს ქალიშვილს და ვამბობდი, ვინც არ უნდა შეიყვაროს, მის გვერდით ვიქნები-მეთქი. სწორედ აქ ვცდებოდი.

როცა გამომიცხადა, რაიონელი ბიჭი მიყვარსო, თავში ხელი შემოვირტყი, მაგრამ გვიანი იყო. ჩემი ბრალია. ვიცოდი, ის ბიჭი რომ ეპრანჭებოდა ჩემს გოგოს. მეზობლად ცხოვრობდა ქირით და ყოველდღე ჩვენს კორპუსთან იყო აყუდებული. არ ვიცი, რამ დაუბნელა ჩემს გოგოს თვალები და რამ შეაყვარა. რომ გამომიცხადა, ცოლად უნდა გავყვეო, ლამის მიწა გამისკდა და ჩავვარდი. მივხვდი, ამ ამბავს რაც მოჰყვებოდა – უნდა ჩამსიძებოდა და ჩემი ქმარი ამას ვერ აიტანდა. ჩემს მეუღლეს რთული ხასიათი აქვს, ხელის შეწყობა უნდა. სამსახურიდან რომ მოდის, ფეხის წვერებზე დავდივარ. არ მინდა, გადაღლილს, სახლში დისკომფორტი შევუქმნა. ვცდილობ, ოჯახურ საქმეებსაც მოვარიდო და ყველაფერი ჩემს თავზე მაქვს აღებული.


მოკლედ, ჩემი გოგო რომ გათხოვდა, დედისერთას და ხელისგულზე გაზრდილს, ნამდვილად ვერ გავუშვებდით საცხოვრებლად მიყრუებულ რაიონში და მისი ქმარი ჩავისიძეთ. იმის მაგივრად, თავდახრილი დადიოდეს და მორიდებულად იყოს, ისე აქვს აწეული თავი და ისე გაითავისა ფუფუნებაში ცხოვრება, სტუმარი მე და ჩემი ქმარი აღმოვჩნდით. ხან ძმაკაცების ამოყვანა და ქეიფი მოინდომა, ხან სანათესაოს დაპატიჟება და ყოველდღე სტუმარი არ გველევა. ჩემს ქალიშვილს რომ ვუსაყვედურე, მითხრა: ახალი დაქორწინებულები ვართ, რა მოხდა, ცოტა ხანი აიტანე სტუმრიანობაო. კი ბატონო, მე ავიტან და მოვემსახურები, მაგრამ მამამისი რომ გადღლილ-დაქანცული მოდის, დღე და ღამე იმას ფიქრობს, საიდან მოიტანოს ფული და როგორ გვარჩინოს, იმას რა ვუთხრა? მოითმინე სახლში ყაყანი და ხმამაღალი მუსიკა-მეთქი? მარტივია სავსე ოჯახში შესვლა და ფეხი-ფეხზე გადადებული ჯდომა. როგორც ვატყობ, ჩემს სიძეს მუშაობა არ უნდა, მარტო წევს და თუ სუფრას გავშლი, მიუჯდება და გემრიელად ილუკმება. საიდან რა მოდის, არც კითხულობს. ამას წინათ, დედამთილმა ჩემს გოგოს ფული გამოუგზავნა, თან, შემოუთვალა: ახალი გათხოვილი ხარ და შენთვის რამე იყიდეო. ის რას ეყოფოდა? მამამისმა დაუმატა და წაბრძანდნენ მაღაზიებში. იქიდან რომ დაბრუნდნენ, ჩემს შვილს თვალები აწითლებული ჰქონდა. მივხვდი, ნამტირალევი იყო, მაგრამ არ ჩავეძიე. ვიფიქრე, მისი ქმარი რომ ოთახში შებრძანდება, მერე გამოვკითხავ, რა მოხდა-მეთქი. ვაჟბატონმა ტანსაცმელების ამოლაგება რომ დაიწყო, აღარც დამჭირდა კითხვა. მივხვდი, ყველფერი თავისთვის უყიდია. კი გავიფიქრე, ახია ამაზე, ასეთ ბედოვლათს რომ გადაგვყარა-მეთქი, მაგრამ მაინც დედა ვარ და შემეცოდა. მერე მითხრა: მინდოდა იმ ფულით ოქროს სამკაული მეყიდა, რომ დაქალებისთვის მეთქვა, დედამთილმა მიყიდა-მეთქი და ამან კი, სულ თავისთვის იყიდა, ფული ვერ გამოვგლიჯე ხელიდანო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი ქმრის ჩასიძების გამო, ჩემს ქმართან მომდის უსიამოვნება, ვცდილობ, შვილს ხელი დავაფარო და ამის გამო ქმართან გამიუარესდა ურთიერთობა.


ვხვდები, აღარ უნდა სახლში ყოფნა და რამდენჯერმე ღამითაც არ მოვიდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, საყვარელი გაიჩინა და იმასთან რჩება. ფაქტია, სიძის გამო ქმარს ვკარგავ. არადა, რამე რომ ვთქვა, ქალიშვილს ვაწყენინებ. ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო. შვილს ხომ არ ვკრავ ხელს და რაიონში საცხოვრებლად არ გავუშვებ? ქმრის დაკარგვაც არ მინდა. საგონებელში ვარ ჩავარდნილი და გამოსავალს ვერ ვხედავ. ჩემი შვილისთვის თავიდანვე რომ გამეწია წინააღმდეგობა და დამეშალა მასთან შეხვედრები, საქმე აქამდე არ მივიდოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ეს ამბავი მათი დაოჯახებით დასრულდებოდა და ჩემს ოჯახსაც საფრთხეს შეუქმნიდა.


ნინო, 45 წლის.

წყარო: თბილისელები